მამილო


პროფესსორი ზურაბ მურვანიძე ხომ გახსოვთ, პირახვეული რომ მივიდა პარლამენტის სხდომაზე?! ჰოდა იმ პირახვეულ დეპუტატთან მეგობრობის ბევრწლიანი ბედნიერება და პატივი მქონდა, 2008 წლიდან ზურიკოს გარდაცვალებამდე. იმდენად ახლო მეგობარი იყო, რომ მაკას  და ჩემს დაოჯახებაში უმთავრესი თუ არა მთავარი როლი ითამაშა, მაკამ და მე ოჯახი რომ შევქმენით, ზურას უდიდესი დამსახურება იყო. ზურიკოს თვალწინ ვითარდებოდა ჩვენი ელვისებური და მოკლემეტრაჟიანი რომანი. იმდენი უჩხიკინ-უჩიჩხინა მაკას - არაა, აი ყაძახი ხელიდან გასაშობიო (გურული კილოთი ველაპარაკებოდით ერთმანეთს ზურა და მე), რომ გატეხა მთიული დიაცის სიკერპე და მაკა ჩემთან გადმობარგდა საცხოვრებლად...
 არ მახსოვს რომელი წელი იყო, გამთენიისას გამაღვიძა მაკამ.
- ვერ ვარ კარგად, წყალი დამალევინე. ყველანაირი ტკივილამტანგამძლე მაკასგან წარმოუდგენელი იყო ასეთი თხოვნა. შუქი ავანთე, შევხედე და მიტკლისფერი ადევს. მყისიერად გამოფხიზლებულმა ჯერ წყალი მივუტანე, მერე წნევა გავუზომე. 150/120! სასწრაფოს გამოძახებაზე კატეგორიულად სასტიკი უარი მივიღე. რა გინდა რომ გააკეთო?  ხელმა თავისით აკრიფა პროფესსორ მურვანიძის ტელეფონის ნომერი.
 - მამილო, მაპატიე უთენია რომ გაგაღვიძე, მაკაა ცუდად. შეძლებ გამოხვიდე?
 - არ გამაღვიძე. მეგობარს ვაცილებ აეროპორტში. მალე მოვალ...
 20 წუთში მოქანდა ზურიკო სოლოლაკში. ყოველგვარი წამლების და ნემსების გარეშე ნახევარი საათის განმავლობაში ადამიანის ფერიც დაუბრუნა მაკას და წნევაც დაურეგულირა...
 რამდენიმე თვის შემდეგ მაკას სამსახურში ვაცილებდი და ირინამ (ზურას ცოლმა) დაურეკა - ზურიკო გარდაიცვალა...
ძალიან მენატრები მამილო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი