წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი (ძველ ქართულად)


რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე ძისა საბანისი ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა

პირველი თავი: ღმრთისმსახურთა და მარტჳრთმოყუარეთა კრებულისათჳს თხრობაჲ და უწყებაჲ [და] მოძღურებაჲ და ახლისა ამის მოწამისა ჰაბოჲს ჴსენებაჲ.
მეორჱ თავი: ქართლად შემოსლვაჲ და ნათლისღებაჲ წმიდისა და ნეტარისა ჰაბოჲსი.
მესამჱ თავი: მარტჳრობაჲ წმიდისა ჰაბოჲსი.
მეოთხჱ თავი: ქებაჲ სანატრელისა მოწამისა ჰაბოჲსი.

პირველი თავი

ღმრთისმსახურთა შეკრებულთა მათ უწყებაჲ და მარტჳრთმოყუარეთა მათ სწავლაჲ და ახლისა ამის მოწამისა მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივცნობილთა და ღმრთისმცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა, არამედ მონად ამისთჳს, რამეთუ „პატიოსნითა სისხლითა” მისითა „სყიდულ ხართ“ თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და მისნი დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ-გჳღებიეს.

აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ, სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ-ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა ამისთა მოწამეთათჳს. შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ, რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ეკლესიათამან, ვითარმედ: „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“; და უფალი იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „მე მოვიდე და დავემკჳდრო თქუენ შორის“, და წმიდასა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ: „სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს“.

ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, – რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.

და არათუ ჩემდა ხოლო მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳრობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არსთქუენდა დაკჳრვებად ჩემ თანა, რომელნი-ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშჳდესა დარსა ზედა ჰსდგათ, რომლისა ჟამისათჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი ჰსცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ“, და მოციქული პავლე მიჰსწერს ტიმოთესა, ვითარმედ: „მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულისთქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი მათნი გარემიაქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“, რომელიცა-ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის. რამეთუ რომელნი-ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა თჳთ თავით თჳსით შჯულისდებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა, და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსღა შჯულდებულ ყოფილ არიან წმიდითა მადლითა ნათლისღებისაჲთა. მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით და რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი-ესე ვართ-ღამორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი, ქარისაგან ძლიერისა აღძრულნი. არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა არა განეშოვრებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა.

ესევითარსა შინა ჟამსა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არათუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი სარწმუნოვებისაგან ჩუენისა, უცხოჲ უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა, რომლისათჳს დღეს კუალად ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გჳრგჳნოსან-ყო ეკლესიაჲ, და ყოველი კრებული ქრისტეანეთაჲ ერთბამად განანათლა; ყოველნივე პირნი ღირს-იქმნნეს ამას დღესა გარდამატებულისა მადლისა შეწირვად ქრისტჱს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ მრჩობლ-იქმნა დღესასწაული ესე ღმრთისგამოცხადებისაჲ და მადლმან ღმრთისა მამისამან გამოჩინებითა მით ჩუენდა საყუარელისა ძისა თჳსისაჲთა და გარდამოსლვითა სულისა წმიდისა მისისაჲთა სარწმუნოვებითა შეთხზული იგი გჳრგჳნი მარტჳრთა თჳსთაჲ დადგა თავსა ეკლესიაჲსასა, რომლისაგანცა სიმრავლჱ იგი დღესასწაულთაჲ, ვითარცა გჳრგჳნი, გარემოადგს, და ღმრთისმოყუარეთა მათ ჩუეულებაჲ აქუს მარადის შემოკრებად მას შინა საღმრთოჲსათჳს დიდებისა. რამეთუ ერთად შეკრებითა მით მათითა მრავალი ღმრთისმსახურებაჲ აჩუენიან, არათუ ცუდთა განცხრომათა და ჭამადთა ნაყროვნებისა უძღებებაჲ შორის მათსა იპოვის არამედ ყოველთა წილ საჭმელთა გემოვანთა ძალი იგი საღმრთოთა სიტყუათაჲ ტკბილად გამოვალნ პირით, რამეთუ სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ ოხრინ შორის მათსა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფალო, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“, რამეთუ შეკრებასა მას ჭამადთასა განძღებაჲცა აქუს, ხოლო ღმრთისა სიტყუათა ჴსენებასა არა აქუს განძღებაჲ ღმრთისმოყუარეთა სულთა და კუალად „წმიდათა მათ მარტჳრთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳრთმოყუარჱ“? და ერთგულებაჲცა აქუს უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა“. ამისთჳს უფროჲს გულსმოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათი: მუნ შუვა-წარმოიხუნიან სიტყუანი იგი ცხოვრებისანი, მუნ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოვებაჲ აღორძნდებინ, მუნ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მოძღურებანი იგი მადლისანი, მამათმთავართა იგი შუენიერებაჲ, წინაწარმეტყუელთა იგი დიდებაჲ, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღუაწებაჲ, ქრისტჱსი იგი თავსდებაჲ ჩუენთჳს – ვნებაჲ, რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაპუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულებამოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳრთაჲსაჲ, და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ, მოწაფეთა და შვილთა ეკლესიაჲსათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ჴმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობისა შემსხმელთა და სული წმიდაჲ იხარებნ შორის მათსა თავყუანისცემული, და მამაჲ იდიდებინ და კაცთმოყუარებაჲ იგი და ქველისმოქმედებაჲ ძისაჲ იქადაგებინ. რამეთუ ყოვლისა-მპყრობელმან ღმერთმან და დიდად-უხუმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვაჲ კაცთაჲ და სიყუარულისათჳს კაცთაჲსა ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეიმოსნადა წმიდითა მით ჴორცითა მისითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა, დაცემულსა, ზეცად აღუწოდა და მიუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირს-ყო (რომელი-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელი-იგი იყო, – დიდებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ) იესუ ქრისტჱსსა მას დამდაბლებასა ჩუენთჳს, რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანააღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს, რომელი-იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახითა, ერთი ძჱ, ღმრთად და კაცად თჳნიერ განყოფათა, იქადაგების იგივე „სახელით ენმანუელ – ჩუენ თანა ღმერთი“ და კაცი, რაჲთა „სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუჴლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან მან აღუაროს“ სახელსა მისსა, რამეთუ საშინელ და წმიდა და ყოვლადძლიერ და საკჳრველ და უფალ და ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი; ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულსმოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ, რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შე[მ]დგომად ჴორცთშესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳს უკუეთუ შემძლებელ – ვიქმნე თითოეულისა ამის სახელისდებისათჳს ჭეშმარიტი უწყებად თქუენდა, გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱსმოყუარეთა.

„კ ა რ” ეწოდა რამეთუ თქუა: „მე ვარ კარი ცხოვართაჲ“, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფევლისასა, შევალთ.
„გ ზ ა” ეწოდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ“, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.
„ტ ა რ ი გ” ეწოდა, „რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა“, და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხოვრებასა საუკუნესა მოგუანიჭებს.
„მ წ ყ ე მ ს” ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. ჭეშმარიტად, რამეთუ ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა მით ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველშექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი გესლეანისა მის მგლისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: „იწყლა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით“.
„ ლ ო დ ს ა კ ი დ უ რ ” ეწოდა წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულბ იქმნა მღდელთმოძღუართა მათგან და მწიგნობართა, ნათესავისაგან ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცისკიდეთა იქმნა.
„მ ა რ გ ა ლ ი ტ” ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარ-გალიტი შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთ ისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოვებითა ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალსასყიდლისასა ყოვლისა საფასისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.
„მ ა რ ი ლ” ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთმსახურებისაჲ განგუაშოვრა და სულნი ჩუენნი სარწმუნოვებითა ღმრთისმსახურებისაჲთა სულნელად შეჰზავნა.
„ყ უ ა ვ ი ლ” ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოჰსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.
„ა ნ გ ე ლ ო ზ” ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაწარმეტყუელისა მიერ „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი“, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოივლინა.
„კ ა ც” ეწოდა, რამეთუ თქუა წინაწარმეტყუელმან: „კაც არს და ვინ იცნას იგი“. ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა.
„ღ მ ე რ თ” ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ: „ღმერთ იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რომელი რაჲ იქმნა“.
„ნ ა თ ე ლ” ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“.
„ქ უ ე ყ ა ნ ა” ეწოდა, ვითარცა თქუა დავით: „ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთო ჩუენო!“ ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცი, ვითარცა შუენიერი ჯეჯილი, აღმოჰსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი, და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო.
„მ ა რ ც უ ა ლ მ დ ო გ ჳ ს ა “ ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მისთანა.
„მ ა ტ ლ” ეწოდა, რამეთუ თქუა: „მატლ ვარ და არა კაც“ გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა დაფარა ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისათჳსცა იტყჳს: „შეიპყრას ვეშაპი იგი სამჭედურითა და განიღო დანდალი ყბასა მისსა და ხრატუკი ცხჳრსა მისსა“, ესე იგი არს ეშმაკი, რომელ შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: „შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის“.
„მ ზ ე ს ი მ ა რ თ ლ ი ს” ეწოდა, რამეთუ თქუა წინაწარმეტყუელმან: „და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშეფრთეთა მისთა“, რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და „არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა”.
ხოლო ესე არათუ რაჲმე თავით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱსმოყუარენო და სწავლისმოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა [ჳ 411] და მოციქულთა ქადაგებისაებრ და წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოვებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოვებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, ესე, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრებისმომცემელო, შენ მიერ მოღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოვებაჲ დიდ მოძღურება არს, ამით მადლითა თავყუანისგცემენ შენ მართალნი, გაკურთხევენ შენ წმიდანი, აღგიარებენ შენ მარტჳლნი და შენთჳს დევნულებად ღირს-იქმნებიან, რომელმან ივნე ჩუენთჳს, ქრისტე ღმერთო, მოწამე არიან შენდა და შენ გევედრებიან და ცთომასა მას ეშმაკისასა და მსახურთა მისთა მძლავრებასა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოვებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ – ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისთა და იაკობისთა“. აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოვებაჲ და წოდებულ არს დედადწმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამჱნ.

მეორჱ თავი

ქართლად შემოსლვაჲ და ნათლისღებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადრნესე კურაპალატისა და ერისმთავრისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა-იგი მან აღაშჱნა. ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსჱ, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ნებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილა ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველისმოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი. და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.

მნებავს აწ, ქრისტჱსმოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა ამის მოწამისა ჰაბოჲსთჳს, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა.

ესე ნაშობი იყო აბრამეანი ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არათუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულადცა, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნიიყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა ჭაპუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერისმთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა, რამეთუ იყო იგი ჴელოვან, კეთილადშემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა.

ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი მისი არათუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა-იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ“. ეგრჱთვე ესე კუალად, ნაშობი აბრაჰამისი, არათუ თჳსით გონებით, არამედ წამისყოფითა ღმრთისამიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამაჲ და დედაჲ და ძმანი და დანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, ვითარცა-იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, და წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს. და რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა. და თჳსითა სათნოვებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად.

მაშინ იწყო ზედამიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას, და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაწარმეტყუელოთა და მოციქულთა. და მრავალთაგან შჯულისმეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ, ხოლო რომელთამე რეცა-თუ ცილობით წინააღუდგებინ, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას.

და ესრჱთ სრულ-იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მიერ. მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტჱ ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი“. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად ილოცავნ და იმარხავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისმპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან.

და იყო, მათ დღეთა შინა კუალად იყო განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათგან სარკინოზთა ნერსე ერისთვისა ზედა და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდა მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარიალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა იგი, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც. და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბო. ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი – კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლისმჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან.

და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისა და სივლტოლისათჳს მტერთა მისთაჲსა და ჰსცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.

მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშოვრებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთაჲსა, იწრაფა მან მიახლებად ქრისტესა და ნათელ-იღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა, რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოვებითა ქრისტჱსითა ცხონდებიან უზრუნველად.

მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვა სადა ლოცვასა დაუბრკოლებელად.

მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტევოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგებნი და ყოველნი

სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოლადვე არა იციანღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა მათ გზათა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა.

და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. და ვითარცა იხილა ნერსჱ დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.

მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის-ჰსცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა მათ ცხოვრებისათა და ახარებდეს მას ქრისტჱსთჳს და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოვებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა. და ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოვებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა; ტრაპეზუნტიაჲ, მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთსადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთამეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოვლისასა.

ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მათ მის ადგილისათა გარდამატებული ღმრთისმოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ: „კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის“, იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა თთუესა მას იანვარისასა ათჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებასა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაპუკისა თჳსისათა, „რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად“. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა ჰსძლო ეშმაკსა ლოცვითა მით და მარხვითა მით წმიდითა ორმეოც დღე. ეგრჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ესრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა, კჳრიაკესა და დღესა შაფათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა. მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჰჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.

ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოს, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედისა ძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერისმთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ-იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაჲ არა განიშოვრა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულსმოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერითურთ მისით. და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა მას: „ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანებით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად გარდაგდრიკონ შენ სარწმუნო[ვ]ებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარჰსწყმიდო. ხოლო ნეტარმან მან ჰაბო ჰრქუა მას: „სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშოვრა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს-მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო მე სახელი მისი; დაღაცათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშოვრონ მე სიყუარულსა ქრისტეს უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ჩემი აქა ყოფაჲ, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱსმბრძოლთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისაგან სახარებისა თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არასადა დავემალო მე შიშისათYს სიკუდილისა, რამეთუ ვისწავე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“; ამისთჳს არა მეშინის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან“.

და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა. და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლად და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე ჰსდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს, ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა, არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ „ვერვინ მიყვნა ჴელნი მის ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულიყო ჟამი მისი, ხოლო კაცთა ქრისტჱსმოყუარეთა, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ კეთილი სათნოვებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.

მესამჱ თავი

წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

რომელნი ხართ ქრისტჱს მოყუარენი და მარტჳრთმოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისაჲ და ქრისტჱსმოღუაწისაჲ, რომლითა სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ!

სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომითგან რვაას ოთხმეოცდამეათესა, მეფობასა კოსტანტინეპოლეს, ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კოსტანტინჱსსა, ძისა ლეონისსა, და სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა მუმნისასა, ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერისთვობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამითგან გარდასრულთაწელთა ექუს ათას ოთხას ოცდამეოთხესა წელსა, თთუესა იანვარისასა ექუსსა; დღესა პარასკევსა, განცხადებასა, შევისწავეთ მარტჳრობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილადმოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს.

ხოლო იყო ესრე სახედ:
რამეთუ მცირედ უწინარჱსრე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელი იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსაარებისათჳს შეაყენეს იგი საპყრობილესა. ხოლო შემდგომად რაოდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ ერისთავმან ქართლისამან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა. და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა; შეიზრახნეს შეთქუმით ურთიერთას წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს, და ჰრქუეს მას: „არს ქალაქსა ამას შინა ჭაპუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხოვრებულ შჯულითა მით, რომელი მოგუცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი ტანჯვასა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა“.

და ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ: „აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად და ტანჯვად და გუემად“. და შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჰრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ: „მე არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა“. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად.

მაშინ მსახურნი იგი მის მსაჯულისანი შეემთხYნეს და შეიპყრეს ნეტარი ჰაბო და შეიყვანეს იგი წინაშე მსაჯულისა მის.

და ჰრქუა მას მსაჯულმან მან: „რაჲ არს რომელი-ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა“. ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრისტჱს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოვებისაჲთა და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა: „ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხონდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ, ხოლო ოდეს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიჴსნა მე იესუ ქრისტჱს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისხმა-მიყო მე უმჯობჱსი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ჴელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოვებასა სამებისა წმიდისასა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა,  და მე ამით ნათელ-მიღებიეს და ამასცა თავყუანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა“.

ჰრქუა მას მსაჯულმან მან: „დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ შენი და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ შენ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ“. ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: „ოქროჲ და ვეცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱსმიერი, გჳრგჳნი ცხოვრებისაჲ და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა“.

მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრჱთ შთააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ მე განსაკითხავსა და პყრობილობასა სახელისა შენისათჳს წმიდისა“. და იყო ესე თთუესა დეკენბერსა ოცდაშჳდსა, დღესა სამშაბათსა, ჴსენებასა წმიდისა ქრისტჱს მოციქულისა და პირველდიაკონისა და პირველმოწამისა, ერისმთავრისა მის ყოველთა მოწამეთაჲსა, წმიდისა სტეფანჱსსა. წესვე და შუენიერ ესრჱთ იყო, რაჲთა იღუწიდეს მისთჳს ერისთავი იგი ყოველთა მარტჳ[რ]თაჲ მისთანათა მათ თანა ყოველთა მოწამეთა, რაჲთა არა დაბრკოლდეს უკუანაჲსკნელიცა ესე მოწამჱ ქრისტჱსი თანაშერაცხად ახოვნებასა მას მათსა.

და იყოფოდა ნეტარი ჰაბო საპყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა დღჱ და ღამჱ განუსუენებელად და ჰყოფდა იგი ქველისსაქმესა, რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუმოძღუარნი იგი და შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა: „შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაპუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანებად და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშოვრები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი“. და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ: „რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტჱ იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ Kელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს, არათუ მოიქცე ჩუენდავე“. ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა. და შემდგომად-ღა მრავლისა სიტყჳსა მათისა ჰრქუა მათ: „ჩემდამო რასა იტყოდეთ, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი, ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. „განმეშოვრენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“. და ვითარცა ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხჳლეულნი.

და იყო ნეტარი ესე საპყრობილესა შინა ცხრა დღჱ, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამისთევით დაადგრის განთიადმდე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ: „ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა“. რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცუა მანსამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკუმეველი, და წარჰსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ; და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვა-ყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოვებისაგან ქრისტჱსისა და ღირს-იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა. ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მოიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელითა თჳსითა და დადგა იგი შორის საპყრობილესა მას შინა, და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადმდე, ყოლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდის აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი იგი დაიწუნეს ჴელთა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა, რამთუ იტყოდა მდგომარჱ იგიშეუძრველად, ვითარმედ: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“, და შემდგომნი სიტყუანი.

და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი. და თქუა ნეტარმან მან: „დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლისღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალითა ღმრთეებისაჲთა შემუსრა. ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა და შთავჴდე, ვითარცა სიღრმესა წყალთასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ-ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა ქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერმე კუალად შთავჴდე წყალთაცა და კუალად განვნათლდე (რამეთუ დღეს გარდამოსლვაჲ არს სულისა წმიდისაჲ ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ- იღებენ ქრისტჱსმორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა), და განშიშულებითა ჴორცთა ჩემთაჲთა მტერისა მის მზაკუვარისა მანქანებანი, რომელნი იზრახნა ჩემთჳს, განვბასრნე და დავტკებნნე ფერჴითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას. და კუალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა მით თჳსითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა განაქიქა და თითისსაჩუენებელ ყო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაჲ. აწ მეცა თანა-მაც, რაჲთა განუჴდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტჱსთჳს დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკუდილისაჲთა განმაშოვრა მე სიყუარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, ხოლო მე საყუედრელ-ვყო განზრახვაჲ იგი მისი და ვჰსძლო მას ქრისტჱსმიერითა შეწევნითა და ორკერძოჲვე იგი თანანადები უფლისა ჩემისაჲ გარდავიჴადო“.

მაშინ მოითხოვა წყალი და განიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა: „მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებლე, კეთილადშემზავებელ სულნელთა მათ ნელსაცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ ვითარცა „ქებასა შინა ქებათასა“ ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“, ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოვებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო ჩემო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!“

და ესე რაჲ თქუა, წარავლინა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი. იყო ჟამი იგი მესამჱ დღისაჲ მის დიდისადღესასწაულისაჲ, და ვითარცა მიიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლოჲ, თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრებისმომნიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევო მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მოვიღო მე სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღაცათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილსათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი ჩემ თანა ხარ“.

და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი და იჯმნა მან ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუამათ: „ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!“ და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდაიგი შორის ქალაქსა, და რომელნი

ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს, ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ; ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ!“ ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ-ექმნის მკუდარსა, ეგრე ჰხედვიდა თჳსსა მას გუამსა. და სულითა თჳსითა მოგზაურქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა“, და საგალობელად მუჴლისა მის თქჳს შემდგომად სიტყუაჲ იგი ნეტარისა მის ავაზაკისაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“.

და ესრჱთ მიიწია იგი წინაშე კარსა მას მსაჯულისა ამირისასა; და რაჟამს მივიდა, კადნიერად ჯუარი დასწერა კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა, და წარადგინეს იგი წინაშე ამირისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან: „რაჲ არს ჭაპუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ, კეთლი ანუ ბოროტი?“ ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: „მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!“ ჰრქუა მას მსაჯულმან მან: „არღარა დაგიტევებიესა სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი?“ ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: „უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს-ვიქმენ შემდგომად ქრისტჱსა!“ ჰრქუა მას მსაჯულმან მან: „არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?“ ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: „უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხონდე, ხოლო შენ რაჲსა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრეთ არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი, ხოლო გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას!“ ჰრქუა მას მსაჯულმან მან: „რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდილადცა არა გეწყალის თავი შენი?“ ხოლო ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: „უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაჲ მისი, შენცა გრწმენინ ქრისტჱ და ნათელ-იღე მისა მიმართდა მაშინღა ღირს-იქმნე სიტკბოებასა მისსა ცნობად“.

მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი კართა და თავისა მოკუეთაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა. და განჰჴსნეს იგი ჴელითა და ფერჴითა საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან მწრაფლ თავით თჳსით განხეთქასამოსელი იგი, რომელი ემოსა მას, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა: „გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს-მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!“ და ესე რაჲ თქუა, უკუნ-ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარისსახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა. და ჰსცეს მას მახჳლითა სამგზის, რამეთუჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა მახჳლისაჲთა განაშოვრონ იგი ქრისტესა. ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳრი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.

და ვითარცა იხილეს ქრისტჱსმბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა და სარწმუნოვებითა და მოთმინებითა [ჰ]სძლო მათსა მას სიბორგილსა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე ამირისა მის და ჰრქუეს: „ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრესახედ: თუ ვინმე თავი თჳსი მოიკლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივ-სციან მას დაფლვითა, და ტყუვილით რეცათუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განჰსთქუმიდიან ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალთა მისთა განიყოფედ რეცა საცოდ სნეულთათჳს და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან. აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტეანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა“. ამას დაღაცათუ შურისათჳს ქრისტეანეთაჲსა იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდეს, ვითარცა – იგი არიან ქრისტჱსმოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთა, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა და სარწმუნოვებითა. მაშინ ჰრქუა მათ მსაჯულმან მან: „წარიღეთ, ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!“

ხოლო იგინი მოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი ქრისტჱსმოწამისაჲ მის და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაკიდებელსა სამოსლით მისითურთ, და სისხლი იგი დათხეული მართლისაჲ მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არა დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭერსა შიდა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ სადაცა მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა მათ ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე ეგრე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა ორმეოცთა.

და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი მისი გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საღოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, და მუნ გარდამოიღეს ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნავთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და აღაგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელი არს აღმოსავალით-კერძო ციხესა მას ქალაქისასა (რომელსა „დილეგი” ჰრქჳან), პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱმდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი. ხოლო ადგილსა მას მათ თანა არავინ აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანი, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ მოწამისათაჲ, ხოლო ძუალთა მათ წმიდისათა, რომელთა ვერღარაუძლეს დაწუვად, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკრნეს მტკიცედ და მოიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ჴიდთაქუეშე ქალაქისათა, რომელთა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ. და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳრისა, რაჲთა არავინ უდებად მიეახლოს მას.

ქრისტჱსმბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.

მაშინ იწყო სიმრავლემან მან ქალაქისა ქრისტეანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდეს ყოველნი ადგილსა მას, სადა დაწუნეს ჴორცნი წმიდისა მოწამისანი; მოხუცებულნი მორბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაპუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ დედათა მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელი იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლადძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-ჰსცა თჳსსა მას მარტჳრსა და აჩუენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱსმოწამჱ არს.

ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუვეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი. და დგა იგი ზე ჰაერთა ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამესა მას, რომელი გამოუტევებდა ბრწყინვალებასა, არათუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველიერი და მკჳდრნი იგი ქალაქისანი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი; მყოვარჟამჰხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტეანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შიშმან შეიპყრნა იგინი საღმრთომან.

კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა ზედა და ჰაერსა ქუეშე ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ ღელვათა და მფოფინარეთა სიღრმეთა, სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივპატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდთა მათ ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოჲს კიდესა მის მდინარისასა კლდჱ იგი და კბოდენი და ჴიდნი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრჱთვე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ მის ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, მარტჳრ არს და გულისხმა – ყონ ყოველთა ქრისტჱსმორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-ჰსცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“. უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს, რომელთა ქრისტჱ უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!

ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ-არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსად-ღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამჱნ!

მეოთხჱ თავი

ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

აწ მოვედით, ქრისტჱსმორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულისა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილადმოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:

„გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ამის ჟამისაჲ მდღევრთა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!.

„გიხაროდენ უფლისა მიერ, მოწამეო, რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსაარებისათYს მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.

„აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლადქებულო ქრისტჱსმოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოვებისა შენისაჲ, და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შორის ჩუენსა. აწ ნუუკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ, არამედ შენ მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!

„გიხაროდენ,მოწამეო, უფლისა მიერ სანატრელო! რამეთუ შენ თუალითმხილველთა მათ და ჴელითმსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა უხილველად სარწმუნოვებითა და სიმჴნითა აღსაარებითა ნეტარებაჲ მოიგე.

„რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ გჳრგჳნოსან-გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!

„შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!

„შენ სულმან წმიდამან შეგიწყნარა და მამისა და ძისა თანა ერთობითა თჳსთა პატივ-გცა და ღუაწლისამძლედ გამოგაჩინა!

„შენ ზედა განუკჳრდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უჴორცომან დაითმინე სიკუდილი ქრისტჱსთჳს.

„შენთჳს მამათმთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანი შეიწყნარა წიაღთა თჳსთა ქრისტჱსთჳს, რომელი-იგი კარავსა თჳსსა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.

„შენ ქრისტჱსმოწაფეთა მათ ნაყოფ-ექმენ და მოციქულთა მოწაფე!

„შენ მოწამეთა მათ თანა ზეცისა მეუფისა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტჳ[რ]თა თანა გჳრგჳნოსან-იქმენ!

„შენ აღმსაარებელთა თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებულ ხარ!

„შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას მეფობისა ისმაიტელთა დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარცუმულსა მას თავყუანის-ეც უფლად და ღმრთად!

„ვინაჲ ანუ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ესთენი ესე ცნობაჲ? რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა?

„შენ ჭეშმარიტად მარჯუენითსა მას ავაზაკსა მიემსგავსე, რამეთუ გაქუნდა შენცა ერთი შენთანა პყრობილთაგანი, ნაშობი ქრისტეანეთაჲ, რომელი განდრეკილ იყო ქრისტჱსგან და მიდევნებულ შჯულსა უცხოსა, ხოლო კუალად ქრისტჱს აღსაარებისათჳს შენ თანა განიკითხვოდა, არამედ საწყალობელსა მას კუალადცა უბრკუმა დადაეცა, რამეთუ შიშისაგან სიკუდილისა საწუთროჲ ესე შეიყუარა და საუკუნოჲ იგი წარწყმიდა, მტერმან ბოროტმან აღიტაცა და ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ-იქმნა, რამეთუ მწყემსსა მას კეთილსა განეშოვრა და არგანი იგი ქრისტჱს ძლიერებისაჲ განაგდო ჴელთაგან თჳსთა; ამისთჳსცა იძლია და განვარდა სამწყსოჲსაგან პირმეტყუელთა მათ ცხოვართაჲსა. ხოლო შენ, სანატრელო მოწამეო, კუერთხითა მით ჯუარისა თჳსისაჲთა დაგიცვა ქრისტემან მსგავსად ძლიერისა მის სარწმუნოვებისა შენისა მისა მიმართ.

„შენ ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოვებითა და სამოთხესა განეწესე!

„შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერაბინთა ცეცხლისმსგავსთა ვერ განგიკითხეს შენ, ვითარმედ: „ვინ ხარ?”

„და რაჲღამე უფროჲს ვთქუა, რამეთუ „უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს“ დასთხია უბიწოჲ სისხლი თჳსი, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები იგი, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი სიყუარულისათჳსმისისა. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა.

„შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამო და სარწმუნოვებაჲ იგი ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულისა განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა. თესლსა ურწმუნოსა ძისაღმრთისასა, სარწმუნოვებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხოვრებისანი, ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტჱ და ჩუენ გულისხმა-ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი და მადლსა მისსა ღირს-ვიქმნენით და და წყალობასა, დღითი-დღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა.

„შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა, უმეტჱს ალისა, განგაბრწყინვეს. ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: „იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელი-იგი პირველად არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა ჰსცხონდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტჱს აღმსაარებელად, და მარტჳრად ყოველთა შეგისწავეს.

„შენ ყოველთა დაბადებულთა პატივ-გცეს, რამეთუ ცაჲ მოწამე არს სიმართლესა შენსა უცხოჲსა ცეცხლისა გარდამოვლინებითა ადგილსა მას ზედა, რომელსა, ვითარცა კრავი უმანკოჲ, შეიწირე, შემწუარი ცეცხლითა.

„შენ ქუეყანამან მსხუერპლად წმიდად და სათნოდ მიგიპყრაღმერთსა მას ზედა დაწუვითა პატიოსნისა გუამისა შენისაჲთა, რამეთუ გექმნა შენ, ვითარცა საკურთხეველი იგი აბელისი, ენუქისი, აბრაჰამისი და ელიაჲსი, რომელნი-იგი მრგულიადდასაწუველთა მათ ტარიგთა შესწირვიდეს ღმრთისა, და კუალად ადგილი იგი სამსხუერპლოჲსა შენისაჲ ემსგავსა ბერვარსა აჰრონისსა და ზაქარიაჲსსა მღდელთაჲსა, რამეთუ ნაკუერცხალსა მას ზედა ცეცხლისასა აღვიდოდა, ვითარცა სულნელებაჲ საკუმეველთაჲ ჴორცთა მაგათ შენთაჲ წინაშე უფლისა, წმიდასა მას წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა!

„შენ მდინარეთა მაგათ შეგიწყნარეს, ვითარცა ქრისტჱსმარტჳრი, ხოლო ქრისტემან ღმერთმან სიღრმეთა მათ სიბნელჱ ზეცისა ნათლითა განაბრწყინვა.

„შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულ გყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგირჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა!

„შენ ველური ეგე ზეთისხილი მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა, თჳსსა სამკჳდრებელსა, ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოვებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱსმორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳრობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!

„ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლისამძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱსმორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ; სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ-ჰყვენ, შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ-ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებელი მარტჳრობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ-ვიქმნენით!

„აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱსმოწამებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა და ვადიდებთ მამასა და ძესა და წ“სა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამჱნ!

წყარო: patriarchate.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი