აბა,ომი გინდათ?


,,გენიავ ქართულო, როკვით განფენილო“ გზააბნეულო, საპოვნელაში დაკარგულო ყოვლისმცოდნეობის-გამძლეშემძლეობის-უმოქმედო მოქმედების და მოქმედი უმოქმედობის. ამოტივტივდნენ ჩაუძირავ წინაპართა შთამომავალნი, ბუნებით მაწანწალანი, უგნურ-უვიცნი, ბრიყვნი და ფლიდნი, უვაზელინოდ ქებათა მვლენნი მათზე სულ მცირედ აღმატებულთა, ,,არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც ჭკუით და არც გონებით“, არც ვინმესთვის სამსახურით, არც სხვა რამე დამსახურით, მხოლოდ სიმდიდრით, ქონებით. სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა ავიდნენ, აფრინდნენ, ,,დამკაში“ გავიდნენ, ხალხში გამოვიდნენ, აღზევდნენ აბრწყინდნენ, აყეფდნენ აყმუვლდნენ, აღმუვლდნენ, არაფრის მცოდნენი, გონის არ მქონენი, ყველაფრის მცოდნენი, მფლობელნი, ყოვლისშემძლენი შაიქმნენ. ბუნების და ლოგიკის ყველა კანონზომიერების მიუხედავად და საწინააღმდეგოდ, მრავალმხრივ განსწავლულთა, მრავლისმცოდნეთა, ნიჭიერთა და პროგრესის მქმნელთა მენტორნი, მოძღვარნი, ზედამხედველნი და უფროსნი გახდნენ. ავაზაკი გაპოლიციელდა და პოლიციელი გაავაზაკდა. თქვენის გუმანითა, რომელი უფრო დიდი ავაზაკია, თუ ერთი ხახვია, ყურებზე რომ ვერავინ დააჭრით და ერთი ნიორია ვერავინ რომ ვერსად დაანაყავთ? ამ უპასუხო კითხვამ მოსაყლეობის უმრავლესობას, მასავით გაურკვევლი ვირუსის უმძიმესი და უკიდურესი ფორმა შეჰყარა. ვირუსი იგი არს ფრიად სახიფათო რამეთუ ვრცელდების აკებაკილათაიითა, ანუ უთავბოლო, ფუჭი ლაპარიკითა (ასო არ შემშლია). სწორედ ამიტომაა საბრიყველო კომპარტდემიური ქო-ცომტრალის ნაციანტელში, რაც ყოველგვარი არაადამიანურის ფიქრს, თქმას, ჩადენას, ატანას, მოთმენას და უკადრებელის კადრებას გულისხმობს. ეგი ყოლიფერი უმძიმესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, მარა ქე რომე წამუა ყოვლისმფლობელი ყოვლისშემძლესგან ჩინ-მენდლები და ჯინჯილები ვერვისგან ანაწონები, მერე უკვე ერთი რეჰანია, როგორ და სად  ხარ, სახლში, ქუჩაში, ზღვაში თუ ვინმეს… სტუმარი შვეულმფრენში ან თვითმფრინავში....
თავცარიელი და თავსლაფდასხმული, ფულიანი ტომრების ფულიან ბაწრებზე მიბმულ-მიჯაჭვულ-გამობმულ, ფარად აფარებულ, ბიზნესმენებად ნაკურთხ-შერაცხული ფულოსოფოსების, ჩარჩ-ვაჭარ-მევახშე-კრედიტორთა კანტორების მტაცებლურმა ბოროტმოქმედებებმა, მძარცველურ, წამღლეტვურ-წამრთმევლურ-წამგლეჯვურმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ, XXI საუკუნის დასაწყისში გონითა და ინტელექტით არც თუ ისე მბრწყინავი საბრიყველოს საზოგადოება საბოლოოდ და სამუდამოდ აქცია და ჩამოაყალიბა ბრბოდ.
ყოფიერება-ცნობიერება-გონიერების შერყევ-შენძრევ-დანგრევ-გადანგრევამ, შედეგად არ-ნახული წარმატება მოუტანა საბრიყველოს და ,,ნაკუწ, ნაკუწ, ნაკუწ, ნაკუწ კი არა“ საქართველო გაიყიდა მთლიანად, სარფიანად, სულიერ-უსულოიანად, ჯიგრიანად და ხოშიანად. გაყიდულ საქონელს უკან არ იბრუნებენ და არც ცვლიან არც უკეთესში, არც მეორადში, მით უმეტეს კრიმინო-კორუფცულაპტაციის ეპოქასა და მოცემულობაში. ჰოდა ამ ქოყანაში, კაი ხანია, რომე ფულს თუ გედიხთი ყოლიფერი შეგიძლია მეითხუო - ნაღდად, უნაღდოდ, ბარათით, ქეშით, ოხვრით და ხვნეშით, ცრემლით, ღიმილით, სიცილ-ხარხარით, დღისით და ღამით, კურიერით და ბევრი სხვა რამით.  კრედიტით, განვადებით, ძველის ჩაბარებით. საყიდლად, საქირავებლად, საგირავებლად, საჭმელად, სასმელად, საყურებლად, სასმენად, გასართობად, დასახრჩობად, დასალპობად, გადასაგდებად, ლილოს ნაგავსაყრელზე წასაღებად, ქართული წარმოშობის რუსი ჯუსტან I ბიუსტ-პორტრეტით დაწყებული, ქალთან ორალური და მამაკაცთან ანალური სექსით დამთავრებული.
ამ პირველ, აბსოლუტური და უმაღლესი სიამოვნების მომტან ქმედებას და მეორე ადამიანურ-სულიერ-ფიზიოლოგიურად ამაზრზენ უკუქმედებას, ნამეტნავად უხთება, კოკაინი, ჰეროინი, ამფეტამინი, მეტადონი და კონსტატინ ლესელიძის სახელობის ქოცლანდ იარდის, სხვათა შორის შეგახსენებთ, ეს, ის ლესელიძეა, XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში НКВД-ს ციხეში ჯალათობისთვის ღენერლის ეპოლეტებს და საბჭოთა კავშირის გმირობას რომ გამოჰკრა მხრები და მის ბიუსტი შუაგულ გარეთუბანს რომ ამახინჯებს კოტე აფხაზის ქუჩაზე. ჰოდა აი იმ ლესელიძის სახელობის ქოცლანდ იარდის  პატრონაჟით წარმოებული სხვა ტკივილგამაყუჩებელი, გონგამბუჟებელი, სხეულმშეშებელი და ორი სიტყვით  - გამომაყლევებელ-დამაყლევებელი სანცხრომნი მრაუალნი და სხუადასხუანნი, რომელთა რეალიზაცია-მოხმარება ყველაზე უკანონო ქვეყანაშიც კი ადამიანური ან იურიდიული კანონით ისჯება, დაუსჯელობა კი აბევრმაგებს არა სახელმწიფო, არამედ ძლიერთა ამა ქვეყნისა ბიუჯეტს....
საბრიყველოს ბორბალი ბედისაც და წისქვილისაც არც წაღმა ტრიალებს და არც უკუღმა, არ
აქვს ტრიალის მიმართულება და ამ არატრიალში პატიოსანი ადამიანის ადგილი, ან ფსიქიატრიულ კლინიკაშია, ან საპყრობილეში, ან საგოდებელში. ჰიპერსასწაულად არაჩვეულებრივი ქვეყნის ისეთ მშვიდობიან მოცემულობაში გვაიძულებენ ცხოვრებას, რომ ჭკუადმყოფელებს ჭკუიდან გადაგვდგამენ და ნებითა ჩვენითა თუ არ მოვკვდით უსაქმურობით გაგვაფშეკინებენ ფეხებს, ჩაილურის წყალს დაგვალევინებენ, გაღმა გაგვიყვანენ ერთ ფუთ მარილს გვაჭმევენ და პატრონს ჩაგვაბარებენ. ეს ჰიპერკეთილშობილური და სუპერსახელმწიფოებრივი ქმედებები უდიდესი სიყვარულიდან და მზრუნველობიდან გამომდინარე ხორციელდება უფასო სახელმწიფო სკრინინგის, მფარველობის, პატრონაჟის და სიყვარულის ფარგლებში. ისე ძალიან ვუყვარვართ, სუიციდალური მიდრეკილებების გამოვლინებისას თავის მოსაკლავ ადგილსაც არ გვიტოვებენ.
ვუყვარვართ ,,ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი“, ვუყვარვართ მხურვალედ და მამა-პაპურად, ფრიად ქართულად, ტრადიციულად, ევიდენტურად და ლატენტურად, ძალიან არა, ძაან ჯიგრულად! ვუყვარვართ, როგორც ჟურნალისტებს მსხვერპლი სტიქიური უბედურებების დროს. რაც უფრო მეტი გვამი და მკვდარია, ჟურნალისტიკა უფრო მყარია, უფრო მდგრადია, ექსკლუზიურად, შეუდარებლად საოცარია, როგორც თავად ამბობს - ყველაზე მაგარია და ყველაფერი ტატუზე ახატია!  რატომ ვუყვარვართ ასე ძალიან? დღეს რა წისქვილის ქვა და დოლაბი ბრუნავს ჩვენს თავზე, ისტორიულად ყოველთვის მახასიათებელი იყო გარდამავალ ეპოქებში, მავნებლების მიერ მოფიქრებული ე.წ. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგის გადასახედ-შესაცვლელად. ამ პროცესების ძირითადი წარმმართველი ქმედება მუდამ იყო ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა, განადგურება, რომელიც ემსახურებოდა ერთადერთ ძირითად ზეამოცანას და მიზანს  - ადამიანთა აღშფოთებისთვის ისეთი შესაბამისი გარემოს შექმნას, რომ უამრავი, ამაზრზენი ბოროტმოქმედებებით გულმოყირჭებულ, დატანჯულ, შეწუხებულ ადამიანებს, თავად მოეთხოვათ სახელმწიფოს ჩარევა კონფლიქტების მოგვარებაში და დარეგულირებაში. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ელექტორატის ნება უზენაესია, წმიდათაწმიდაა, ისეთ ცეროდენაში და სახელმწიფოსთან არაფერ საერთოს მქონეშიც, როგორიც საბრიყველოა და სახელმწიფო იწყებს ინციდენტების აღმოფხვრას, კონფლიქტების რეგულირებას, მოგვარებას, მის ხელთ არსებული ყველა რეპრესიული მექანიზმით. პროცედურა პირველ რიგში იწყება მედიაში, მრავალსერიანი დაუსრულებელი სერიალით - ,,ყველა დამნაშავეა“! პირველ სერიაში, ყველა არასასურველ და არასაიმედო, ხელისშემშლელ პერსონებზე კომპრომატების გამოქვეყნებით და გამოაშკარავებით. მეორე სერიაში ვუყურებთ  საჯარო, ხმაურიანი დაპატიმ-რებების და სასამართლო პროცესების უსასრულობას. ნიანგის და ვეშაპის ცრემლებს ღვრის მმართველი კლანი გაუბედურებული ქვეყნის გამო, რაშიც რასაკვირველია, მათგან განსხვავებულად მოფიქრალ-მთქმელ-მკეთებელნი არიან დამნაშავენი. მესამე სერიაში განსხვავებულად მოფიქრალ-მეტყველთა კანონგარეშედ ან შეურაცხადად გამოცხადება ხდება ან გამოცხადების მცდელობა ჟღერდება. მეოთხე სერიაში იწყება ღია მუქარა და შეურაცხყოფა ყველა განსხვავებულად მოაზროვნის მიმართ, გამოქანების რჩევები, მიტინგების რბევები, რომელთა შედეგი პოლიციის დაბალზე უფრო დაბლა მოაზროვნე, შავი ზღვის დონიდან -41 კმ-ზე მდებარე ამაღლებულჩინოსანთათვის, სახელმწიფო სიგელებთან და მადლობებთან ერთად, მსუყე ბონუსებია გონივრულ ვადაში, პროპორციული ძალით წარმატებულად ჩატარებული სპეც.ოპერაციისთვის და როგორი არაპროპორციულიც არ უნდა იყოს ქმედება და ძალა, ნებისმიერი ექსპერტი, დამოუკიდებელიც და დამოკიდებულიც, ნებისმიერი კომისია, მას პროპორციულ-სიმეტრიულად აღიარებს, როდის დაუხევია ძაღლს ძაღლის ტყავი? მომდევნო სერიაში მოქალაქეებს ტვინში უპრესავენ, რომ ცხოვრობენ მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოში, სადაც ყველაზე სამართლიანი სამართალდამცავები, მათი ყველაზე ახლო, საუკეთესო და საიმედო მეგობრები არიან. შემდეგ სერიაში იწყება ჩახრჩობა დაპირებების ზღვაში, რომლებიც არასოდეს შესრულდება, არსებული და არარსებული ბოროტმოქმედებების მხილება და აფიშირება, ტირაჟირება, რომელთა აღკვეთა არ არის მოსახლეობის ინტერესებში, მისთვის მთავარი, აუცილებელი და საკ-მარისია სიბინძურის და სიბილწის ყურება, სკანდალის აგორება და ჭორაობა, განსახილველ საკითხზე დაუსრულებელი, კომპეტენტური მსჯელობა და როგორც წესი, ყველაზე კომპტენტურია
ის, ვინც განსახილველ საკითხში ისე ერკვევა, როგორც კოლუმბი ფეხბურთში. არარსებული, არმომხდარი, არჩადენილი, არმოსალოდნელი დანაშაულის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში დანაშაული იქმნება და სტიქიის პროვოცირება ხდება თავად ხელისუფლების მიერ, ბანკის გაძარცვის, მძევლების აყვანის, თვითმფრინავის გატაცების, მაღალჩინოსანთა ბიზნეს-ინტერესებისთვის ხელის შემშლელი ინფრასტრუქტურული ობიექტის დაწვის, მიწისძვრის, მეწყერის, ზვავის, წყალდიდობის, ეფემერული ვირუსების, ინფექციების შექმნა-გამოწვევა-პროვოცირებით და სხვა უამრავი მავნეზმატიკული ქმედებით. სახელმწიფო ასე ამკვიდრებს შიშს და ძალადობის მოთხოვნას, ბრმა და ყრუ-მუნჯ მორჩილებას, მონობის მოთხოვნადობას. თავისი სიბრძნის, ეფექტურობის, შეუდარებლობის და შეუცვლელობის იმიჯს, სამართალს და ჭეშმარიტებას. სკანდალებს თვალსაჩინოდ ახმაურებს, რაც მისი კათარზისი, პანაცეა, იმუნიტეტი და ვაქცინაა, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა ხედავთ ჩირქსა და ბიწიერებაში ჩაძირულ, დასახრჩობად განწირულ ხელის-უფლებას.
ასეთ მშვიდობის ტრფიალ ქვეყანაში დღე უფრო ბნელია და
ღამე უფრო ნათელია? საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა დამპყრობლის მონობის უღელის,
მათრახის და ჩექმის ქვეშ მყოფნი, დაჩირქებული და ჩირქისგან გამომპალი იმპერიების კეთილდღეობებით გახრწნილნი, მეოცნებენი და გაცოფებულნი, მხსნელნი, მაშველნი, მზურნველნი ეფემერული განვითარებით და პროგრესით მოფანფარონენი, ვერსად ისე ვერ ვიცოცხლებთ, არსად ისე არ მოვკვდებით, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, აქ სჯობს სიკვდილი სახელოვანი, რადგან აქ მკვდრებს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ცოცხლებს. ნეკროფილიით ხართ შეპყრობილნი გიურჯ-გრუზინნო? 
არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში საბრიყველოს პრეცედენტი. სივრცის მარად ქრონიკული უქონლობის გამო აქ მუდამ ერთ სიბრტყეში ლოკალიზდებოდნენ, მდებარეობდნენ, წინ წასვლის ნაცვლად უკუსვლით უკან მიდიოდნენ ან უფრო ერთ ადგილას იდგნენ გაუნძრევლად, ან ისხდნენ ასევე გაუნძრევლად, ანიავებდნენ და ფანტავდნენ ყველაფერს თათქარიძეები და ფანტიაშვილები. ერთად სამ და ხშირად, ბევრად უფრო მეტ ხმაში ღრეობდნენ და მღეროდნენ - მტერი და მოყვარე, მთვრალი და ფხიზელი, ქალი და კაცი, მოხუცი და ბავშვი, თაგვი და კატა, კატა და ძაღლი, ლესბოსელი და პედერასტი, კრიმინალი და პოლიციელი. უკუნითი უკუნისამდე ბნელსა და უკუნეთში მოსიარულეებს დაუცდათ ფეხი და აღმოჩნდნენ ჭაობში, რომელშიც არ ჩაიძირნენ. ტივტივებენ საუკუნენნი უკვე მრავალნი. დაისვარნენ, ამოიგანგლნენ, დასველდნენ, გაწუმპიანდნენ. საზიზღრად, ბრიყვულად, გეოპოლიტო-ეკონომიკო-კულტურო-სპორტო-ალოგიკო-სულიერ-ფიზიკურად. დადგა ჟამი უკუნისა და არ ანათებენ მთვარე და ვარსკვლავნი, რამეთუ ენგურჰესზე მომხდარი ავარიის და ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების გამო ,,აღარ არის არსად მთვარე წყნარი, არც მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი“ და არც კარი, ჰევრო-ნატო-კვატოს არც ღია, არც დახურული, არც ფანჯარა, რომელსაც მზემ სხივი სტყროცნა და ჩაამსხვრია, არც მეჩეთი, არც სინაგოგა, არც პაგოდა არც საყდარი არ არის და კომპენსაციისთვის მზრუნველი მთავრობისგან  ,,დო ფალოსა ი ბოლშე“ არის იზმი, ურიცხვიზმი - სტალინიზმი,  სხვაბევრიზმი, აღარ არიან სუბორდინატორები და ინტერნები, ასპირანტები და დოქტორები, აღარავინ წერს ლექსს და მუსიკას, აღარ ხატავენ, არ თამაშობენ სპექტაკლებს და არ აკეთებენ ფილმებს. აღარც ბოზობენ, ტვინსაც აღარ ხნავენ და ნერვებზეც აღარ უკრავენ. უზომოდ ბედნიერნი რსებობენ (ასო არ გამომრჩენია) და არიან იქ, სადაც არ არის საჭირო წიგნი და ამ არასაჭიროების გამო ბიბლიოთეკები და წიგნის მაღაზიები თანამედროვე მოთხოვნებისამებრ, სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაცია-მითითებების, კატეგორიულ-კოკისპირული გათვალისწინებით და შესაბამისად, დუქნებად, ბანკებად, კაზინოებად, ბორდელებად გადაკეთდა. წავიდა დრო ქვების და ცოდნის გროვებისა და დადგა ჟამი მდაბიოთ აღზევებისა, უმეცართ, უგუნურთ მმართველთა, სწავლულთ მანადგურებელთა, კეთილშობილთა მდევნელთა, და მტყვევებელთა, განმდევნელთა და ჩამქოლებელთა!.. აღარ დაწერო, აღარ დახატო, აღარ იცეკვო, აღარ იმღერო. იყავი იქ, სადაც აღარასოდეს იქნება წიგნი მუსიკა, თეატრი კინო, მუზეუმი და გალერეა, სადაც გექნება გალერია ამ ყველაფრის ნაცვლად და იმ გალერიის მფლობელ-პატრონთა, ყველასა და ყველაფრის ბატონთა - ჯოჯოხეთის არისტოკრატია გშთანთქამს და/ან მის მორჩილ პითეკანთროპად გარდაგქმნის, ჩამოგაყალიბებს,ან
Dinosauromorph-ასავით გადაგაშენებს, მიგაფიტულებს და ჩონჩხსა შენსა ძვირად ღირებულსა, ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ათონის გამოქვაბულის ყველაზე თვალსაჩინო და საპატიო ადგილას გამოფენს. ფრთხილად! უფრთხილესად მეგობარო! გსურს გადარჩე გაადამიანყოფილების, გაპირველყოფილების გარდაუვალ პროცესს, უსასრულო უკუნეთში იძულებით ემიგრაციას და დარჩე ცივილიზაციაში? აღარ იკითხო წიგნი, აღარ დაწერო, აღარ დახატო, აღარ იცეკვო, აღარ იმღერო, არაფერი აღარ აკეთო, აღარ იცოცხლო! კმარა! გეყოფა რაც უშალე ხელ-ფეხ-ნერვი ძლიერთა ამა პლანეტისა და გალახტიკისა! სასწარფოდ გაიარე  საჯდომის ლოკვის სავალდებულო და უფასო ტრენინგი. სერთიფიცირებულმა ინოვაციურ-კრეატიულად ლოკე საჯდომი, ნორჩო, ბედნიერო, უძვირფასესო და უსაყვარლესო, გემრიელო და კეთილშობილო სულზე უტკბესო შტერო! არის შენში რაღაც აპოკალიფსისურად იდუმალი და სანუკვარი, სანატრელი, დაფარული, მიუწვდომელი, შეუცნობელი, შეუცდომელი, ვერსადმყოფელი, ყველაფრისმნგრეველი, აუტანლად საყვარელი და ამაფორიაქებლად დამამშვიდებელი მრავალტანჯულო სამშობლოვ ჩვენო! მრავალსაუკუნოვანო, ჭაღარავ, გამზრდელი ბებიასავით უსაყვარლესო, ასეთ შავზე უშავეს, სამგლოვიარო დღეში რატომ ხარ ნეტავ? რა დააშავე, ვინ გაგიმეტა? რატომ ხარ სავსე კაპიტალურად უგნურ-უვიცი, ბაჯაღლო, პიტალო, არა და სამთავრობო კერძო და საერთო სექტორებით, არაფრისმცოდნე მაგისტრმენტორებით, ყველაფრისმცოდნეობის დოხტურ-ყლექსპერტებით, უამრავი დეფექტებით, გაურკვეველი, მშიერ-მწყურვალი, მიუსაფარი, ობოლი კეთილშობილებით ჰოი, გენიავ და პარადოქსო, უნივერსალურობის და გულისხმიერების! ნარევ-ნაზავო ავაზაკობის და კეთილშობილების, კაი, ძველი ბიჭი სამართალდამცავების და ადამიანთმოძულე ექიმების საბუდარო, უსულგულო უჯიგრობის და უსაზღვრო კეთილშობილების მექავ დიდება შენდა!  დადეექ!  სწორდი! სმენა! სწორება აღმო-დასავლო-სამხრო-ჩრდილოეთისკენ, მასაი-მურსი-ხამარ-ბუშმენ-სამბურუ-ზულუსი-ბანტუ-ნუბას-ჯარავას-ტაგაერის-კავა-ხივა-პირახანის ტომებისკენ ვე-ლურებისკენ, პაპუასებისკენ, ქვესკნელისკენ, ჯოჯოხეთისკენ! ასკინკილა-ბრუნვა-ბუქნვა-გადაღუნვა-მალაყი, სალტო-მორტალე გონების დაკარგვამდე 360O დაიწყეთ! 
ერთი, ორი, სამი, ოთხი, 21 მანდ ვსხედვართ და რად ვერ ვხვდებით?
5, 6, 7, 8 ქვეყანა თავზე ჩამოგვერღვა და ჩამოგვენგრა!
გაყიდულ მიწებს არ გვიბრუნებენ და აღარც ხურდას, ამიტომ წევიდა უვადო ბრუნვა! საქონელბრუნვა, ტვირთბრუნვა, ფულბრუნვა, რაც ყველაზე მთავარია საჯდომბრუნვა და უკანალის თამაში, თავბრუნვა, ტვინბურღვა, სიტყვბრუნვა. ბახ-ბუხ-ჭახ-ჭუხ-ჯახ-ჯუხ-ნაფ-ნეფ-ნიფ-ნოფ-ნუფ....
  ლული, ლული, ბაც. И... роза, береза, мак, дурак, простите если что-то не так, скажите как вам нравится, и мы сделаем точь в точь так, ქუსლი, წვერი, ბაკ-ბაკ-ბაკ, კრექს-ფექს-პექს-ქუხს-ჭექს. აუ, რითმაში რა საკაიფოდ ჟღერს, სამშობლო ჯერ წაგვართვეს, მერე გაგვიყიდეს, ჰოდა ამ ქმედებათა ჩამდენ პერსონებს, ყველას უკლებლივ - ბრავო და ბისი, ოვაციები, ჩემიც და თქვენიც, კარგის, კეთილის, უცნობ-ნაცნობის და მრავალთ სხვისიც.
Любит не любит? მაპი თუ Батя? ლობი თუ Крыша? That is the question, ვერ გავარკვიეთ. სხვაფრივ რა გვიშავს.
მყველა პირში და ბრუნვაში კიდევ ერთხელ მუდამ და მარადჟამს ვაბრუნოთ გიურჯთ უმთავრესი გრძნობა და მარადიული მამოძრავებელი - სიძულვილი. გამეორება ცოდნის არამარტო დედაა, მამაც გახლავთ.
- მე მძულხარ.
- შენ გძულვარ.
- მას ვეზიზღებით.
- ისინი ვერ გვიტანენ და გუნდურად მოვკეტოთ დროზე, იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენს, ანუ მსოფლიოს ვკიდივართ, როგორც სარეცხი თოკზე!
რაშია ჩვენი ბედნიერება და საიდუმლო, ან იდუმალი უბედურება? მონობით თავისუფლებაში, თუ თავისუფალ მონობაში? ეგ არავინ იცის მრავალტანჯულო სამშობლოვ ჩვენო? ჩალომბარდებულო, გაქირავებულო, დაგირავებულო, იპოთეკით დატვირთულო და დამძიმებულო, ავაზაკთათვის ძეგლების მდგმელო, კეთილშობილთა მნადგურებელო, ილიას მკვლელო, ქრისტეს დაბადებამდე გაქრისტეანებულო, რომის პაპზე დიდო კათოლიკეო, აუტანელო და საყვარელო!
ამდენი გარე-შინა სიძულვილისგან დამძიმებული და მისგან თავის დახსნის სურვილით აღპყრობილ-შეპყრობილი სიამოვნებით დავიდგამდი ევას ნებისმიერი შთამომავლისგან მოწოდებულ უნაგირს და ლაგამს, დავიდებდი არტახებს, ხუნდებს, ჯაჭვებს, მარწუხებს, ბორკილებს.  ჩიკვარული ხომ სასჯელის ელთადელთი, ურიკანული კატეგოლია და  ბოლკილია, ლომელსაც ნებისმიერი, მოლნალული და არც მთლად დალაგებული ადამიანი, აბსოლუტური სადო-მაზოხისტური თვითნებადი სიამოვნებით ხვდება და არასოდეს აქვს მისი არტახების და მარწუხების მოშორების სურვილი. ნებადურ-სურვილადი სადო-მაზოხიზმი, ლტოლვა-ვნებიანობის პანდემიას იწვევს, რასაც შინააშლილობა და საოჯახო ჯანყი მოსდევს, რომელიც თავის მხრივ უნოყიერეს ნიადაგს ქმნის, პარაზიტული სახელმწიფო მღელვარება-შფოთიანობისთვის. გლობალურად გაუჩერებლად ტრიალებს ბედის და წისქვილის ბორბალი, ძაფის გორგალი და კვირისტავი,  სცენაზე ნაძალადევად, იარაღის მუქარით, უკანალში პანღურით გაგდებული ხელის და ფეხის უფლებების მიერ, სახელმწიფო წესრიგის გადასახედად, გადმოსახედად, წასაკითხად და გადასაკითხად, მოსაკითხად და ,,გრევის შესაგზანად“, ,,მაყუთის ასახევად“და გასამრავლებლად, გავლენის სფეროების და ,,მაყუთის საჭრელი სტანოკების“ ლოკაციების გადასანაწილებლად. ამ ორომტრიალში და კოტრიალში, მონად ყოფნის ჟინით და სურვილით აღძრულ-აღვსილი მაზოხისტურად ბედნიერი მონანი სტომაქისანი კოპწიაობენ ყოფითა თუისითა, მფლობელნი მათნი კი ბედნიერად და წარმატებულად ქმნიან, აყალიბებენ, ანვითარებენ, აბსოლუტურ ჩმორჩილებამდე სრულყოფენ ადამიანადყოფილებს, ნაადამიანარებს, უადამიანო და არაადმიანურ პითეკანთროპულ ჩმორჩილენსებს, რომლებიც მონობის ჭაობში კოტრიალობენ და რომლებსაც ერთმანეთიც და ჩვენც ისე ძალიან ვუყვარვართ, რომ რაც უფრო შორს ვართ და მეტად იზოლი-რებული, მით უფრო ტკბებიან...
რაკი ვერაფერი მოვიფიქრე, გავაკეთე და მოვიმოქმედე ამ ავგიას თავლის დასალაგებლად, ამ გარყვნა-გახრწნა-წარყვნა-წარღვნის შესაჩერებლად წავალ, ამ უცხოეთიდან სხვაცხოეთში, ფრონტის წინა ხაზზე, ბერმუდის კუნძულებზე, დასაკარგავში და დაუბრუნებელში, სადაც კარგი არაფერია და ცუდი იმდენი, სჯობს არ იფიქროს კაცმა. ჩემს წინ სიმარტოვის და სიცარიელის ოკეანეში ნახევრად ჩაძირული ყინულოვანი და უკაცრიელი კუნძულია, სადაც ცხოვრება აქაურობაზე ცოტა უფრო იოლია და იქიდან სადმე წასვლა თითქმის შეუძლებელი...
ვიდრე ყულფიდან გამოვყოფ თავს და გილიოტინაზე გადავდებ, წასვლამდე, ფინალში გასვლამდე, ფინიშთან მისვლამდე და კისრის მოტეხვამდე, თავის დახრით და წელში მოხრით, გრან მერსი შენდა უდიდებულესო და ულამაზესო, არნახულო და ბევრის მნახავო მზეთუნახავო, დაუნახავო, ფასდაუდებელო, ჩიმ-ჩაირას აკომპანემენტით სამ გროშად გაყიდულო, კოშმარდაუმთავრებელო და ჩაჯოჯოხეთებულო სამშობლოვ და ქვეყანავ ჩემო! მადლობა რომ დამღალე მშვიდობიანი ბედნიერებით! მადლობა, რომ შენს დანომრილ, ყველა ხეზე და ბუჩქზე ჩავიდეოკამერებულ მოსაყლეობას და დაჩიპულ ცხოველებს  სჯერათ, რომ ცხოვრობენ ბრძენ, დიდებულ, სამართლიან, სწორ, ღვთიურ, წარმატებულ, ყველათი და ყველაფრით მსოფლიოს გამაოცებელ და ყველას მჯობნ ქვეყანაში, აბსოლუტური ესთეტიკური ჩმორჩილების, იდეალური, ნებაყოფილობით მოთხოვნადი სასჯელის ეპოქაში, კოკისპირულ-თავსხმული ჟინით და სურვილით აღძრულ-აღვსილნი, მაზოხისტურად ბედნიერნი, მონანი კოპწიაობენ ყოფითა თუისითა, მფლობელნი მათნი კი ბედნიერად და წარმატებულად ქმნიან, აყალიბებენ, ანვითარებენ, სრულყოფენ ადამიანადყოფილებს, ნაადამიანარებს, უადამიანო და არაადამიანურ პითეკანთროპულ ჩმორჩილენსებს, რომლებსაც მშვიდობიანად ეომებიან.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვაიძულებს ვიცხოვროთ (თუ ამას ცხოვრება ჰქვია), უბინძურეს ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყით, ჩირქით, სიძულვილით, აგრესიით, ტყუილით, როგორც ჰაერი წვიმის წვეთებით და თოვლის ფიფქებითაა გაჯერებული.
  მადლობა თქვენდა ადამიანებო, რომ თქვენში უხვადააა სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის, უვიცობის და სიბნელის გაუნადგურებელი და მყარი ნარჩენები. მიწამდე თავის დახრით მადლობა!?!?....
დღეს ყოფა ჩვენი გაურკვეველია,
კარგად ბრძანდებოდეთ, ვერ მივალთ ხვალამდე,
ჰაერს ნუ გვიკეტავთ, თქვე ავაზაკებო,
სხვას ხომ არა გთხოვთ არაფერს?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი