ტრაკტატი - ფრაგმენტი პიესიდან ,,დინების საწინააღმდეგოდ"


მრავალნი საუკუნენი, წელნი, თვენი, კვირანი დღენნი, საათნი წუთნი, წამნი და წამებანი ქართვლისა გაგრძელდა, ვიდრე ერთ არც თუ ისე მშუენიერსა, დამღუპველსა, მანადგურებელსა, კოშმარულსა დღესა, ხმლით შემოვარდნილმა და იმ ხმლის ქნევით დაღლილმა პატარა კახმა და დიდმა ერეკლე II თეიმურაზოვიჩმა, ,,მეფემან ქართლისა, კახეთისა, მემკვიდრე-მფლობელმან სამცხე-საათაბაგოსი, მთავარმან ყაზახისა, ბორჩალოსა, შამშადილისა, კაკისა, შირვანისა, მფლობელმან და მბრძანებელმან გიანჯისა და ჰერევნისა, ამჟამად სუეტიცხოველში დაკრძალულმან, ყოვლად უგანათლებულეს, უთვითმპყრობელეს ,,Благополучно царствующая-სა и самоудержница Всероссиис-кая-სა, Московская-სა, Киевская-სა, Владимирская-სა, и прочее и прочее" იმპერატორიცა-ცარიცასა, Великая княгиня и государыня Смоленская, Естлядская, куда-то катинская и Лифлядская, Повелительницы и Государыни земли Иверской, Карталинской и Грузинских царей и прочих и прочих", დიდ ხელმწიფეს, მპყრობელსა ყოვლისა რუსეთისა, ყოლისა  ჩრდილოეთისა კერძო მბრძანებელსა და სხუათა მრავალთა მემკუიდრეთა ხელმწიფესა და მფლობელსა, მონარქობის გარდა, ტან-სხეულისა სრულყოფილისა სილამაზითა და მრუშობითა თუისითა განთქმულსა, ნემენცკასა სოფია ფრედერიკა  ავგუსტა ანჰალტ ცერბსტელსა, იმპერატრიცა ეკატირინა ალეკსევნად წოდებულსა, რომელიც იმ ჟამს იყო იმპერატორ-ცარიცისკაია, ამჟამად ,,ცარს-კოე სელოში" დაკრძალულსა, მისწერა უსტარი, თანაც Кნიაზ დავიდ ორბელიანოვის და Князъ Каихосро Чолокаевъ-ის153 პირით შეუთვალა - შენ დაი ხარ ჩემი,  მფარველი და პატრონი, მპყრო-ბელი და მფლობელი, მბრძანებელი, ქალბატონი, შენ კრუხი და მე წიწილაო.  
  ფრიად ესიამა შემონათვალნი და ქაღალდზედ სწერილნი, ზეპირად ნათქვამნი, მხცოვანის მეფისა, დესპან-ელჩ-დიპლო-კურიერთ წარგზავნილ-გაგზავნილ Князъ-ების, ხელ-ფეხ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირით ხალიჩაზედ მოკრძალებით დამხობილის და მირთმეულის თხოვნ-ვედრებ-ხვეწნ-მუდარ-მუდრეგი, ეპისტოლარულ-ვერბალურნი ქართვლისა, კრუხობისა და მფარველობისა ფართობისა  იმპერიის და თვისის მფლობელ-მპყრობელობ-მორჩილების და კიდევ ბევრისის გაფართოების პერსპექტივა იმპერიულად მოფიქრალ-მოაზროვნ-მოქმედ-მცხოვრებ ეკატირინა ალეკსივნასა. მაშინაც უვლიდნენ მოხუცსა სხვისასა, სურვილით თვისით და ერთადერთი მიზნით – მითვისებისა ბინისა, მიწისა, სხვა მრავალი და ურიცხვი ქონებ-სიკეთისა. ჰოდა იფიქრა დიაცმა აშარმა  გადაფარება და დაფარება, შეფარება და შეფერება სამეფოისა სხვისისა, ქმნა სამოთხისა მიწიერისა თუისთვისა და ჯოჯოხეთისა, მფარუელობის მთხოვნელისთვისა, ჯერ გადაფარებ-გადმოფარება, მერე მოფერება და შეფერება, მერე რა იფიქრა, რა ჰქმნა და რა მოხდა, გეტყვით მოგვიანებით, ნუ ჩქარობთ. 
  ჰქმნა ეკატირინა ალეკსევნამ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ,,Во имя бога всемогущего, единаго, в троице святей славимого, სახელითა ღმრთისა, ყოვლისა შემძლებლისა, ერთისა სამწმიდაობასა შინა დიდებულისათა", წელსა 1783-სა, თუესსა იულისსა, დღესა 24-სა წმიდა გიორგის კრეპოსტში, აღთქმულ-დათქმულ-განმწერებულ ტრაკტატსა, ,,სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებლისა ერისა ერთისა სამწიდაობასა შინა დიდებულისათა, სრულძალმქონებლობითა მისის იმპერატორობის  დიდებულებისა ეკატირინა ალეკსივნასი და მაღალთა მენაცულეთა მისთასა, უგანათლებულესობისა მისისა, მეფისა ქართლისა და კახეთისა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისთა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა რწმუნებულებმან, საგანგებომან და სრულულძალმქონებლებ- მან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა არმიის ღენერალ-პორუდჩიკმან, ასტრახანის ღუბერნიის მხედრობის მოკამანდრემან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა ეკატერინა ალეკსივნას და მენაცულეთა მისთასა, დეისტვიტელნი კამერღერმა, ორდენთა მრავალთა კავალერმა კნიაზ პაველ პოტემკინმა, მეფისა ირაკლისა თეიმურაზოვიჩისა სამხედროსა მემარცხენე სპასპეტმა კნიაზმა თავადმა იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონმა, ქართლ-კახეთის მეფის ეშიკაღსაბაშმა და ყაზახის მოურავმან, მისმა უგანათლებულესო-ბამ თავადმა გარსევან ჭავჭავაძემ, მანდატურთუხუცესმა მოაწერეს ხელნი და დასხნეს ბეჭედნი თუისნი ერთგულებისა, და-ძმობისა, ამხანაგობ-მეგობრობ-დაქალობ-ძმაკაცობ-საყვარლობ-მფარველობისა და ნებაყოფლობითი მონობისა! 
  ,,ტრაკტატ-დოღოვორ-კანტრახტ-პრიღოვორითა" ამით, ,,უგანთლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩი ჰყოფდა ფიცითასა აღთქმასა ერთგულობასა ზედა მისისა იმპერატორობის დიდებულებისასა, თვითმპყრობლისა ყოვლისა რუსეთისასა და აღსარბასა მფარუელობისა და უზენაესისა ხელმწიფებისა იმპერატორთასა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისათა". 
  მისის იმპერატორობის დიდებულებისა და მაღალთა მენაცულეთა მისთასა ყოვლისა რუსეთის თვითმპყრობლისა აღთქმულ-დათქმულ-განწერებულ-მოწერილმა რატიფიცირებულმა ტრაკტატმა, თვალ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირიდან ტრაქეის ჩავლით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით, 1801 წელსა შობითგან ქრისტესით, ათმეთორმეტე დღესა ენკენისთვისა, მესამესა წელსა მეფობისა ქართლ-კახეთის უკანასკნელისა მეფისა - ერეკლე თეიმურაზოვიჩის ძისა - გიორგისა, 190 წლიან არომატულ, კალორიულ, სურნელოვან და გემრიელ ტრაკ…ტატში ამააყოფინა თავი სრულიად გიურჯისთან-გრუზიის ყველა მკვიდრსა… 
  ერთმორწმუნე კრუხმა ფრიად დაიფარა პატარა და საყვარელი წიწილა, დაიცვა, ამოიცვა, გადაიცვა, ჩაიცვა და დაიხურა, მოეფერა სულითა და ხორცითა თუისითა, შეიფერა და უთხრა: ჩემი ხარ, რასაც მინდა გიზამო და… მოაშინაურა, მოათვინიერა, დაატყვევა, დაკლა, გაპუტა, შეტრუსა, გაატყავა, მოხარშა, შებოლა, შეწვა, შეკმაზა, მიაბროწეულა, ჩაანიგოზა, გადააჯიკა, მოტყემლა, მაიონეზში შეზილა, მაყვალში ამოუსვა, მიირთვა, შეჭამა, შეახრამუნა, გადასანსლა, ჩაცეცხლა, დოლ-გარმონ-დიპ-ლიპიტო-ზურნაზე აბუქნ-ათამაშა და ამ ბატალო-პოლიტიკო-ეკოლოგო-ეკონომიკო-ფატალო-კულინარულო, შოუ-კორდებალე-ტების პარალელურად, შკოლა აუშენა, ოპერა გაუხსნა, ჰევროუნივერებში სასწავლებლად გაუშვა, ომში წაიყვანა, ფრანცუცი დამპყრობელი დაამარცხებინა, მისცა ჩინები და ორდენ-მენდლები, მრავალზე მრავალნი ამქვეყნიური სიკეთენი. აცხოვრა ჯოჯოხეთურ სამოთხეში და მცირედად რომ ვსთქვათ - დათესა, მოხნა, წყურვილითა და შიმშილით მოკლა. თავისუფლების წყურვილით და შიმშილით სიყვარულის! ეკლესიები და სისხ-ლი გაუთეთრა, შინ და გარეთ სალაპარაკოდ და სამოქმედოდ უცხო ენა და ადათები დაუწესა, დასასვენებლად და განსასვენებ-ლად ყინულეთში აგზავნა, ყველა დროში და ბრუნვაში აბრუნ-აბზრიალა, როგორც გაუს-წორდა ისე ატრიალა და გაატიალა... 
  გაოხრებულ და პატივაყრილ-ნამუსახდილ-ხარკგადაუხდელ-ღალაგადახდილ, ნამუსისა და ყოფის თვისის გასასწორებლად, ქვეყნის ტანჯულის გადასარჩენად, დასხდნენ ქართ-ველნი სათათბირებელ-განსახილველ-სამს-ჯელად. ბევრი იმსჯელეს, ცოტა იდავეს, დასკვნა ურყევი გამოიტანეს. ,,ვიბრძოლოთ, ვიდრე ბრძოლის გვაქვს თავი და ხელი, ფეხი და თავი და გვიჭრის თვალი და ხმალი.
ვიდრე წიწილა წაიღო ქორმა, ვიდრე შეგვსანსლა მპყრობელმა ჯორმა. ფიცი და-დეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ყველაფერზე ხელი და ფეხი ერთად აიღეს, ყანწები აივსეს და თავგანწირულ-თავდადებული ბრძოლა - კოკისპირული და უკიდეგანო ღრეობა დაიწყეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი