მიართვა მკითხველისადმი


მრავალთა განსწავლულთა და ნიჭიერთა ქვეყანაში, პოეტობის და მწერლობის ამბიცია რომ ექნება ადამიანს, ან ჩამოყალიბებული გენიოსი უნდა იყოს ან ჩამოუყალიბებელი იდიოტი. გურულობის მიუხედავად იმ დონეზე ჯერე არ გავაბდლებულვარ, რომე გენიოსად მივიჩნიო ჩემი თავმდაბლობამდე მოკრძალებული და მოკრძალებამდე თავმდაბალი პერსონა, თანაც თფილისის ფსიქიატრიული კლინიკის სამედიცინო დასკვნის თანახმად არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ მახასიათებს, შესაბამისად იდიოტადაც არ და ვერ ჩავითვლები. ზემოთქმულიდან გამომდინარე და ქვემორე სათქმელიდან შემდინარე არასოდეს მქონდა, არც მაქვს და არც მექნება პოეტობის და მწერლობის ამბიცია, მაგრამ ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში, ფსევდოდამოუკიდებლობის, 
დე იურე თავისუფლების და აგრესიული პროვინციალიზმის პირობებში მომიხდა ცხოვრება და ვწერ გლახათმყოფობის ამბებსა მრავალტანჯულისა სამშობლოისა ჩემისა, ვწერ იმას რაც მაწუხებს, მტკივა, მაშფოთებს და მოსვენებას არ მაძლევს. ვწერ იმიტომ, რომ შთამომავლობამ იცოდეს სიმართლე, იმ ჯოჯოხეთის, პროვინციული მარაზმის და ისტორიული ატავიზმის შესახებ, რომელშიც აიძულებენ ყოფნას ადამიანებს XXI საუკუნეში ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი", რამეთუ მომავალმა თაობებმა სცადონ ცუდის უკეთესით შეცვლა, იარონ სიკეთის, სიყვარულის, სიმართლის, პროგრესის გზით...
  ჩემი ეპისტოლარული ნაბოდვარ-ნაცოდვილარები თუ შეძლებენ, ღიმილი და ცრემლი მოგგვაროთ, დაგაფიქროთ, როგორ შეიძლება სიცოცხლის გაუკეთესება, გაუმჯობესება გალამაზება, გახანგრძლივება, ცუდის არა უარესით, არამედ უკეთესით შეცვლა, ჩავთვლი რომ ტყუილად არ ვამძიმებდი ცოდვილ დედამიწას ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს...
მადლობა თქვენდა ადამიანებო, ვინც იზილეთ საიტი ესე და მოთმინებითა თქუენითა გაეცანით შინარსს მისას.
მუდამ თქვენი
ერეკლე მტკვარელი 
(ირაკლი გოგუაძე).
საქართველო, თფილისი, 
2012 - 20....რომელიღაცა წელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი