ტრაკტატი


მრავალნი საუკუნენი, წელნი, თვენი, კვირანი დღენნი, საათნი წუთნი, წამნი და წამებანი ქართვლისა გაგრძელდა, ვიდრე ერთ არც თუ ისე მშუენიერსა, დამღუპველსა, მანადგურებელსა, კოშმარულსა დღესა, ხმლით შემოვარდნილმა და იმ ხმლის ქნევით დაღლილმა პატარა კახმა და დიდმა ერეკლე II თეიმურაზოვიჩმა, ,,მეფემან ქართლისა, კახეთისა, მემკვიდრე-მფლობელმან სამცხე-საათაბაგოსი, მთავარმან ყაზახისა, ბორჩალოსა, შამშადილისა, კაკისა, შირვანისა, მფლობელმან და მბრძანებელმან გიანჯისა და ჰერევნისა, ამჟამად სუეტიცხოველში დაკრძალულმან, ყოვლად უგანათლებულეს, უთვითმპყრობელეს ,,Благополучно царствующая-სა и самоудержница Всероссиис-кая-სა, Московская-სა, Киевская-სა, Владимирская-სა, и прочее и прочее" იმპერატორიცა-ცარიცასა, Великая княгиня и государыня Смоленская, Естлядская, куда-то катинская и Лифлядская, Повелительницы и Государыни земли Иверской, Карталинской и Грузинских царей и прочих и прочих", დიდ ხელმწიფეს, მპყრობელსა ყოვლისა რუსეთისა, ყო-ლისა  ჩრდილოეთისა კერძო მბრძანებელსა და სხუათა მრავალთა მემკუიდრეთა ხელმწიფესა და მფლო-ბელსა, მონარქობის გარდა, ტან-სხეულისა სრულყოფილისა სილამაზითა და მრუშობითა თუისი-თა განთქმულსა, ნემენცკასა სოფია ფრედერიკა  ავგუსტა ანჰალტ ცერბსტელსა, იმპერატრიცა ეკა-ტირინა ალეკსევნად წოდებულსა, რომელიც იმ ჟამს იყო იმპერატორ-ცარიცისკაია, ამჟამად ,,ცარს-კოე სელოში" დაკრძალულსა, მისწერა უსტარი, თანაც Кნიაზ დავიდ ორბელიანოვის და Князъ Каихосро Чолокаевъ-ის153 პირით შეუთვალა - შენ დაი ხარ ჩემი,  მფარველი და პატრონი, მპყრო-ბელი და მფლობელი, მბრძანებელი, ქალბატონი, შენ კრუხი და მე წიწილაო.  
სცენაზე გამოდის საიმპერატორო კარეტა, რომლის წინ ცეკვავენ რუსეთის იმპერიის დიდგვაროვ-ნები. მანანა ავანსცენაზე გადის. 
დათო. ფრიად ესიამა შემონათვალნი და ქაღალდზედ სწერილნი, ზეპირად ნათქვამნი, მხცოვანის მეფისა, დესპან-ელჩ-დიპლო-კურიერთ წარგზავნილ-გაგზავნილ Князъ-ების, ხელ-ფეხ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირით ხალიჩაზედ მოკრძალებით დამხობილის და მირთმეულის თხოვნ-ვედრებ-ხვეწნ-მუდარ-მუდრეგი, ეპისტოლარულ-ვერბალურნი ქართვლისა, კრუხობისა და მფარველობისა, ფარ-თობის  იმპერიის და თვისის მფლობელ-მპყრობელობ-მორჩილების და კიდევ ბევრისის გაფართო-ების პერსპექტივა იმპერიულად მოფიქრალ-მოაზროვნ-მოქმედ-მცხოვრებ ეკატირინა ალეკსივნასა. მაშინაც უვლიდნენ მოხუცსა სხვისასა, სურვილით თვისით და ერთადერთი მიზნით – მითვისები-სა ბინისა, მიწისა, სხვა მრავალი და ურიცხვი ქონებ-სიკეთისა. ჰოდა იფიქრა დიაცმა აშარმა  გადაფარება და დაფარება, შეფარება და შეფერება სამეფოისა სხვისისა, ქმნა სამოთხისა მიწიერისა თუისთვისა და ჯოჯოხეთისა, მფარუელობის მთხოვნელისთვისა, ჯერ გადაფარებ-გადმოფარება, მერე მოფერება და შეფერება, მერე რა იფიქრა, რა ჰქმნა და რა მოხდა, გეტყვით მოგვიანებით, ნუ ჩქარობთ. 
ნიტა. ჰქმნა ეკატირინა ალეკსევნამ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ,,Во имя бога всемогущего, еди-наго, в троице святей славимого,154 სახელითა ღმრთისა, ყოვლისა შემძლებლისა, ერთისა სამწმი-დაობასა შინა დიდებულისათა", წელსა 1783-სა, თუესსა იულისსა, დღესა 24-სა წმიდა გიორგის კრეპოსტში, აღთქმულ-დათქმულ-განმწერებულ ტრაკტატსა, ,,სახელითსა ღმრთისა ყოვლისა შემ-ძლებლისა ერისა ერთისა სამწიდაობასა შინა დიდებულისათა, სრულძალმქონებლობითა მისის იმპერატორობის  დიდებულებისა ეკატირინა ალეკსივნასი და მაღალთა მენაცულეთა მისთასა, უგანათლებულესობისა მისისა, მეფისა ქართლისა და კახეთისა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისთა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა რწმუნებულებმან, საგანგებომან და სრულულძალმქონებლებ-მან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა არმიის ღენერალ-პორუდჩიკმან, ასტრახანის ღუბერ-ნიის მხედრობის მოკამანდრემან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა ეკატერინა ალეკსივნას და მენაცულეთა მისთასა, დეისტვიტელნი კამერღერმა, ორდენთა მრავალთა კავალერმა კნიაზ პაველ პოტემკინმა, მეფისა ირაკლისა თეიმურაზოვიჩისა სამხედროსა მემარცხენე სპასპეტმა კნიაზმა თავადმა იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონმა, ქართლ-კახეთის მეფის ეშიკაღსაბაშმა და ყაზახის მოურავმან, მისმა უგანათლებულესობამ  თავადმა გარსევან ჭავჭავაძემ, მანდატურთუხუ-ცესმა მოაწერეს ხელნი და დასხნეს ბეჭედნი თუისნი ერთგულებისა, და-ძმობისა, ამხანაგობ-მეგო-ბრობ-დაქალობ-ძმაკაცობ-სიყვარულ-მფარველობისა და ნებაყოფლობითი მონობისა! 
მინდია. ,,ტრაკტატ-დოღოვორ-კანტრახტ-პრიღოვორითა" ამით, ,,უგანთლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩი ჰყოფდა ფიცითასა აღთქმასა ერთგულობასა ზე-და მისისა იმპერატორობის დიდებულებისასა, თვითმპყრობლისა ყოვლისა რუსეთისასა და აღსარ-ბასა მფარუელობისა და უზენაესისა ხელმწიფებისა იმპერატორთასა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისათა".155
დათო. მისის იმპერატორობის დიდებულებისა და მაღალთა მენაცულეთა მისთასა ყოვლისა რუსე-თის თვითმპყრობლისა აღთქმულ-დათქმულ-განწერებულ-მოწერილმა რატიფიცირებულმა ტრაკ-ტატმა, თვალ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირიდან ტრაქეის ჩავლით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით, 1801 წელსა შობითგან ქრისტესით, ათმეთორმეტე დღესა ენკენისთვისა, მესამესა წელსა მეფობისა ქართლ-კახეთის უკანასკნელისა მეფისა - ერეკლე თეიმურაზოვიჩის ძისა - გიორგისა, 190 წლიან 
არომატულ, კალორიულ, სურნელოვან და გემრიელ ტრაკ…ტატში ამააყოფინა თავი სრულიად გი-ურჯისთან-გრუზიის ყველა მკვიდრსა… 
მანანა. ერთმორწმუნე კრუხმა ფრიად დაიფარა პატარა და საყვარელი წიწილა, დაიცვა, ამოიცვა, გა-დაიცვა, ჩაიცვა და დაიხურა, მოეფერა სულითა და ხორცითა თუისითა, შეიფერა და უთხრა: ჩემი 
ხარ, რასაც მინდა გიზამო და… მოაშინაურა, მოათვინიერა, დაატყვევა, დაკლა, გაპუტა, შეტრუსა, გაატყავა, მოხარშა, შებოლა, შეწვა, შეკმაზა, მიაბროწეულა, ჩაანიგოზა, გადააჯიკა, მოტყემლა, მა-იონეზში შეზილა, მაყვალში ამოუსვა, მიირთვა, შეჭამა, შეახრამუნა, გადასანსლა, ჩაცეცხლა, დოლ-გარმონ-დიპლიპიტო-ზურნაზე აბუქნ-ათამაშა და ამ ბატალო-პოლიტიკო-ეკოლოგო-ეკონომიკო-ფატალო-კულინარულო, შოუ-კორდებალეტების პარალელურად, შკოლა აუშენა, ოპერა გაუხსნა, ჰევროუნივერებში სასწავლებლად გაუშვა, ომში წაიყვანა, ფრანცუცი დამპყრობელი დაამარცხე-ბინა, მისცა ჩინები და ორდენ-მედლები, მრავალზე მრავალნი ამქვეყნიური სიკეთენი. აცხოვრა ჯოჯოხეთურ სამოთხეში და მცირედად რომ ვსთქვათ - დათესა, მოხნა, წყურვილითა და შიმ-შილით მოკლა. თავისუფლების წყურვილით და შიმშილით სიყვარულის! ეკლესიები და სისხლი გაუთეთრა, შინ და გარეთ სალაპარაკოდ და სამოქმედოდ უცხო ენა და ადათები დაუწესა, დასასვე-ნებლად და განსასვენებლად ყინულეთში აგზავნა, ყველა დროში და ბრუნვაში აბრუნ-აბზრიალა, როგორც გაუსწორდა ისე ატრიალა და გაატიალა... 
ნიტა. გაოხრებულ და პატივაყრილ-ნამუსახდილ-ხარკგადაუხდელ-ღალაგადახდილ, ნამუსისა და ყოფის თვისის გასასწორებლად, ქვეყნის ტანჯულის გადასარჩენად, დასხდნენ ქართველნი სათათ-ბირებელ-განსახილველ-სამსჯელად. ბევრი იმსჯელეს, ცოტა იდავეს, დასკვნა ურყევი გამოიტანეს. 
დათო. ვიბრძოლოთ, ვიდრე ბრძოლის გვაქვს თავი და ხელი, ფეხი და თავი და გვიჭრის თვალი და ხმალი.
მინდია. ვიდრე წიწილა წაიღო ქორმა, ვიდრე შეგვსანსლა მპყრობელმა ჯორმა.
. ფიცი დადეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ყველაფერზე ხელი და ფეხი ერთად აიღეს, ყანწები აივსეს და თავგანწირულ-თავდადებული ბრძოლა - კოკისპირული და უკიდეგანო ღრეობა დაიწყეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი