სატალახო


,,ს გორლიშკა ნა პოსოშოკ". 
  Мы друг в друге искали самых себя.
                            Серж Параджанов.
კატის კნავილი;
მამლის ყივილი;
ძაღლის ყეფა;
ჩიტის ჭიკჭიკი და...
  თფილისში, ლადო გუდიაშვილის ქუჩის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც ერეკლემ განათლების სასახლე და განვითარების ტაძარი დაარქვა, ისინი ერთმანეთში ეძებდნენ ერთმანეთს და პოულობდნენ... ყოველ დღე თუ არა, დღეგამოშვებით ხვდებოდა ალექსეევიჩს ერეკლე ბიბლიოთეკაში. ალექსეევიჩს ერეკლე ეძახდა. გაცნობისთანავე უთხრა, ბატონ ჯუმბერ ხუციშვილს, შენობით და სახელით მომართვის უფლებას ეტიკეტი და ზრდილობა არ მაძლევს, ბატონი ჯუმბერი ძალიან და ნამეტნავად ოფიციალურად ჟღერს ჩვენს არაოფიციალურ ალკომწიგნობრულ გარემოში და თქვენის ნებართვით, ჩვენებურადა, ძველებურადა, მშობლიურადა ,,პო ოტჩესტვუ"; მოგმართავთო. ორივე საბჭოთა პროდუქტი იყო, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ასაკობრივი სხვაობით. ალექსეევიჩი 80-ს გადაცილებული და 90-ს ჯერ არ მიღწეული პენსიონერი, ბირთვული ფიზიკის დოქტორი - ჯუმბერ ხუციშვილი, ბიბლიოთეკაში ახალი ასაფეთქებელი დანადგარის შექმნაზე მუშაობდა. ერეკლე 50-ს გადაცილებული და 60-ს ჯერ არ მიღწეული, იძულებით უმუშევარი ტელერეჟისორი, რაფიელ ერისთავის სვანურ ჩანაწერებს თარგმნიდა რუსულიდან ქართულად.
  ალექსეევიჩი ნაშუადღევს მიდიოდა ბიბლიოთეკაში. ერეკლე იმ დროს უკვე იქ იყო. ალექსეევიჩი მისვლისთანავე, მისალმების ნაცვლად ეუბნებოდა ერეკლეს:
-წავედით, ,,ასტოგრამიმსია.’’
  ერეკლე ჭკუანაკლული არ იყო ასეთ შეთავაზებაზე უარი ეთქვა. ბალღობიდან მოსწონდა უფროსებთან ურთიერთობა. განსვენებული მამამისი, აკადემიკოსი ივანე ბურჭულაძე თავის მეგობრებთან ერთად ზრდიდა ბავშვობიდან და ერეკლე ,,კარენოი" თფილისელებისგან, ქალაქის კოლორიტი, პლეხანოველი სერიოზული ძიებისგან სწავლობდა კაცობას, სიყვარულს, მეგობრობას. ალექსეევიჩთან ურთიერთობის ძირითადი ხიბლი ერეკლესთვის ძველი, მშვიდობიანი, უზრუნველი და ადამიანური ცხოვრების დროინდელი ამბების გახსენება და მოსმენა იყო აგრესიული პროვინციალიზმის ეპოქაში. ვერაზე გაზრდილი, ოკუპანტ რუსეთში განათლება-მიღებული და ბევრი წლის განმავლობაში მარადიულ და უკიდეგანო სსრკ-ს არაერთ ქალაქში ნაცხოვრები და ნამუშევარი ალექსეევიჩი თხრობის დიდოსტატი და ზოგადად ურთიერთობის გროსსმაისტერი იყო. მოკლედ ნებისმიერი, შემეცნების მოყვარული ადამიანისთვის ფასდაუდებელი განძი. ჰოდა სალალაკში და გალავინსკზე გაზრდილი ერეკლე, გურულობის მიუხედავად აბდალი არ იყო ასეთ განძთან რამდენიმე ჭიქის გადაკვრა-ხუხვაზე და განათლების დონის ამაღლებაზე უარი ეთქვა. ამ რიტუალს ერეკლემ ალკოვიდაცია ანუ ალკოჰოლის ლიკვიდაცია დაარქვა.
  ბიბლიოთეკიდან გასულები ანტონ ფურცელაძის ქუჩით ეშვებოდნენ გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მდებარე ბაღში. იქ მისვლამდე ალექსეევიჩი ერთ აუცილებელ რიტუალს ასრულებდა. ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე სადალაქოსთან ჩერდებოდა და სტილისტ ლარისას ესალმებოდა:
-Привет Лариса, красавица. С новым годом, с восьмим марта и с днем рождения.
  რიტუალის აღსრულების შემდეგ ალექსეევიჩი წინ წასულ ერეკლეს წამოეწეოდა და ათასმეერთედ ეუბნებოდა ათასჯერ ნათქვამს:
-ვერ არი ტო, ეს ჩემისა ჯანზე. შვიდი ლარი მთხოვა თმის შეჭრაში, რომელი პუშკინი მნახა, შვიდი ლარი, შვიდი ღერი თმა სულ არ მაქვს თავზე.
ერთ დღეს ალკოვიდაციის რიტუალის აღსასრულებლად გასულ ალკოვიდატორებს, ერეკლეს მეგობრები გელა ფირცხალავა და ვალერი ოთხოზორია გაყვნენ. მსუბუქი ნაბახუსევის მდგომარეობაში მყოფები გელა და ვალერი, ერეკლესავით იძულებით უმუშევრები იყვნენ და ბიბლიოთეკაში უსაქმურობისგან თავდასაცავად დადიოდნენ.
  ბაღში შესვლისას ალექსეევიჩმა ჰკითხა ერეკლეს:
- ერეჯან რაღაც ხასიათზე ვერ ხარ, ცუდი ხომ არაფერი მოხდა?
-კარგი ხდება რამე ამ ჩვენი ქოცვით სავსე ქოცოხეთში ალექსეევიჩ? გუშინ ბავშვობის მეგობარს შევხვდი ქუჩაში და ლამის გული გამისკდა ისეთი ამბავი მითხრა.
-რა გითხრა ამისთანა?
-კვირის ბოლომდე ბინიდან ასახლებენ.
-იპოთეკა?
-არ ვიცი რა ჯანდაბა ჰქვია, იპო, გრიპო, თუ დისკოთეკა, მაგრამ კაცს რომ ამ ყინვაში ქუჩაში აგდებენ ფაქტია. არადა უკეთილშობილესი, უპატიოსნესი, უწესიერესი, უნიჭიერესი კაცია, გენიალური კომპიზიტორი ზაზა მარჯანიშვილი. რამდენიმე წლის წინ სასწაული ოპერა დაწერა, ,,სამოსელი პირველი", ცხონებული გურამ დოჩანაშვილის გენიალური რომანის მიხედვით. პირველად რომ მოვისმინე ისეთი ემოცია მქონდა წნევამ ამიწია. საერთოდ ამ ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს ზაზა კულტურის მინისტრი უნდა იყოს, მაგრამ საქართველოდში კულტურას ციხის ,,ნადზირატელი"; კურირებს. ისე ამ გახსენებაზე, სამივე განათლებული და ჭკვიანი კაცები ბრძანდებით ბატონებო და იქნებ თქვენ მაინც გამაგებინოთ და გამარკვიოთ, კულტურას სამინისტრო რა ჩემს ოცნებად სჭირდება, მით უმეტეს ამ უკულტურო, გაუთლელი ხიხოებით გატენილ ქვეყანაში?
მოეშვი ამ საზიზღარ პოლიტიკაზე ლაპარაკს, რამდენჯერ გთხოვო - გაბრაზდა გელა - ბიჭო, არ იცოდე მაინც, ვინ ვიყავი და ვინ ვარ, მაგრამ ვზივარ და ხმას არ ვიღებ, ხედავ კარგად.
-ჰოდა ხმას რომ არ იღებთ შენ და შენისთანები, იმიტომ ვართ ამ დღეში, მე, ჩემისთანები და ზოგადად ქვეყანა ღრმა და უშინაარსო უკანალში.
ერეჯან გელა არ გააბრაზო. აჰა გამომართვი, ჩადი მანანასთან და ,,პოლლიტრა", ამაიტანე. ალექსეევიჩმა ხუთლარიანი მიაწოდა ერეკლეს - ჩვენ ჭიქებს და ,,ზაკუსონს" მივხედავთ.
ერეკლემ ფული გამოართვა და ბაღის ბოლოში, მიწისქვეშა გადასასვლში მოწყობილ პატარა ბაზარში ჩავიდა, სადაც სხვა ქორვაჭრებთან ერთად, მეგრელი ქალბატონი მანანა ნაირ-ნაირ პროდუქტს და სურსათს სთავაზობდა გამვლელს.
  ორბელიანის ბაღის მიწისქვეშა გადასასვლელის ბაზარი არაფრით გამოირჩეოდა თფილისის სხვა ბაზრებისგან, არც ასორტიმენტით, არც სიიაფით, არც იქ თვითდასაქმებული კონტინგენტის ინტელექტით ბრწყინავდა. XXI საუკუნის ოციანი წლების თფილისის ჩვეულებრივი ბაზარი იყო, რომელიც სხვა თფილისურ ბაზრებთან ერთად ქალაქის ამაზრზენ და ატავისტურ მარკეტინგულ კოლორიტს ქმნიდა. ერეკლე ამ ბაზარს კალაპოლისის ჰიპერმარკეტს ეძახდა. კალაპოლისი თფილისს ერთი აგრესიული, პროვინციელი ჯეელის, საქართველოს დედაქალაქის მერად მეორედ არჩევა-დანიშვნის შემდეგ დაარქვა. საერთოდ, ერეკლეს, როგორც შემოქმედებითი ანთებით შეპყრობილს, უყვარდა არსებული ტოპონიმების წაღმა-უკუღმა გადაკეთებ-გადმოკეთება და ახლების შექმნა, რაც ზოგჯერ ძალიან კარგად გამოსდიოდა, ზოგჯერ არც ისე. მანანა ერეკლეს პატივს სცემდა. ერეკლემ რამდენჯერმე თარჯიმნის ფუნქცია შეასრულა უცხოელებთან მანანას კომუნიკაციისას, რომელიც უცხოელებს საქონლის ფასს ხელის თითების რაოდენობით აგებინებდა, მაგრამ პროდუქტის დასახელების დროს უკვე იძულებული იყო პანტომიმის ილეთები გამოეყენებინა, რათა გაკვირვებული და დაბნეული უცხოელებისთვის აეხსნა რა სხვაობა იყო ლობიოს და ჩურჩხელას შორის.
-ბონ ჟურ ქალბატონო მანანა. ამჯერად ფული მაქვს, ვალსაც კვირის ბოლომდე მოგართმევთ.
-რამდენია გახსოვს?
-10 ლარი.
-ასეთი კარგი და განათლებული კაცი რატომ იხრჩობ თავს სასმელში?
-იმიტომ რომ ამ მთავრობის გადამკიდე, ხურჯინივით რომ გადაგვეკიდა და უნიჭო სერიალივით აღარ დამთავრდა, მთელი ჩემი ადამიანობა და განათლება, მშვიდად შემიძლია ჩავდო ორმოც და ერთ უზარმაზარ ტომარაში და ლილოს ნაგავსაყრელზე გავატანო დასუფთავების მანქანას.
-ოხ, რა ენა გაქვს, რა გეშველებოდა ეგ ენა რომ არ გქონდეს?
პანტომიმით გეტყოდით სათბმელს ქალბატონო მანანა და საერთოდ ცხონებული რომენ როლანის არ იყოს, ,,რა საჭიროა ამდენი შფოთი, ხომ წმინდანია ალალი ლოთი?!"
ეგ სადაური როლანდია და ვინ ოხერია?
სენაკელი იყო ქალბატონო მანანა, ცხენისწყალდალეული ნობელიანტი.
-კაი დამანებე კაცო თავი, იტყვი რაღაც სასწაულებს. რა გინდა ახლა მაგი მითხარი.
-როგორც ყოველთვის ქალბატონო მანანა. ამინდის შესაბამისი ღვთაებრივი სითხე, ცხონებული ძია კვაჭიჭოსი არ იყოს, დღესაც არყისფრად ირიჟრაჟა, მჟავეს მცირედი ასორტი, ტყვია შუბლში, დანა კისერში და ორი საგზური ბიჭვინთაში, თუმცა იქ ჩასვლამდე აფერი მეტკინოს მე, სქანი გოლუაფირო - ბოლო ფრაზა გურულ-მეგრულ კილოზე წარმოთქვა ერეკლემ.
მანანამ ჯერ არაყი მიაწოდა ნახევარლიტრიანი ბოთლით, მერე პარკში აუწონავად ჩაულაგა კიტრის, კომბოსტოს და წიწაკის მწნილი.
-გრაცია სინიორა - თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა ერეკლემ.
  მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსული ერეკლე ხეზე ჩამოკიდებულ პოლიციის ვიდეოკამერას ტრადიციულად დაეჭყანა, დაეჯღანა, ენა გამოუყო და უსამართლო ქვეყნის სამართლადამცველების წინაშე
ვალმოხდილი მეგობრებთან მივიდა, რომლებსაც უკვე გაეშალათ ბაღის გრძელ სკამზე პურისგან, ყველისგან და ლობიანისგან შემდგარი მდიდრული სუფრა.
-ახლა ხდიდა არაყს თუ ზუგდიდიდან მოჰქონდა, იმ დალოცვილს, სად ხარ ამდენ ხანს ამ ,,პახმელიაზე";? - უსაყვედურა ვალერიმ.
-საგანმანათლებლო მუშაობას ვაწარმოებდი სქანი გოლუაფირო - უპასუხა ერეკლემ და არაყი ჭიქებში ჩამოასხა - ბრძანეთ ალექსეევიჩ.
-დღეს თამადა ბატონი გელა იქნება, რომელიც ბატონი ვალერისავით იშვიათადაა ჩვენი თანამებოთლე და თანამეჭიქე. გელას პატიჟი და ხვეწნა არ დასჭირდა. ალექსეევიჩს ვალერის და ერეკლეს ჭიქა მიუჭახუნა - შუადღე მშვიდობის დარდიმანდნო, ყარაჩოხელნო, პატიოსანნო ლოთნო და სხვანო დიდებულნო, განათლებულნო და კეთილშობილნო ქართველნო.
-ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და ბыდლოებისგან დაგვიცვას - ალექსეევიჩმა პური დაყნოსა და სულმოუთქმელად გადაკრა არყით ბოლომდე სავსე ჭიქა.
პირველ სასმისს ბოლომდე სავსეს სვამდნენ.
-დიდება უფალო შენდა - ქუდი მოიხადა ვალერიმ - მადლობა ყველაფრისათვის.
-ჩვენი მოკლემეტრაჟიანი, მცირელიტრაჟიანი და პუჭურტირაჟიანი, მრავალსერიანი
ალკოვიდაციის ფარგლებსა და ფორმატში ჩვენს ქოცგამძლე თფილისს და ბიძინამტან საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენი პროვინცგამძლე და კალაამტანი თფილისის თამადობით - ერეკლემ ცაში აიხედა:
-  ღმერთო სხვას არაფერს გევედრები, დაგვიფარე იდიოტებისგან. მიირთვეს პირველი სადღეგრძელო და მერე დაიწყო... იმიტომ კი არა, რომ ვინმე დათვრა... არა. უბრალოდ თფილისის ,,გრადონაჩალნიკი"; რომელსაც ერეკლემ მოფერებით და დიდი სიყვარულიდან გამომდინარე კალა-მაჰმად-ხან II დაარქვა, გაახსენდათ... პირველმა როგორც ყოველთვის ერეკლემ მოიხსენია ქართული ენის ყველა ბრუნვაში თფილისის ,,გრადონაჩალნიკი",  არც ალექსეევიჩმა და ვალერიმ დაინანეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები თფილისის ე.წ. მთავრობისთვის. გულებს იფხანდნენ, თორემ მათი ლაპარაკ-სადღეგრძელოებით, არც კატასტროფულად დამახინჯებულ ილია ჭავჭავაძის გამზირს უბრუნდებოდა საწყისი, ადამიანური მდგომარეობა და არც უაზროდ შევიწროებულ ქეთევან დედოფლის გამზირს.
  გელა კარგა ხანს უსმენდა პროვინციელების თფილად და ტკბილად მხსენებელ ქალაქელებს და ბოლოს, მოთმინების ფიალა რომ აევსო ერეკლეს მიუბრუნდა:
-ამ საზიზღრებზე ლაპარაკს მოეშვი და მომისმინე. ერთ ისეთ ამბავს მოგიყვები, სამომავლოდ პროზაში ან ფილმში რომ გამოგადგება.
  - ჩემი ფილმის გაკეთებამდე არაფერი მეტკინოს მე, მაგრამ, ა, ბატონო, სმენად ვარ ქცეული - გა-დაკრა ერეკლემ არაყი და სთქუა გელამ არაკი.
-2008 წლის აგვისტოში, გორს რომ მოადგა რუსის ჯარი, ერთ-ერთი რეგიონის უშიშროების შეფი ვიყავი. მივდივართ მე და ჩემი მეგობარი ლევან რობაქიძე სამსახურის მანქანით, უნდა გავასწროთ გასვლა ოკუპანტებს, ბრძანება გვაქვს სამსახურის დოკუმენტაცია  ჩავიტანოთ თფილისში, ან შეუძლებლობის შემთხვევაში გავანაჰგუროთ. ჩაკეტა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გორიდან გასასვლელი ყველა გზა და ხიდი, ვერ მოვასწარით გასვლა. რუსებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული ქართველი სამართალდამცავების განადგურების და ორი სანადირო ობიექტი თავად მივადექით ბლოკ-პოსტს მანქანით. БМП-დან ამოხტა კაცი, რომელმაც საბუთები უნდა შეგვიმოწმოს. ისე ჰქონდა სახე დალურჯებული თვალებთან, ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს. მივხვდი ჩვენი ჯარისკაცების ნამოქმედარი იყო. მესიამოვნა ჩვენი ბიჭების კამიკაძეობამდე მისული გაბრძოლება მტერთან და როგორც კი მოგვიახლოვდა, ეგრევე უზარმაზარი მრავალსართულიანი და ფრიად მშობლიური გინებით ვეუბნები:
- ქართველებს თავი როგორ აცემინე შე ნაბიჭვარო?
გაოგნებულმა მკითხა:
- ვინ ხარ, რატომ მაგინებ?
- მანქანიდან ჩამოდით. - მივხვდი რომ გვენძრეოდა, სამსახურის მთელი დოკუმენტაციის გარდა, საბარგული სამსახურის იარაღით იყო სავსე. ერთი ჩანაფიქრი მქონდა, მოულოდნელობის ფაქტორის გამოყენებით მინდოდა, ბეჭებზე დამედო ის ჩემისა და არც ვაციე, არც ვაცხელე, კიდევ ერთხელ რუსულად შევაგინე დედა და სხვა მრავალსართულიანი გინებაც მივაყოლე.
- რატომ მაგინებ? - მეკითხება გაოგნებული.
- გორში თქვენი ნაწილი რომ მშვიდობიანად შემოსულიყო რამდენი ხანი ვიმუშავე აზრზე არ ხარ და შენ ქართველებს როგორ აცემინე თავი შე ნაბიჭვარო? - და მესამედ მივაყოლე მრავალსართულიანი გინება არამარტო რუსულად. გაშრა,  გაშტერდა და უცბად თქვენობით მკითხა გადარეულმა:
- ვინ ბრძანდებით? 
- ФСБ-ს აქ ჩანერგილი ოფიცერი ვარ, ვუთხარი. გამეჭიმა სამხედრო დგომით, დამიბრუნა საბუთი, ჯარისკაცს ტანკის გაწევა უბრძანა და გაგვატარა... მე და ლევანი, როცა გავცდით 
ამ ნაბიჭვრებს და სამშვიდობოს გავედით, მანქანა გავაჩერეთ, კარგა ხანს ვისხედით გაუნძრევლად  და ვკანკალებდით.
  გასუსულები უსმენდნენ გელას. სიკვდილისთვის თვალებში ყველას ჰქონდა ჩახედილი აპაერთხელ, მაგრამ ასე აშკარად არც ერთს. ხმის ამოუღებლად გადაკრეს მეორე ჭიქა და ვალერიმ ერთი ძველი ქალაქური ამბავი გაიხსენა.
- გისმენდი გელა და შენს მონაყოლ სიკვდილთან შეხების ამბავზე, ერთი ჩემი მეგობარი გამახსენდა. ადრე ,,კოლხოზნი" რომ ერქვა ამ მოედანს და ტრამვაი დადიოდა ხომ გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს შე კაი კაცო, მაგ ხუთ ნუმერ ტრამვაიში, მე და ჩემი ძმაკაცი ვქეიფობდით.
- ტრამვაიში როგორ ქეიფობდით ალექსეევიჩ?-ჰკითხა ვალერიმ.
- როგორ ჩემო კარგო და ამ ბოლო გაჩერებაზე დავსხდებოდით, ორ-ორი ბოთლი ღვინო, ,,ახოტნიჩი კალბასი", ცხელი ლავაში და სანამ დიღომში გავიდოდა სამ კაპიკად ღირებული ხუთი ნუმერი ტრამვაი უკვე ,,ბარხატნად" ვიყავით. მაშინ ლიტრიანი ბოთლებით იყიდებოდა მშობლიური რვა ნუმერი. კონდუქტორებიც ჩაძმაკაცებული გვყავდა, ჩვენთან ერთად ისინიც ურტყამდნენ თითო ჭიქას. სხვა ურთიერთობა და სიყვარული ქონდა მაშინ ხალხს, არავინ არავის უბღვერდა და არავინ აჭერდა წიხლს წაქცეულს, მოკვდი შენი პატრონის დედაცო.
-ჰოდა მაგ ურთიერთობაზე ვყვები ზუსტად, ალექსეევიჩ. მტერმა ინატრა ის ჩვენი ცოდვით სავსე, ძალადობაზე დაფუძნებული და ძალადობაში მცხოვრები საბჭოთა კავშირი, მაგრამ ამ უზარმაზარი კოშმარის მიუხედავად, ბევრი პლუსიც ჰქონდა. კერძო სამეწარმეო საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული იყო, მაგრამ არსებობდა. მთავრობა ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს.
- როგორ არ მახსოვს, მაშინ იმ 15 რესპუბლიკაში ყველაზე მდიდარი და პატივსაცემი საქართველო იყო. სსრკ-ს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, ყველას მწვანე ჰქონდა ანთებული, ვისაც პასპორტში ეროვნება ცქართველი ეწერა, დღეს რომ მათხოვრებად აქციეს ხალხი ამ არაკაცებმა - გაბრაზდა ალექსეევიჩი.
-ჰოდა, ზუსტად მაგ მდიდრულ და პატივსაცემ პერიოდში, თფილისში ორბელიანის მოედანზე, ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან, დუქანი რომ ჰქონდათ ძმებს გივი და მურთაზ კობახიძეებს ეგეც გახსოვთ ალბათ.
- როგორ არ მახსოვს, არაჩვეულებრივი ხვანჭკარა და სასწაული ლობიო ჰქონდათ ქოთანში. ფასებიც ისეთი ადამიანური, ორი კაცი თუმნად ქეიფობდა.
- თანაც იმ ლობიოს ქოთანში ხარშავდნენ, შეშის ცეცხლზე - გააგრძელა ვალერიმ - არავითარი ქვაბი და ქურა, იმიტომ იყო ისეთი სხვანაირად გემრიელი. ვმეგობრობდი ძმებთან, ხშირადაც ვსტუმრობდი, გემრიელი და ჯიგრიანი ხალხი იყო. უყვარდათ სტუმრის პატივისცემა. არავის არასოდეს გაუშვებდნენ დუქნიდან გემრიელი ქეიფის გარეშე. ერთხელ მეგობარს უნდა შევხვედროდი კორტებთან, ახლა სადაც იუსტიციის სახლია. დათქმულ დროზე ბევრად ადრე მივედი და ქუჩაში უაზროდ დგომას, ძმებთან შევლა ვამჯობინე. არ მინდოდა დალევა, მაგრამ არ მომეშვა მურთაზი. 
- ბიჭო, კაცმა არ იცის, კიდევ გნახავ თუ არა და თითო ჭიქა დავლიოთო.
- რა იყო დალოცვილო, სიკვდილს აპირებ?- ხუმრობით ვკითხე.
- ვალერი, კაცმა არ იცის ვის, როდის, რა გველოდება და კაცური სიკვდილისთვის სულ მზად უნდა იყო - მიპასუხა. თითო ჭიქა რამდენიმე ბოთლში გადავიდა და გვარიანად შეზარხოშებული წამოვედი ძმების დუქნიდან. მეორე დღეს ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა, ტიროდა ტელეფონში, მურთაზმა თავი მოიკლაო.
- მიზეზი რა იყო?- შეწუხებული სახით ჰკითხა ალექსეევიჩმა.
-ეგ არავინ იცის ალექსეევიჩ, მაგრამ იმ საღამოს ნამდვილად არ გავდა მურთაზი კაცს, რომელიც თავის მოკვლას აპირებდა.
  ერეკლემ სასმელი ჭიქებში ჩამოასხა, ლოცვა გარდაცვალებულთათვის წაიკითხა და მესამე ჭიქაც გადაკრეს.
  - ეჰ, აღარც სამ კაპიკად ღირებული ხუთი ნუმერი ტრამვაია, აღარც ცხონებული სოსო გრიშაშვილის თფილისი. ვდგავართ ოთხი უსაქმური ჯეელი და ქუჩაში ვლოთობთ - ხელი ჩაიქნია ალექსეევიჩმა.
- ალექსეევიჩ, შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ალკოლიკვიდატორების სპეც. დანიშნულების, გადარჩენის და ხსნის არმიას და მის წმიდათაწმიდა მისია-მოვალეობა-საქმიანობას. ჩვენ კი არ ვლოთობთ, ინტელექტუალურად ვანადგურებთ ალკოჰოლს.
- შენ გინდა ლიკვიდატორი დაარქვი, გინდა ტერმინატორი. ლოთი ლოთია. ცხონებული მამაშენის დროინდელ ამბებს რომ იხსენებ, იმ დროს ერთი ბოთლი ღვინით, ქეიფში ღამეს ვათენებდით. ჩემთან ეზოში როგორი ხალხი მოდიოდა, რომ მახსენდება, მეშინია სიხარულისგან გული არ გამისკდეს. ცხონებულ გალაკტიონთან გვიქეიფია ჩემთან ეზოში, ვიდრე ,,ლეჩკომბინატში" დაწვებოდა.
-ამას გვიმალავდით ალექსეევიჩ?-ლუკმა ლამის გადასცდა ერეკლეს.
- მუდრეგ, როდის მკითხე და არ მოგიყევი?
-ჰოდა, აი გასუსულები გისმენთ ალექსეევიჩ - ერეკლემ არაყი ჩამოასხა - თქვენს ეზოში ნამყოფი გარდაცვლილი ხალხი საიქიოში აცხონოს ღმერთმა, ჩვენ კიდევ ამ ქოცოხეთად ქცეულ სააქაოში.
გადაკრეს არაყი და ბატონმა ჯუმბერმა დაიწყო არაკი.
- ჩემს ჯეელობაში ჩვენს ქუჩას, ეხლა რომ აკაკი ხორავას ქუჩა ჰქვია, მლეთის ქუჩა ერქვა. მაშინ სოფლიდან რომ ჩამოდიოდნენ მასიურად და თფილისში სახლდებოდნენ, ქუჩებს სახელებს სოფლების სახელების მიხედვით არქმევდნენ. მლეთის, ლარსის, ყაზბეგის, კობის... ეგ ადგილი იმპერატორ ნიკოლაი მეორის ნათლულის, გენერალ-ლეიტენანტ გაბაშვილის საკუთრება იყო, იმპერატორის საჩუქარი. პაპაჩემის პაპის მამამ იყიდა გენერალ გაბაშვილისგან მიწის ნაკვეთი. ორსართულიანი სახლი ააშენა, რომელიც მოგვიანებით მთავრობამ დაანგრია და ახალი ოთხსართულიანი სახლი დადგეს ძველის ნაცვლად. სახლის ეზო იმდროინდელი თფილისის ელიტარული ბოჰემის შეკრების ადგილი იყო. ხომ გახსოვთ თფილისური ეზოები, იტალიურებს რომ ეძახიან, სულ პროტესტის საშინელი გრძნობა მაქვს. არავინ დამიწყოს იტალიური. თფილისის განუმეორებელი კოლორიტის ეზოები იყო და ბასტა. ეზოში ონკანთან მრგვალი ,,სტოლი" იდგა, ყველა მეზობელს ოჯახიდან გამოჰქონდა სასმელი, სადილი და იწყებოდა თფილისური, ქალაქური სპექტაკლი, რომლის სცენარისტებიც და რეჟისორებიც, ქალაქის საამაყო სავიზიტო ბარათი - ,,ოჩენ კოლორიტნი" ყარაჩოხელები იყვნენ. იშლებოდა სუფრა, რომელთანაც გატარებული რამდენიმე საათი ადამიანური ურთიერთობის აკადემია და ინტელექტუალური უნივერსიტეტი იყო. ჩემი ოთხი მამიდიდან ერთი ალპინისტი იყო თამარ ხუციშვილი, რომელსაც ქმარი დაუხვრიტეს. 
37-ში ,,ტროიკის" თავმჯდომარე იყო ბიძაჩემი და მაგას შეეწირა კიდეც. მამიდაჩემმაც ათი წელი გაატარა გადასახლებაში, ირკუტსკში, როგორც ხალხის მტრის ცოლმა. ცხონებული პაპაჩემი ონისიმ გიორგიევიჩ ხუციშვილი ლექსებს წერდა. ყარაჩოხელი კაცი იყო და შესაბამისად ქეიფი გადამეტებულად უყვარდა. იეთიმ გურჯად ცნობილ ილია დაბღიშვილთან და გიორგი ქუჩიშვილთან მეგობრობდა. იეთიმი და გიორგი ხშირად სტუმრობდნენ პაპას, სხვაგანაც გადიოდნენ საქეიფოდ, ვერის ბაღში, სატიოზე, ტივებზე ქეიფობდნენ, მაგრამ ძირითადი დისლოკაციის ადგილი ჩვენი სახლის ეზო იყო. ერთ საღამოს მამაჩემს ცნობილი პროფესორი, გემრიელი ვერელი კაცი, ექიმი გიორგი მუხაძე, პოეტი ვარლამ ჟურული და გალაკტიონი ეწვივნენ. ცოტა ხანში ცნობილი მომღერალი ლადო კავსაძე შემოურთდა ეზოში გაშლილ სუფრას და ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბები დატრიალდა. ეჰ, ეგეთი ფოტოაპარატიანი ტელეფონები ყოფილიყო, ხომ მექნებოდა ფოტო გალაკტიონთან. იმ საღამოს სუფრის დეტალები არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ერთი ეპიზოდი არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. გალაკტიონს სთხოვეს ლექსი წაეკითხა და თქვენ რომ რადიოთი გაქვთ მოსმენილი, ,,მთაწმინდის მთვარე", გალაკტიონს გვერდით ვეჯექი და ისე ვისმენდი. საოცარი ემოციით წაიკითხა. ცნობილ ჩანაწერზე ბევრად უფრო ექსპრესიულად. მთელი ცხოვრება ყურში მაქვს გალაკტიონის წაკითხული ,,მთაწმინდის 
მთვარე" ჩვენს ეზოში სუფრასთან - ბატონ ჯუმბერს ცრემლები ჰქონდა თვალებში - ერეჯან, ,,ზაკრუგლიაემსია"- სასმელი ჭიქებში ჩამოასხა ალექსეევიჩმა-მიდი ის შენი ჯიგრიანი სატალახო სთქვი.
  - ვით გინდა სული რომ დააწყნარო?
რით გინდა გული რომ იყოს მშვიდი?
როცა ბებერი თფილისელები
ჩვენი ქალაქის პანაშვიდს ვიხდით...
თქვენს ეზოს გაუმარჯოს ალექსეევიჩ, ყველა თფილისურ ეზოს, დიდება უფალს და მადლობა განგებას იმ ზღაპარში ცხოვრებისთვის. ცხონებული სოსო გრიშაშვილის არ იყოს, თფილისურად და ქალაქურად, დარდიმანდულად და ყარაჩოხლურად, იმ ადამიანებს გაუმარჯოთ, ვინც თქვენ სახლში სანთელანთებულნი გელოდებიან, ჩვენა კიდევა ბემურაზნო და შაიტანნო, მთვრალებსაც და ფხიზლებსაც ისეთი ბანცალ-ბუნცულით გვევლოს, ფეხი არასოდეს აგვეროდეს და ტალახში არ ჩავვარდნილიყავით. ჰოდა ამ საქმეში, იმ მნათობს გაუმარჯოს, გზას რომ გაგვინათებს და გვეტყვის: ,, ეე, მუდრეგ, აქეთ გამაიარე, იქით ხრამია, არ ჩავარდეო"
ჭიქები ბუჩქად მიუჭახუნეს ერთმანეთს. სულმოუთქმელად გადაკრეს. სუფრის ნარჩენები პარკში ჩაყარეს ბოთლიან-ჭიქებიანად. პარკი ბუნკერში ალექსეევიჩმა ჩააგდო და ბიბლიოთეკისკენ წავიდნენ.
  რეზო თაბუკაშვილის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, შავებში ჩაცმული, მოხუცი ქალბატონი გადაუდგათ წინ.
- შვილებო, მშიერი ვარ, პურის ფულით იქნებ დამეხმაროთ.
გაშრნენ და ადგილზე გაქვავდნენ ოთხივენი. ვალერი იქვე საცხობთან მივიდა, ხაჭაპური და ლობიანი იყიდა და ქალბატონს მიუტანა. გედამ ფული ამოიღო ჯიბიდან და ხელში მისცა მოხუცს. მიტკლისფერი ალექსეევიჩი და აკანკალებული ერეკლე ერთმანეთს უყურებდნენ და თვალებით ჭამდნენ. ბიბლიოთეკამდე ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.
  ბიბლიოთეკაში ასულმა ერეკლემ მუშაობა ვეღარ გააგრძელა. იჯდა, უაზროდ ჩაჰყურებდა წიგნს და ტიროდა...
                                                               2023-2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი