შენს დალალს გაშლილს


მათ ვინც მე მიყვარს,
არ სჭირდებათ არავის დაცვა,
მათ ვინც მე მიყვარს,
სიზმრებიდან ვეამბორები...
თუმცა სიშორემ თბილისურმა,
ლამის ჯვარს მაცვა.
და დამავიწყა შენი სავსე
მკერდის გორები.

არ მახსოვს სუფრა შენს
ეზოში გაშლილი გული...
არ მახსოვს მზერა
პატარძალის, ფაიტონიდან.
აქ მხოლოდ მზეა...
ევროპის მზე, ძმად რომ
ვიგულე...
მაგრამ ჩამოვალ და ერთ
კოცნას მაინც მოგიტან.

რა გამაჩნია?
რა გამაჩნდა?
ან რას ვაგულებ?!
ამ საუკუნეს, მტკვარზე
მღვრიეს, თანაც საჩემოს...
გული კი არა?! ბომბი
მიცემს ახლა საგულეს,
რომ ვერ გიყურებ
მამაჩემო!
და
დედაჩემო...

ჩემი ცხოვრება შეიცვალა,
ბედმა მაჯობა...
ვერ გაგახარებთ და ვერ
გეტყვით დავბრუნდებითქო.
გთხოვთ მაპატიოთ...
მაპატიოთ ყველა ქაჯობა
და
ყველაფერი, ყველაფერი
მინდა შემინდოთ.

არ მახსოვს შიში
შენს თვალებში
ვულკანის ლავა...
არ მახსოვს ერთად,
რომ ვიყავით, თუ
ვოცნებობდით?!
ავად ვიყავი...
რად ვერ მიხვდი?
საშინლად ავად.
შენ მაცილებდი ცივი
მზერით,
მძიმე ჩემოდნით.

მე სული დამრჩა მეტეხსა
და
ანჩისხატს შუა...
შენი სურნელიც თან
გამომყვა...
საუბედუროდ.
ვიყო მხატვარი...
დავასხავდი შენს ხსოვნას
გუაშს,
არ მინდა საბნად სიყვარული
ჩემი გეხუროს...

რამდენმა ქარმა ჩაიარა?!
ნახევარ წელში...
ან რამდენ ტანჯვას
და წამებას
დრო
განახებდა?!
სახე წავშალე...
ცრემლებს შენსას,
ვერაფრით ვერ ვშლი...
დაგელოდები...
ყვავილებთან...
და ბალახაბთან...

ღმერთმა დაგლოცოს...
პატარავ და ცნობისმოყვარევ,
ღმერთმა დაგლოცოს...
შეურყვნელი შენი ასალით.
მე კი დამმარხეთ!
მუჭით
მიწა შემომაყარეთ!
უკანასკნელად...
ლექსის წერა
ოღონდ მაცალეთ...

რამდენმა ქარმა ჩაიარა?!
ნახევარ წელში...
ვერა რა წაშლის!
ვერა რა წაშლის!
ვერა რა წაშლის!
ჩემს ხსოვნაში,
შენს დალალს
გაშლილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი