ბედნიერება შეკვეთით


წაგებული ომის ერთი დღის ქრონიკა

2008 წლის 24 აგვისტოს თბილისიდან დილის ცხრა 
საათზე წავედით გორისკენ. გზაში, როგორც საერთოდ 
ხდება, ვცდილობთ ერთმანეთი ანეკდოტებით და 
ათასგვარი სისულელეებით გავართოთ. არადა, 
ვგრძნობ, თავში ყველას ერთი ფიქრი გვიტრიალებს, 
როგორ მდგომარეობაში დაგვხვდება გორი... ვატყობ 
შიშის თუ სიფრთხილის გრძნობაც არის, ბოლო ბოლო 
ომში მივდივართ... მაკა ყველაზე კარგად გრძნობს 
თავს, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს სიგარეტზე 
ეწევა. 
ვუახლოვდებით გორის შესასვლელს. გზაში 
რუსების სამხედრო კოლონები გვხვდება, რომლებიც 
სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით მიდიან. 
ძალიან შორს საშინელი მოცულობის კვამლი ჩანს. 
მანქანას ვაჩერებთ და ვიღებთ. მთავარია მასალა 
ავკრიფოთ და ბოლოს და ბოლოს საზოგადოებას 
ვუთხრათ სიმართლე იმ საშინელების შესახებ, რაც 
ხდება, თორემ სააკაშვილის არხები, თექვსმეტი 
დღეა უსინდისოდ ატყუებენ მაყურებელს... შევდივართ 
გორში. პირველივე ქუჩაზე (რომელსაც გორელები 
ვერხვების დასახლებას ეძახიან) გვხვდება გადამწვარი 
და დანგრეული სახლები, თუმცა მთლიანობაში ქალაქს 
ნაკლებად ეტყობა ომის ნაკვალევი. მოშორებით, 
სამხედრო ნაწილის ჭიშკარზე წარწერაა: სდექ, 
დანაღმულია! ორ წუთში უკვე ჩვენი ჯარის კოლონა 
გვხვდება. აგაშენათ ღმერთმა, მოგვეცა სამუშაო! 
რასაკვირველია არ გვეუბნებიან რომელი ნაწილია და 
რა ამოცანა აქვთ, მაგრამ მთავარია, რომ ქართულ 
ქალაქს ქართული ჯარი იცავს!
ვიღებთ გაუბედურებულ დევნილებს, ხალხს, 
რომელსაც კაცმა არ იცის რატომ მიერეკება 
ხელისუფლება, ჯერ კიდევ ოსების და არა რუსების 
მიერ კონტროლირებად სოფლებში... ქუჩაში მხვდება 
ქალბატონი, რომელიც მეუბნება, რომ რამდენიმე წუთის 
წინ სამხედრო ჰოსპიტალში ნაღმზე აფეთქებული 
ორი ადამიანი მიიყვანეს. ორ წუთში ჰოსპიტალის 
მიმღებში ვართ... 
ჟურნალისტიკაზე მძიმე და უმადური სამუშაო 
არ არსებობს მსოფლიოში. არა მგონია, ვინმეს 
სიამოვნებას ანიჭებდეს ნაღმზე აფეთქებული 
ადამიანის გადაღება...
წეღან საშინელი მოცულობის კვამლი, რომ ვახსენე, 
სწორედ ამ აფეთქებით იყო გამოწვეული. რუსების 
დადებულ ნაღმზე საწვავით სავსე ცისტერნა აფეთქდა, 
ვიღებთ უკვე გარდაცვლილ ქალბატონს. ინტერვიუს 
ვწერთ მიმღების მორიგე ექიმთან, რომელსაც 
დაღლილობისგან ლაპარაკის თავიც არა აქვს... 
გორელებისგან ვიგებთ, რომ გორში სპეციალური 
დავალებით არის ჩამოსული მსოფლიოში ყველაზე 
,,მაგარი" ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ჯგუფი. მათ 
ნაციონალური მოძრაობის მიერ გაბედნიერებული 
გორელების სახეების გადაღება აქვთ დავალებული.
ხუმრობა არ გეგონოთ. უბრალოდ ნაციონალურმა 
ხელისუფლებამ და მისმა ლაქიებმა ვერაფრით 
დააღწიეს თავი კომუნისტურ მენტალიტეტს, რომელსაც 
თავგამოდებით ებრძვიან~. ისე, ცოდვა გამხელილი  სჯობს და პირველად გავიგე, რომ ნაციონალური  მოძრაობისთვის ბედნიერების შეკვეთაც შეიძლება.  დღემდე შეკვეთილი მკვლელობების დიდოსტატებად  ვთვლიდი... გორში გადასაღები უკვე აღარაფერია და  კარალეთისაკენ მივდივართ.  რუსების პირველ საგუშაგოს მივუახლოვდით.  ჯარისკაცი ჩვენდა გასაოცრად ძალიან ზრდილობიანად  გვთხოვს საბარგულის გახსნას. ველოდები ჩვენი  კამერების დამნახავი, როდის მოგვთხოვს რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციას,  მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. საბარგულს ამოწმებს  და გზას ვაგრძელებთ. ჩვენი უმეტესობისათვის კარალეთში ეს პირველი  ჩასვლაა. კარალეთი, საქართველოში ერთ-ერთი  ყველაზე დიდი, ლამაზი და მდიდარი სოფელია.  სოფლის ბირჟაზე ვჩერდებით და იქაურებთან საუბრის  დაწყებას ვაპირებთ, რომ რუსების მძიმე ტექნიკის  კოლონა ჩნდება. მანქანაში ვძვრები და ისე ვიღებ.  კოტე სტალინსკი არც ფიქრობს, ვინმეს ან რამეს მოეფაროს შუა  გზაზე დგას და იღებს. მაკაც აჩხაკუნებს ფოტოაპარატს.  ველოდები, როდის გადმოხტებიან ტანკიდან და  ავტომატებს მოგვიღერებენ, მაგრამ აგრესიულად განწყობილმა ოკუპანტებმა, 
 არ ვიცი რატომ, ისე 
ჩაგვიარეს ორი ვიდეოკამერით და ფოტოაპარატით 
შეიარაღებულ ქართველ ჟურნალისტებს, სვლის 
შენელება არც უფიქრიათ. საბოლოოდ ვრწმუნდები, 
რომ სააკაშვილის არხები ბუზისგან სპილოს ქმნიან 
და არავითარი აგრესია არ არის რუსებისგან არც 
ჟურნალისტებისადმი და არც მოსახლეობისადმი...
ვიღებთ გადამწვარ სილამაზის სალონს, რომლის 
შესასვლელში ჩანახშირებული ძაღლი გდია. 
მაკას ძლივს ვაჩერებ, რომ შიგნით არ შევიდეს.
წეღან სოფელ კარალეთის სიმდიდრე ვახსენე და არ 
შემიძლია ძალიან ლამაზი და გემრიელი კარალეთელი 
ადამიანების სტურმართმოყვარეობა არ აღვნიშნო. 
ჩასულები რომ დაგვინახეს,
 დიდიან-პატარიანად 
ყველა ოჯახში გვეპატიჟებოდა -,,თითქმის ყველაფერი 
წაგვართვეს შობელძაღლებმა, მაგრამ სტუმარს, მაინც 
ისე დავხვდებით, როგორც ქართველებს გვეკადრება"-
ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს. გასკდით გულზე 
სააკაშვილებო დადანარჩენო მართლა კრემლის 
აგენტებო. ძალიან იჩალიჩეთ ქართველების 
გადაგვარება, მაგრამ არ ჩაგივიდათ ფეხი. 
ხალხს სახლ-კარი გადაუწვეს, ბომბები თავზე ეცემოდათ, 
სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ, მაგრამ სტუმრის 
ღირსეულად დახვედრა ამჟამად მათი ერთადერთი 
საზრუნავია. ასეთ ერს გინდათ მოერიოთ კოკაინით 
და სუბოტექსით გამოქლიავებულო ხელისუფალნო? 
ბებიათქვენისა არ გინდათ?..
შევდივართ ერთ ოჯახში. ოთხმოცს მიტანებული 
ოჯახის უფროსი ტირილით იხსენებს, როგორ 
გადავიდა მასთან მეზობელი გასაფრთხილებლად, 
როცა სოფელში რუსების ტანკები შემოვიდნენ, როგორ 
იმალებოდნენ მოხუცები ბოსტანში ოსი და კაზაკი 
მოროდიორებისაგან, როგორ იყრებოდა სოფელში 
ბომბები, როგორ შეუვარდნენ სახლში და როგორ 
სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ძალიან მძიმეა ამ 
ადამიანების მოსმენა. თოთხმეტი წელია ვიდეოკამერა 
მიჭირავს ხელში და პირველად გადაღებისას 2008 
წლის 13 აგვისტოს ვიტირე, როცა გაუბედურებულმა 
დევნილებმა რუსთაველი გადაკეტეს. ახლა ვცდილობ 
ცრემლი შევიკავო და სიკვდილს სასწაულით 
გადარჩენილი ადამიანები უფრო არ დავრთგუნო.
ასე დავდივართ ოჯახიდან ოჯახში. მეზობელ 
სახლში ახალგაზრდა კაცი მარტოა და საწოლთან 
თოფი უდევს. - ძლივს გავასწარი დაბომბვისას, 
ცოლ-შვილი გავიყვანე სამშვიდობოს და დაბრუნებულს 
სახლი გაძარცვული დამხვდა. წაიღეს ყველაფერი რაც 
კი მოეწონათ: ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი, 
ვიდეოკამერა... მაგრამ აქედან მაინც არსად წავალ, 
ჩვენს სოფელს ჩვენ თვითონ დავიცავთ. ისიც, მინდა 
იცოდეთ, რომ რუსებს კარალეთიდან არაფერი წაუღიათ, 
ჩვენს სახლებს ოსები და კაზაკები ძარცვავდნენ.
კარალეთელები თავისას არ იშლიან და ღვინის 
დასაჭაშნიკებლად მაინც გვეპატიჟებიან. 
საოცარია ეს ამდენ უბედურებაგადატანილი ხალხი 
ღიმილით როგორ გვიხდის მადლობას, იმისთვის, რომ 
ჩავედით, რამდენადაც მოვახერხეთ მათი ტკივილი 
გავიზიარეთ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ 
ჩვენ ვიყავით პირველი ქართველი და მე მგონი 
არამარტო ქართვე-ლი ჟურნალისტები, ვინც წაგებული 
ომის დამთავრებისთანავე (ომის მსვლელობისას 
საქართველოს ხელისუფლებლების უნიათობის გამო 
შეუძლებელი იყო საომარი მოქმედებების არეალში 
შეღწევა), გორიდან ცხინვალის მიმართულებით 
წასვლა გაბედა. წავედით იმიტომ, რომ უნდა 
წავსულიყავით, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს 
გადაუხდელი ვალი აქვს შიდა ქართლში სამამულო 
ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების, ოფიცრების, 
ექიმების, ჩვენი კოლეგების - ჟურნალისტების და 
იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გაურკვეველი 
ორიენტაციის სუბიექტების პოლიტიკურ ამბიციებს 
შეეწირნენ. წავედით იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ და 
არ მოვიქცეოდით, იმიტომ, რომ ჩვენთვის სამშობლო, 
მარტო სუფრასთან წარმოთქმული სადღეგრძელო და 
მკერდზე მჯიღის ცემა არ არის...
მამაკაცებს იმდენად არა და მაკას, როგორც 
საოცრებას ისე უყურებენ -,,ქალმა როგორ გაბედე აქ 
წამოსვლა"?...
სტუმართმოყვარე მასპინძლებს დავემშვიდობეთ და 
უკვე რუსების მეორე საგუშაგოსკენ მივდივართ. ვიარეთ 
ალბათ 10-15 წუთი. გზაში ათასგვარ ზოგად თემაზე 
ვსაუბრობთ, ნანახი და მოსმენილი საშინელებიდან 
ყურადღების გადასატანად. სოფელ ტყვიავში, გზაზე 
ორი ,,ჟიგულია" გაჩერებული. ერთ მანქანას კაპოტი 
აქვს ახდილი. მძღოლი ხელს გვიწევს და გაჩერებას 
გვთხოვს.
 -გამარჯობა - აშკარად გაუმართავი ქართულით 
გვესალმება ,,გაფუჭებული" მანქანის მძღოლი-სად 
მიდიხარ?
 -ჟურნალისტები ვართ, გადაღებაზე.
 -გადმოდი მანქანიდან- მბრძანებლური ტონით 
ამბობს ჯაყოს წვერგაუპარსავი შთამომავალი და 
დავინახე, მაკაროვის ლულიდან, როგორ მიყურებს 
ვიღაც თუ რაღაც – მე შენი სიკვდილი ვარ... 
წამის მეასედში მეორემ АКСУ მოგვიღერა. გადავდივართ 
მანქანიდან. პირველი ფიქრი, რომელმაც გამიელვა - 
აქვე დაგვცხრილავენ და მაკას წაიყვანენ.
ან შეიძლება არც დაგვხვრიტონ, ჩაისვამენ მაკას 
და მერე თუ გინდა ტყვია იხალე შუბლში, რა ჩემს 
ვარდად გინდა სიცოცხლე?
ვგრძნობ, რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა, ან ხმის 
ამოღება და რაღაც ძალიან საშინელი მოხდება...ვერ 
ვბედავ შევხედო მაკას...
 -ხელები მაღლა აწიე!- ყვირიან ოსები - 
გასაღები სად არი? ჩქარა გასაღები მოიტა-ოსები 
თავპირისმტვრევით სხდებიან მანქანაში და რამდენიმე 
წამში სოფელ ტყვიავის გზაზე ვდგავართ. ახლა უკვე 
უმანქანოდ და უაპარატუროდ დარჩენილი, სიკვდილს 
სასწაულით გადარჩენილი ადამიანები...
დიდება, უფალო შენდა!..
მოვტრიალდით და ხმის ამოუღებლად ვბრუნდებით 
უკან. 
-იქნებ ყანებით ვიაროთ - ამბობს მაკა - რომ 
მობრუნდნენ?
-და ნაღმები რომ იყოს ჩადებული, სად მიდიხარ? 
გზას ისევ ტრასით ვაგრძელებთ... ნახევარ საათში 
მომხდარის შესახებ იცოდნენ საქართველოს სახალხო 
დამცველმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა, სახელმწიფო 
მინისტრმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა, რუსმა 
გენერალმა ლენცოვმა და ცხინვალში მყოფმა ეუთოს 
მისიის წამომადგენლებმა... გზაში ტყვიაველი კაცი 
წამოგვეწია მანქანით და ქართული პოლიციის პოსტთან 
მიგვიყვანა. პოლიციელები ცდილობენ დაგვამშვიდონ, 
განსაკუთრებით მაკაა ყურადღების ცენტრში, ერთმა ატამიც შესთავაზა, გაოცებას ვერ მალავენ - 
აქ როგორ გაბედე წამოსვლა? - მაკას პასუხად 
ეღიმება... პოლიციელები მანქანას გვიჩერებენ და 
თხუთმეტ წუთში შიდა ქართლის გუბერნატორის 
მისაღებში ვსხედვართ.
გუბერნატორის პრეს-სამსახური ოპერატიულად 
ავრცელებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ 
და ნახევარ საათში ,,რუსთავი 2" მოქანდა ჩვენს 
გადასაღებად. 
ყრუების და დებილების გასაგონად კიდევ ერთხელ, 
კატეგორიულად და ხმამაღლა ვაცხადებ:
ჩვენი ჟურნალისტური ჯგუფი, მძევლად არსად, 
არავის აუყვანია!
დაგვაყაჩაღეს ოსმა მოროდიორებმა და არა რუსმა ,,აგრესორებმა"!
P. S. ორმოცი წლის განმავლობაში ჩემს 
ცხოვრებაში ყველაზე ,,დაუვიწყარი" დღე 2008 წლის 
24 აგვისტო იყო, როცა მე და ჩემი მეგობრები უფლის 
წყალობით სიკვდილს გადავურჩით. ჩვენი კოლეგების გიგა ჩიხლაძის 
და საშა კლიმჩუკისაგან განსხვავებით, გაგვიმართლა. 
ეს რეპორტაჟი გიგასა და საშასთან ერთად ყველა იმ 
ჟურნალისტის ხსოვნას ეძღვნება, ვინც პროფესიული 
მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მსოფლიოს 
სხვადასხვა ქვეყანაში. 
მაპატიეთ, ჩემო კარალეთელებო, რომ ამ 
პატარა რეპორტაჟში სახელებით და გვარებით არ 
მოგიხსენიეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ისევ თქვენი 
უსაფრთხოებისთვის გავაკეთე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი