უფალო შემიწყალე!


14.11.2025/12.30'.

  კაენ კოშმარავა სოფელ ლეკოშმარაოდან იყო სამერეთვლოელი და მაშასადამე იყო კაი (და კატეგორიულად, არავითარ შემთხვევაში კარგი) მსმელი, კაი მჭამელი, ღრეობების დროს ან/და ღრეობების მერეც კაი ,,ხიპიშის" მქმნელი, კაი გამრტყმელი, კაი მძარცველი, კაი Მხვეჭელი, კაი მხვეტელი, კაი მხვრეტელი, შეუძლებლებლობების შთმძლებელი და მკვარახჭინებელი, საქმეთა თვისთა გამომჩენელი...
  აყყავებული და წარმატებული ბიზნესის წარმოება კაენმა საუკუნეთა გასაყარზე დაიწყო, როცა მშობლიური ლეკოშმარაოდან მანდარინების პლანტაციებში ჩაწოლილი,  პლასტუნური ფორთხვით გამოეპარა მის სოფელს შესეულ გადამთიელ მომთაბარე დამპყრობლებს. Საკმაოდ დიდი მანძილი იხოხიალა ვიდრე საომარი მოქმედებების არეალიდან გამოაღწევდა. Მერე პირველივე შემხვედრ ავტობუსში ახტა და ქვეყნის თავარქალაქში სულ ასკინკილით და სკუპით ჩახტა.        
  ქვეყნის თავარქალაქში ჩამოასკინკილებულმა და იქ სამუდამო დამკვიდრების სურვილ-წყურვილით აღვსილ-შეპყრობილმა კაენმა, პირველ რიგში სხეულის ირგვლივ კედლების და თავზე ჭერის უზრუნველყოფაზე იზრუნა. თავარქალაქის გარეუბანში,
უახლოეს წარსულში თვითმფრინავების მწარმოებელი  და იმ ჟამისთვის აგურებად დაშლილი და ნაკუწებად გასხვისებულ-გაყიდული ქარხნის საერთო საცხოვრისის მეორე სართულზე ჰპოვა თავშესაფარი.
საბინაო პრობლემის წარმატებული გადაწყვეტა-გადაჭრა-მოგვარებისთანავე ტანისამოსის და სტომაქის თვისის პრობლემებიც წარმატებით გადაჭრა. თავშესაფარიდან ორ ნაბიჯში, მთლად ყურის ძირში მდებარე პირველადი პროდუქტების და მეორადი ტანსაცმლის დაუცველი მაღაზიებიდან რამდენიმე ტომარა პროდუქტი,  ტან-ფეხსამოსის რამდენიმე კომპლექტი თავშესაფარში გადაიტანა და მეორე დილით გემრიელად ნასაუზმევი, დასავლური პეწენიკობით გამოწყობილი, თავშესაფრის მოპირდაპირედ გადაჭიმულ ,,ლოლი მოლი"- სკენ გაემართა. მოლის შესასვლელში კაენმა ორი სათამაშო მაგიდა დადგა. ერთი -სათითეების, მეორე - ბანქოსი. გაუმართლა. დღის განმავლობაში ორივე მაგიდიდან მიღებულმა მოგებამ ოთხნულიანი ციფრი შეადგინა...
  არადეკლარირებულმა და არალეგალიზებულმა შემოსავალმა კაენს მადა მოუყვანა, გაუბევრმაგა და მეორე დღეს მაგიდების რაოდენობა გააორმაგა. ,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა"?!. პირველი მოგებისთანავე კაენს მართლწესრიგის და კანონიერების მცველი ძალოვანი ესტუმრა. ფურცელზე დაუწერა მისი ბიზნესისთვის თვალდახუჭული გვერდის ავლის საფასური. კაენმა დაუფიქრებლად და უყოყმანოდ ჩაუთვალა მოთხოვნილი თანხა, რითიც პირველი  და უმთავრესი მფარველი იშოვნა.  ერთ საათში ფინანსურმა ინსპექციამ მიაკითხა. კაენმა მათაც ჩაახუტა მოთხოვნილი. დღის ბოლომდე სანიტარული და ზნეობის ინსპექტორებიც გულუხვად და ხელგაშლილად გაისტუმრა და არც კანონიერ ავტორიტეტებს დარჩა ვალში. ამ მფარველთა წყალობით, რამდენიმე თვის განმავლობაში, კაენი გროსსმაისტერულად ფცქვნიდა და ატყავებდა მოლის ურიცხვ  გამყიდველ-მყიდველს...
  ნახევარ წელიწადში დაგროვილი შემოსავლით, კაენმა თავარქალაქის პრესტიჟულ უბანში, ახალაშენებულ 41 სართულიან ცათამბჯენში, ოთხოთახიანი ბინა შეიძინა, ახალქართულმოდერნული ავეჯით მორთო და სახლთან მდგომ ავტოფარეხში თხევად გაზზე გადაყვანილი ყველგანმავალიც შეიყვანა, სახ. ნომრით - KA-666-EN.
  კაენი აღარ თამაშობდა მოლის შესასვლელში. ქალაქის განაპირას, ნაძვნარში, ტბასთან, ოთხსართულიანი სამორინე ააშენა, რომლის მიწისზედა სამ სართულზე ხუთნულიანი ფსონებით თამაშობდნენ კაენის ერთგული გეიმერები. მიწისქვეშა სარდაფში ექვსნულიან ფსონებს დებდნენ სათამაშოდ თავარქალაქის ელიტის რჩეულნი და მათი უცხოელი,  ურიცხვი სტუმრები. 
  იზრდებოდა და ვითარდებოდა კაენის ბიზნესი და შემოსავალი, რომელსაც უკვე არა კანონთმცველთა და კანონიერ ავტორიტეტთა წვრილფეხობა კურირებდა და მფარველობდა, არამედ სამთავრობო უმრავლესობის ბოსსები და კაენის ბავშვობის ,,კორიში",  ,,ბელი ლებედში" ნაკურთხი და კორონიზირებული,
,,ვსესოიუზნი ობშჩიაკის სმოტრიაშჩი" - ქარიბდა'.
  Წარმატებულად აყვავებულ-განვითარებული ბიზნესსაქმიანობის შედეგად 10 წელიწადში კაენის კონცერნ-ჰოლდინგების მფლობელობაში იყო:
1) სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძენილი ბევრი ჰექტარი მიწა პონტოს ზღვის სანაპიროს მთელ გასწვრივზე;
2) ზღვის სანაპიროს მთელ სიგრძეზე 
არაბ პარტნიორებთან ერთად
გაშენებული სასტუმროების ქსელი  - ,,კაენgraph";
3) აგრარული, რძის ნაწარმის და ხორცის პროდუქტების საიმპორტო კომპანია  - ,,კაენ & ERDOG foods" - თურქ  პარტნიორებთან ერთად;
4) გაზის და ნავთობის საიმპორტო კომპანია  -,,Giurjpersian Oil" - ირანელ პარტნიორებთან ერთად;
5) ჩინელ პარტნიორებთან ერთად ციფრული ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა  -,,კაენ Technology".;
6) ელოჰიბრომობილების ქარხანა Kaenelobil;
7) სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხნები და სამშენებლო კომპანია ,,კაენ construction";
8) საბითუმო და საცალო ჰიპერმარკეტების ქსელი  ,,კაენFurpoint" და ამ ქსელზე მიბმული ბანკი ,,კაენკრედიტი";
9)სადაზღვევო კომპანია KaenSurency;
10) მედია ჰოლდინგი KCS- ,,Kaen Certum Somnium"...
  კაენი ხელ-ფეხ გაშლილად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.  მისი საქველმოქმედო ფონდი ,,კაენ for you"  გულუხვად სწირავდა თანხებს ეკლესიების და მონასტრების რესტავრირება-მშენებლობებს, დღესასწაულებზე ყველგანმავალებს ჩუქნიდა სასულიერო პირებს. კაენის ინიციატივით დაფუძნდა უცხოელი  ახალგაზრდების სწავლის დაფინანსების პროგრამმა - ,,განათლდი  სამერეთვლოში".
 ამ პროგრამმით უამრავი გადამთიელი და გაღმაზღვიელი young Lady & Gentelman
ჩამოიყვანა სასწავლებლად კაენის საქველმოქმედო ფონდმა სამერთვლოში. უცხოელებს ისე მოეწონათ სამერეთვლოს მთა-ბარი, რომ სწავლის დამთავრებამდე მოქალაქეები გახდნენ, მიწები შეიძინეს, სახლები აიშენეს, კაენის კონცერნ-ჰოლდინგებში დასაქმდნენ და უკანგაუხედავადად დამკიდრდნენ კაენისებრთა სამშობლოში.
  ბიზნესის წარმატებული განვითარების ათი წლისთავზე კაენმა ცოლად მოიყვანა მისი საქმიანი პარტნიორის, გრიგოლიჩის ნაბოლარა ასული, 20 წლით უმცროსი  -  ნატრული, რომელიც რასაკვირველია ქალიშვილად ჩაბარდა ქმარს. სარფიანად საქმიანმა ქორწინებამ უკიდეგანოდ გააფართოვა სიძე-სიმამრის ბიზნესი და კაენ-ნატრულის შვილების - ავთანდილის და თინათინის, ტყუპი  და-ძმის დარეჯანის და ტარიელის სრულწლოვანების მიღწევისას კომპანია  ,,კაენ & გრიგოლიჩი"-ს კაპიტალი რამდენიმე სახელმწიფოს ბიუჯეტს აღემატებოდა...
 მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო სამერეთვლოს მთავრობის და 
საზოგადოებისთვის კულუარული  ქველმოქმედის კაენ კოშმარავას განცხადება: ,,ქვეყანაში განვითარებული არსაყურები და არსასმენი მოვლენების გამო, მივიღე ჩემთვის უმძიმესი, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება. დავინახე რომ ვკარგავთ სამშობლოს და ამიტომ გადავწყვიტე მოვიდე
ჩვენი სამერეთვლოს გადასარჩენად ჩვენი სამშობლოს გასამარჯვებლად და არა ვინმეს დასამარცზებლად!
  წინასაარჩევნო კამპანია კაენმა მშვიდობიანად და უშფოთველად ჩაატარა. დღეში რამდენჯერმე
 ეზო-ეზო, კარდაკარ ხვდებოდა ელექტორატს. არ იშურებდა დაპირებებს. ამომრჩევლებს დაპირდა სესხების განულებას და ნულოვან კრედიტებს, უფასო ფულს, თითოეულ სოფელს 5 მილიონს ასაღორძინებლად, მეწარმეებს დ.ღ.გ.-ს 2 %-დე დაყვანას, პენსიონერებს პენსიის გაათმაგებას, ავადმყოფებს მკურნალობის და სტუდენტებს სწავლის დაფინანსებას. კაენი იხდიდა ამომრჩევლების კომუნალურ გადასახადებს, პირადად მიჰქონდა ხალხისთვის საჩუქრად პროდუქტები და ტანსაცმელი. კაენის უანგარობამ ჯოჯოხეთი გაანათა და არჩევნებში, ყველაზე რეალური კონკურენტი,
მოქმედი სამთავრობო დეპუტატი 
4, 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა!..
  არჩევნებში გამარჯვება კაენმა მის მიერ აშენებულ სამონასტრო კომპლექსში აღნიშნა ზ.დ. 41 000 მ. 1000 პერსონაზე გაშლილი სუფრით.
სუფრასთან განსხვავებულტ სასმისებით, ბოლომდე და დამსხვრევით არაერთხელ შეისვა სამერეთლოს გადამრჩენელი და მხსნელი კაენის სადიდებელ-სადღეგრძელებელი. ეროვნული ღრეობა გამთენიამდე გაგრძელდა. მონასტრიდან კაენი თავის ვაჟებთან და სიძეებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში ყველგანმავალი ჯავშანმანქანით. მოუწესრიგებელ გზაჯვარედინზე, მარჯვნიდან მომავალმა მთნქანამ გზა არ დაუთმო.  კაენი დაეწია თავხედს, დაგრძელებული სიგნალებით აიძულა გაჩერება.  მანქანიდან გადმოათრია. ჯერ გალურჯებამდე დაასისხლიანა, მერე საბარგულილან ავტომატი ამოიღო და მჭიდი სრულად დააცალა უზრდელს. ესროდა  და თან პირჯვარის წერით, ხმამაღლა, მავედრებლად ამბობდა: - ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"... 

06.04.2026/07.35'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი