Მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!
Მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!
06.02.2026/15.00'
06.02.2026/15.00'
Ciivis pacem? - para bellum! *
აფორიზმი - ,, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო"! - ეკუთვნის გერმანელ დრამატურგს და მწერალს, ბერტოლდ ბრეხტს.
ომის დასრულების შემდეგ ხშირად იწყება არა ნამდვილი შვება, არამედ მშვიდობის სახელით მოვლენილი ახალი, ფარული საფრთხეები, უსამართლობა და ადამიანების დევნა და ჩაგვრა მშვიდობიან ვითარებაში.
ვიკიპედიის განმარტება.
მშვიდობა თქუენდა, ქრისტეშობამდე ქრისტიანენნო და რომის პაპზე დიდო კათოლიკენო დანო და ძმანო, გეორგიანნო, გიურჯნო, გრუზინნო, გრაჟდანკებო და გრაჟდანინებო, გიჟ ვრაცუანნო, იახშ კარდაშნო,
გუტენ ფრაუნო, Შერ მესსირებო,
Ბუენოს ნინოსებო, Პაუპერეს სენიორიბუსებო,
და იშვიათად, ზოგჯერ, ხანდახან, ეტიკეტისთვის და ზრდილობისთვის მცირედ ქართველნოც!
ყველგან მდებარენო - აღზევებულნო, გახარებულნო, გაფარჩაკებულნო, მავედრებელნო და მნყალობელნო, მტკვარდალეულნო, რიონმხვრეპელნო, მიჯირყვნილნო და ვაინაჩარნო, წარსულით თქვენით მოამაყენნო, აწმყოთი მტკბარნო და მომავალზე არა მფიქრელნო, ამპარტავანნო, ბრიყვნო და ფლიდნო, მცონარენო და უსაქმურნო, გაუტეხელნო, მოუდრეკელნო, საუკუნეთა განმავლობაში - ჯოს-ჯოს-ჯოს! - ძახილში გაბრუებულნო! მშვიდობას გაუმარჯოს თქუენსას და იმ ბრძენკაცებს ვინც ომს აგარიდათ! კაცთ, ფრიად ბრძენთა, განსწავლულთა და ყვეელგანმსვლელთა, ყველგანმავალთა, გარდამავალთა, კაცთა, რომელნიც ომს გარიდებენ მშვიდობიანად. მშვიდად გჭამენ და მშვიდად გსვამენ, მშვიდად გხრავენ და მშვიდად გღრნიან, ჯოჯოხეთურად გრყვნიან და გხრწნიან, ომი არ არის რაც მთავარია, სხვა ყველაფერი ასატანია, ჰოდა თქვენც იტანთ კარგა ხანია, ყიზილბაშსა და ფერადკანიანს, აბდულას, ჯონის, ბოგდანს, ვანიას, ომი არ არის რაც მთავარია! სტაბილურად ვართ დიდი ხანია, წინ-წინ მივიწევთ
შეუდრეკელნი, კურსით პროგრესის, განვითარების, წინსვლის და უკან არ დაბრუნების. მივდივართ შორად, ცის დასავალსა, ვართ მარადიიულ მოძრაობაში და ის ხალხი ვართ, რომელიც მიდის, მაგრამ სად? რატომ? როგორ და რისთვის? არავინ აზრზე არ არის და არავინ იცის! Მიდი, მოვდივარ, მიდი და მიდი, შეუქცევადი პროგრესით მიდი, მუდმივი წინსვლით, წარმატებებით, დატბორილ გზებით, დამეწყრილ მთებით, სისხლგამშრალ ტბებით, სინდისგაცრეცილ მდინარეებით, ვიწრო ქუჩებით, მძიმე ჰაერით, ნაგავმოყრილი, თავზე დაფსმული ორღობეებით, რჩევებით ხტომა-გამოქანების, მიჯირყვნების და ბედნიერების, მაზოხისტური დაპირებების... ყანწთა რისხვანო, რკინის მკვნეტელნო, სამარხვო სექსის მწარმოებელნო, წინ, წინ იარეთ უდრეკი გულით, ოპტიმისტურად, პოზიტიურად, პატრიოტულად, ქართულად ხალხო, ფრიად ჯიგრულად! შეხედეთ საკითხს და პრობლემასაც გადაჭრაწყვეტის იმედის თვალით.!??!....
Მშვიდობა შენდა მრავალტანჯულო, ჩვენო მტანჯველო, გენიოსთმკვლელო, ავაზაკთათვის მონუმენტმდგმელო, საქმენით მათით - ამაზრზენითა და საძულველით წარსულ დიდების მღორძინებელო, გაბრწყინებულო, გახარებულო, ყველას მფარველო, მიუსაფარო და უპატრონოვ...
,, ულამაზესო, უნეტარესო, სულზე უტკბესო", უნაზესო და უუხეშესო, უმთავრესო და უძვირფასესო, თავხედობამდე თავაზიანო, უზრდელობამდე ზრდილობიანო, სამშობლოვ სხვათა და აღარ ჩემო!
Მშვიდობა თქუენდა ჰაზიატსკიც და ჰევრაპეისკიც! არ აგცდენოდეთ პატარძალივით აროდეს, არსად, მშვიდობიანი გვალვა და თავსხმა...
გაშოროთ ღმერთმა Deep state-ის & Hidden Kingdom-ის ზრახვანი და ქმედებანი აგენტურულ-ჯაშუშურნი და ფრიად მავნებელნი....
* * *
XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში, Მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებად წოდებულმა ავაზაკებმა და მათმა მავნებელმა კანტორებმა ( არ დავაკონკრეტებ, რომლებმა), თავისი ბრმა და ღრმა ეგოიზმიდან გამომდინარე, დედამიწაზე, მათთვის მისაღები მსოფლიო წესრიგის დამყარება დაიწყეს. ისეთი წესრიგის გონბლაგვჩლუნგებს რომ ესიამებათ და უნდათ. Ძარცვის საუკუნეებს შეეძლოთ წაერთმიათ ჩვენთვის გონებრივი სიმდიდრე, მაგრამ ქონებრივთან კოშმარულ და უთანასწორო ომში, მოაზროვნე მსოფლიომ შეინარჩუნა ათასწლოვანი ცივილიზაციის არაერთი მონაპოვარი.... საქართველომ?!?!....
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
* Მშვიდობა გინდა? - მოემზადე ომისთვის!-ანტიკური სიბრძნე.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
* Მშვიდობა გინდა? - მოემზადე ომისთვის!-ანტიკური სიბრძნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი