Curriculum Vitæ
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შებმნის ორმოცდამეათე წლისთავზე, გიორგობისთვის რვა რიცხვში, ტრადიციული ქართული ზარ-ზეიმისა და თოფის სროლის გარეშე მოვევლინე ცოდვილ დედამიწას. საშუალო სიმძიმის ბავშვობა და ყრმობა თბილისის ძველ უბნებშისვანეთის უბანში, ნაძალადევსა და სოლოლაკში გავატარე. ხუთი წლის ვიყავი, დედაჩემმა განსვენებული პ. ჩაიკოვსკის ბალეტის ,,გედის ტბა" სანახავად რომ წამიყვანა. სპექტაკლის დამთავრებისთანავე ვთხოვე ოდეტა-ოდილიას პარტიის შემსრულებლის ტელეფონის ნომერი გაეგო და მას შემდეგ ვეტრფი სხვადასხვა კომპლექციის მდედრებს.ეროვნული, რელიგიური და პოლიტიკური კატეგორიების მიუხედავად. ადრეულ ყრმობაში ამიტანა წერამ. ვწერდი, ვჯღაბნიდი, ვხევდი ვყრიდი და ისევ ვწერდი, ვჯღაბნიდი, ვხევდი და ვყრიდი დაუსრულებლად... ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები საქართველოს ტელევიზიის კედლებში, უშესანიშნავესი ადამიანების გვერდით გავატარე, რისთვისაც უფალს დიდ მადლობას ვუხდი. სამწუხაროდ, საქართველოში მომხდარმა ყვავილოვან-სექსუალურმა რევოლუციამ, ტელევიზიაც მარტივ მამრავლებად დაშალა და თავისუფალი ხელოვანის სტატუსი მეც მომანიჭა. 2005 წლის ივლისში საქართველოს ყვავილოვანი ხელისუფლების ზოგიერთი გენიოსი ჩინოვნიკის დაუღალავი შრომის შედეგად, ცხრათვიანი საგზური მივიღე ორთაჭალის ციხეში. პატიმრობასა შინა მყოფმა, საბოლოოდ გადავწყვიტე, თავი მომეყარა ჩემი პოეტური ნაცოდვილარისათვის და მკითხველს განწყობილების შესაბამისი სათაურით ვთავაზობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი