ეპიპანინფოდემია
1. გ ა მ ო ბ ნ ე ლ ე ბ ა ანუ ქოცსტრუაცია
ეპიპანინფოდემია
ეპიდემია - ლათინურად-epidemia ბერძნულად-επιδημία.
მწვავე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონში და ქვეყანაში. ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს ომი, შიმშილი, ცუდი სანიტარული პირობები.
პანდემია (ბერძნულად-πανδημία
მთელი ხალხი) ეპიდემიური პროცესის უმაღლესი დონე - განსაკუთრებით მძიმე ეპიდემია, რომელიც შედარებით მოკლე დროში მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მრავალ ქვეყანაში და ზოგჯერ სხვადასხვა კონტინენტზეც ვრცელდება. პანდემია ეპიდემიის ყველაზე საშიშ ფორმას წარმოადგენს და მოიცავს მსოფლიოს უდიდეს ნაწილს.
ინფოდემია - ინფორმაციის, მათ შორის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი მონაცემების გადაჭარბებული და სწრაფი გავრცელება ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისების და პანდემიების დროს.
ვიკიპედიის განმარტება.
* * *
,,კაცობრიობას ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა
და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას ,,ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია, მაგრამ
მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი
“გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავს, სწორედ და
უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი
გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ
კიდეც მიზანს – მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს".
ჭაბუა ამირეჯიბი. ,,დათა თუთაშხია".
აუცილებელი & სავალდებულო წმიდა კარანტინი
ანუ
გამობნელების ქრონიკა
როგორ იქმნება დეზინფორმაციული და ხალხიჭამიური, HOMO-თა მნადგურებელი კატასტროფა
2019 წლის 4 დეკემბრის ადრიან დი-ლას, ჩინსახრეში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ( 华人民共和国), მდინარეების - იანძისა და ხანშუის - შეერთების ადგილას მდებარე ჰუბეის პროვინციის სწრაფად მზარდ დედაქალაქში - უჰანი, ქუჩაში მოვაჭრე, 62 წლის ლი ცზი, სახლიდან გასვლას ჩქარობდა. შვილიშვილი უნდა წაეყვანა სკოლა-ში. სიჩქარეში ლი ცზიმ საუზმე არა-სრულფასოვნად მოიმზადა, ღამურა ბოლომდე არ შეწვა, ნახევარფაბრი-კატი მიირთვა და გლობალური მასშ-ტაბის შარში გაყო თავიც და ტანიც... დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! მეო-რედ მოსვლაც დაიწყო და მესამე მსოფლიო ომიც! ატყდა, მაგრამ რა ატყდა!!!! აფეთქდა მსოფლიო!!!!
2020 წლის 30 იანვარს ყოვლის მხედველმა და ყველას მსმენელმა
უმავნებლესმა საერთაშორისო კან-ტორამ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-ნიზაციამ (WHO) - ეს აფეთქება საერ-თაშორისო მნიშვნელობის საზო-გადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს - პანდემიად გამოაცხადა.
ამ ეფემერული ვირუსიდან გამომდინარე ატეხილ მედიაისტერიკაზე, მის თანამდევ მავნებლურ მოვლენებზე და კატასტროფულ შედეგებზე მოგვითხრობს წიგნში - ,,ღამურის ეფექტი: ანტისამეცნიერო ანტიუტოპია", პოლიტტექნოლოგი, მედიამენეჯერი, პუბლიცისტი, მწერალი და ვიდეობლოგერი, YOTUBE-არხის @sheitelman შემქმნელი მიხაილ შეიტელმანი, რომელიც არის მოთხრობების - „არა როგორც ტინკოვი", „ღამურის ეფექტი: ანტისამეცნიერო ანტიუტოპია" და პიესის „რეპკინი პროგრამისტი არ არის" - ავტორი.
2022 წელს ამ ნაწარმოებმა ბადენვაილერის პიესების საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური დიპლომი მიიღო.
2025 წლის 7 თებერვალს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ შეიტელმანი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.
დოკუმენტურ-მხატვრულ მოთხრობაში „ღამურის ეფექტი: ანტისამეცნიერო ანტიუტოპია"
ავტორის განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მედიის ზემოქმედებით ადამიანების უკიდურეს გამოთაყვანებაზე და შედეგად უკიდურესად გამობნელებული ბრბოსახლეობის მართვაზე ძლიერთა ამა ქვეყნისა მიერ...
* * *
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ნებისმიერ ერს ღორების კოლტად აქცევს“.
XX საუკუნის ბოლშევიკურ-ფაშისტურ-იმპერიული სიბრძნე.
ჩინსახრეს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის) პროვინციულ ქალაქ უჰანში მცხოვრები და იმავე ქალაქის ქუჩაში მოვაჭრე, 62 წლის ლი ცზის რომ სცოდნოდა რა საშინელებას დამართებდა მსოფლიოს, რომელიღაც საიდუმლო ლაბორატორიიდან გამოდეზერტირებული COVID-19-ით ხელოვნურად დაინფიცირებული ღამურის არასრულყოფილი შეწვა
მის მიერ, ბოლომდე შეწვავდა, მაგრამ...
ეფემერული ვირუსით, რომელიღაც არქისაიდუმლო ლაბორატორიიდან გამოდეზერტირებული ღამურის საკვებად გამოყენებას გლობალური მასშტაბის არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვა: ასობით მილიონი უმუშევარი ადამიანი, ტრილიონობით დოლარის ოდენობის დანაკარგი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი)-ში, ოლიმპიური თამაშების და „ვარსკვლავური ომების" ახალი სერიის პრემიერის გადავადება განუსაზღვრელი ვადით, პოლიტიკური კრიზისები,ასობით მილიონი გაუქმებული შვებულება და ეფემერული ვირუსით (ტაქიკარდიან პაციენტს კორონავირუსის დიაგნოზს უსვამდნენ კლინიკაში) გამოწვეული მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება.
ინფოდემიის მავნებლობა,
ანუ ინფოდემიური კოლექტიური ფსიქოზი!
ჯანმო (WHO) ყველაზე ხმამაღლა გაჰკივის:
S. O. S. - „მიშ -ვე -ლეთ!"
ვალოდია ილიჩ ულიანოვის მიერ შექმნილმა და იოსიფ ვისსარიონოვიჩ ეგნატაშვილ-ჯუღაშვილ-სტალინის მიერ გამყარებულ-გამაგრებულმა, სახელმწიფოდ წოდებულმა მონსტრმა - სსრკ-მა, ისეთი მეტასტაზები განშტოვა და ისეთი მრავალთავიანი დრაკონ-ურჩხულები შვა, რომ სახელმწიფოებად წოდებული პუჭურ-პუჭურა მახინჯი წარმონაქმნების მმართველებს ანუ ე.წ. ხელისუფალთ, არ ძალუძთ თავიანთი ამომრჩევლებისთვის სიკეთის ქმნა და სახელმწიფოებად წოდებული
პუჭურ-პუჭურა მახინჯი წარმონაქმნების
ადამიანურად მართვა, ხოლო მართულებს, ანუ ბრბოსახლეობას აღარ სურს ძველებურად ცხოვრება.
ასეთ მოცემულობაში და პირობებში წარმოიქმნება ღამურის ეფექტი, როდესაც მმართველებს შეუძლიათ, ხოლო მართულებს სურთ . ეს ხდება, როდესაც მმართველებს ამბავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეუძლიათ, მართულებს კი სურთ, რომ ამბავი გარკვეული დროით დღის წესრიგის მთავარ თემად იქცეს.
XXI საუკუნეში, მსოფლიოს ნებისმიერ, ცივილიზებულ ქვეყანაში, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ცნობილია არჩევნების შედეგები: - მარადიული და მარადმწვანე, მუდამ მუშტწიხლმაგარძლიერი
ხელისუფალი მთავრობა თავის მცირედუჯრედიან ელექტორატს აჯერებს, რომ კაცქალობრიობის ისტორიაში არნახულად დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. ჟოპოზიცია ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ ვიღაცეების რაღაცუკებმა არჩევნები გამოაბიულეტენეს და იმფერი მოვლენები ვითარდება, რომე, ვერც ქალი, ვერც კაცი, ვერც დიდი, ვერც პატარა, ვერც გეი, ვერც ლესბოსელი, ვერც ტრანსგენდერი, ვერც იოსიფ ვისაარიონოვიჩი, ვერც მონსინიორ ბენიტო მუსსოლინი, ვერც მაი ფიურერ ადოლფ შირლგრუბერი, ვერც ,,სპასიტელ ი მესსია პლანეტი ვსეი" - ვოლოდიმერ მამამისოვიჩ ზელენსკური პუწინი ვერ გეიგებენ ვეფერს...
ყველას, ვინც თუნდაც ზედაპირულად ადევნებს თვალს საარჩევნო კამპანიებს, ახსოვს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი: „ვაქციოთ ამერიკა კვლავ დიდებულად". 2016 წლის შემდეგ გასულ ხანმოკლე პერიოდში, იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, კანდიდატებმა ამ სლოგანის ადგილობრივი ვარიაციები აიტაცეს. მალაიზიის პროგრესულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა იდეა მალაიზიის კვლავ დიდებულ ქვეყნად ქცევის შესახებ, ხოლო ეპისკოპოსმა დევიდ ოიედეპომ, ნიგერიაში დაფუძნებულმა „ცოცხალი რწმენის მსოფლიო ეკლესიის" ლიდერმა, პირობა დადო, რომ ნიგერიას კვლავ დიდებულს გახდიდა...
უკრაინის პირველმა ზელენსკურმა პრემიერ-მინსტრმა - ალეკსეი გონჩარუკმა, გაპრემიერებამდე, წინასაარჩევნოდ მოუწოდა ელექტორატს - ,,კვლავ შევქმნათ დიდებული უკრაინა"!
არც ერთ ქვეყანაში, რომელმაც დონალდ ტრამპისგან მოიპარა წინასაარჩევნო სლოგანი, არავინ არ გრძნობდა უხერხულობას იმის გამო, რომ არც ნიგერია, არც უკრაინა, არც სხვა არავინ, არასოდეს ყოფილან დიდებულები და თუ მათ გადიდებულებას მოახერხებდნენ, დიდებულება კვლავ თავიდან, ახლიდან, ნამდვილად არ და ვერ იქნებოდა!..
ამ დროს მსოფლიოს უმავნებლესი კანტორა- ჯანმო (WHO) -ს მიერ ავტორიტეტულ მედია საშუალებებში - BBC, CNN, REUTERS, APTN - გავრცელებული ინფორმაციის - კაცობრიობის ამოწყვეტის, გადაბუგვის, განადგურების, გაჟუჟვის და ა.შ. შედეგად
ვირუსისგან დამცავ კომბინიზონებში გამოწყობილი ათეულობით ბერძენი მუშა - ,,ადე მუშა შენ, ნუ გძინავს შენ"- თვითმფრინავს გარედან სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებდა! თვითმფრინავს! იმ თვითმფრინავს, რომელიც საათობით დაფრინავდა 10 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც გარეთ ტემპერატურა მინუს 57 გრადუსი ცელსიუსია! საათში 900 კილომეტრი სიჩქარით! როგორც ჩანს, საბერძნეთის ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსმა რაღაცნაირად მოახერხა თვითმფრინავის ფრთებსა და კორპუსზე მიმაგრება. „კორონა" ალბათ ერთადერთი რამ არის, რაც მას გააჩნია - მას დნმ-იც კი არ აქვს, სამაგიეროდ აქვს „კორონა". და აი, BBC, რომელიც სხვათა შორის, ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ფინანსდება - მთელ მსოფლიოში ავრცელებს ამ „კორონავირუსთან ბრძოლის ლეგენდას".
ვინაიდან BBC კვლავ რჩება ინფორმაციის გავრცელების ყველაზე გავლენიან წყაროდ, იმ მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც ოდესღაც ბრიტანელი კოლონიზატორების ბატონობის ქვეშ იყვნენ, საზარელია იმის წარმოდგენა, თუ რა რაოდენობის სადეზინფექციო საშუალება დაიხარჯება ახლა თვითმფრინავების გასარეცხად - კეიპტაუნიდან კალკუტამდე. სწორედ BBC-ის (და არა საბერძნეთის ეპიდემიოლოგიური სამსახურის, როგორც შეიძლებოდა გვეფიქრა) წყალობით იქცა თვითმფრინავების სადეზინფექციო საშუალებით რეცხვის აუცილებლობა ჩვენი ახალი რეალობის ნაწილად.
XXI საუკუნის საზოგადოებად წოდებულ ბრბოსხლეობაში, „ღამურის ეფექტი“ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საზოგადოებრივ ცნობიერებაში რეალურ და გამოგონილ მოვლენებსა თუ ფენომენებს შორის ზღვარი წაიშალა.
„ვირტუალური კორონავირუსი“ , რომელიც მედიასა და სოციალურ ქსელებში შეიქმნა რადიაციაზე გაცილებით საშიშია.
ამ „ინფექციის“ გამავრცელებლად გლობალური მაუწყებელი BBC მოგვევლინა - და ამაში იგულისხმება არა თავად კორონავირუსი, არამედ თვითმფრინავების ანტისეპტიკით დამუშავების იდეა. მაგრამ როგორ მოუვიდა თავში საბერძნეთის ჯანდაცვის უწყების ნაკლებად ცნობილ წარმომადგენელს თვითმფრინავის გარეცხვის იდეა? პასუხი მარტივია: რაღაც უნდა გაკეთებულიყო! კორონავირუსის პოტენციური, ანუ „ვირტუალური“ საფრთხე გვიახლოვდებოდა და „გადაუდებელი ზომები“ უნდა მიგვეღო. იმის გადასაწყვეტად, თუ კონკრეტულად რა ზომები იქნებოდა საჭირო, ყველაზე მარტივი გზა არსებული სცენარებიდან ერთ-ერთის არჩევა იყო.
XXI საუკუნის ოციან წლებში კარანტინული ლოკდაუნების ( Lock down) და ლოკდაუნური კარანტინების
„ყველაზე მკაცრი ზომების" გატარების აუცილებლობა ვალიკო კონსტანტინოვიჩ
მიზანდარის სამოქალაქო ავიაციის კომპეტენციის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს ხელისუფლებების უმაღლესი
ეშელონები მოიცვა. როგორც კი მსოფლიო მედიამ და სოციალურმა ქსელებმა დაიწყეს ხმების გავრცელება საზარელი ჩინური ვირუსის შესახებ, რომელიც კაცობრიობას გაწყვეტ-გადაშენებ-გადაჯიშებ-გაჟუჟვით ემუქრებოდა, ჯანმოს (WHO) კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად იტალიის, ესპანეთის, დანიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად, როგორც დაგიბარებიათ, ისე მორჩილად მისცეს ყველას ნება, სამსახურში არ ევლოთ და სახლში ყოფილიყვნენ. მათ ვინც ამტკიცებდა, რომ „ასე დიდხანს ვერ გავძლებთ", სანქციებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მუშაობას მაინც გაბედავდნენ და ეს მაშინ, როცა ჩინეთში, ქუჩაში მოვაჭრე ვინმე
ლი ცზიმ არასრულყოფილად შემწვარი ღამურა შეჭამა....
გაავრცელა მსოფლიო მედიამ კორონავირუსი და გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძე-ეზუგბაიების მითითებ-რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო ტვინის ხვნის „თავისუფალი სტილის“ გლობალური ეპოქა: ზოგან რეგულაციები კომბინიზონების და სკაფანდრების ჩაცმას მოითხოვდა, ზოგან - მხოლოდ პირბადეების და ხელთათმანების, ზოგან ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს, სხვებმა კი პრიორიტეტი ხელბურთის მატჩების გაუქმებას მიანიჭეს. ვინც ყოყმანობდა ან მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობდა, სანქციებით ემუქრებოდნენ - იქნებოდა ეს საკუთარი მოსახლეობის მხრიდან (როგორც ბრაზილიაში: „გაუგონარი ამბავია - მთელი მსოფლიო
მუშაობას წყვეტს, ჩვენ კი, ბრაზილიელები, ვაგრძელებთ, არადა, ადრე პირიქით ხდებოდა“) თუ მეზობლების მხრიდან: „ინგლისი თუ ლოქდაუნს არ გამოაცხადებს, ჩვენ, ფრანგები, ლა-მანშის გვირაბს ჩავკეტავთ, რათა ინგლისელმა ვირთხებმა აქეთ გადმოსვლა ვერ შეძლონ“.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინიშნება სწორად გაიგეს. დაუყოვნებლივ დაიწყეს ხველა და კორონავირუსით დაინფიცირდნენ, რათა სხვებისგან გამორჩეულნი არ ყოფილიყვნენ და საკუთარ ქვეყნებში ტოტალური ლოქდაუნები დააწესეს, მათთვის აუცილებელი მახასიათებელი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების თანხლებით.
ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც დანებდა ჯანმოს ხურუშ-ხუშტურებს, რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ მეორე იყო (პირველი ვლადიმირი ტოვარიშჩ ულიანოვი გახლდათ), რომელიც მანამდე მრავალი კვირის განმავლობაში თანმიმდევრობით აცხადებდა არასამუშაო დღეების ახალ-ახალ პერიოდებს. რუსულმა ჩვევამ - „პრობლემას არდადეგების შემდეგ მივხედოთ" - ამჯერადაც გაამართლა, თუნდაც ჩინური ღამურებისგან მომდინარე საფრთხის შემთხვევაში. რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსს საკუთარი, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მონაპოვარიც კი შესწირა: რეფერენდუმი თანამდებობაზე დარჩენის უფლების შესახებ. 22 აპრილის - ვლადიმირ პირველი ილიჩის დაბადების დღის ნაცვლად - კენჭისყრა გაურკვეველი ვადით, 1 ივლისამდე გადაიდო. გამოდის, რომ რუსული ძალაუფლების ბედიც არასრულფასოვნად მომზადებული ჩინური ღამურის ნებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა ამგვარმა დათმობამ შედეგი გამოიღო: შესაძლოა, ვლადიმირ ილიჩი გარკვეულწილად შეურაცხყოფილიც დარჩა, მაგრამ რეფერენდუმზე გამარჯვება ხმების 78%-ით 21%-ის წინააღმდეგ ვლადიმირ მეორე ვლადიმიროვიჩმა მოიპოვა, რითაც რუსეთის იმპერიაში თავისი სამუდამო ,,ნაჩალნიკობა" უზრუნველყო.
ბელარუსის ბელადი ალ. ლუკაშენკო, ერთ-ერთი იმ უკანასკნელ პრეზიდენტთაგანი, ვინც ხელისუფლებაში არა მხოლოდ სოციალური მედიის, არამედ თავად ინტერნეტის გაჩენამდე მოვიდა ქვეყანას „პეპლის ეფექტზე" დაფუძნებული პრინციპებით მართავდა. ალ. გრიგორიევიჩის აზრით, ყველაფერს თავისი მიზეზები და შედეგები უნდა ჰქონდეს. ბელარუსის საავადმყოფოები მართლაც რომ გადატვირთული ყოფილიყო და ხალხი მასობრივად დაღუპულიყო იდუმალი სენისგან, ის, რა თქმა უნდა, კარანტინს დააწესებდა.
თუმცა, ალ. გრიგორიჩი არ აპირებდა ტრაქტორების წარმოების და საგაზაფხულო სამუშაოების შეჩერებას მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინელებს ღამურებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ბელარუსებმა თავი აარიდეს ხანგრძლივ უქმეებს, სასკოლო არდადეგებს, მაღაზიების დახურვას, სპორტული შეჯიბრებების შეჩერებას, პირბადეების სავალდებულო ტარებას და ხელების დაბანის მოთხოვნას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტს არ ჰქონდა არავითარი, შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია გაეცნო თანამოქალაქეებისთვის - ადამიანებისთვის, რომლებიც პლანეტის ბრბოსახლეობის უმეტესობის დარად უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ არა ბელარუსში, არამედ Facebook.com-ზე ბინადრობდნენ, იქ, სადაც ეპიდემია ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს კლავდა (ბოლოს და ბოლოს, მთელმა დედამიწამ იხილა კორონავრუსით გარდაცვლილთა კუბოები და მოისმინა მარფა ვასილიევნას მონათხრობი COVID 19-ით გარდაცვლილების აგონიის შესახებ, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარი ყურით გაიგონა). ალ. გრიგორიევიჩს არ სწამდა სოციალურ ქსელებში დაწერილი „პრე-სიმართლის" სცენარზე მორგებული ცხოვრების აუცილებლობა - ვიდრე არ დადგა 2020 წლის 9 აგვისტო - საპრეზიდენტო არჩევნების დღე, როცა ალ. გრიგორიევიჩს არც ჩინურმა ღამურამ აპატია და არც ბელარუსმა ხალხმა სოციალური ქსელებისადმი უნდობლობა.
* * *
2020 წლის 29 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით ონლაინ ფორმატში ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფოდემიასთან ბრძოლის
პირველი კონფერენცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტერმინი - ინფოდემია - თავად დაამკვიდრა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა იყო კონფერენციის,ზეამოცანა. ის გულისხმობდა კორონავირუსის შესახებ მცდარი ინფორმაციის გლობალურ გავრცელებას, რომელმაც ეპიდემიის სახე მიიღო.
ჯანმო-ს ექსპერტების აზრით, ეს მცდარი ინფორმაცია სოციალური ქსელების და აპლიკაციების
შეტყობინებების მეშვეობით გავრცელდა. ოფიციალურ ვიდეომიმართვაში ჯანმო-მ აღიარა, რომ „ვირუსის შესახებ ინფორმაცია თავად ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღამურის ეფექტი“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე იდენტიფიცირებული იყო, თუმცა სამედიცინო ტერმინოლოგიიდან აღებული სხვა სახელწოდებით, რომლის მთავარი მიზანი იყო COVID-19-ის პანდემიის პარალელურად გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, მითებთან და ჭარბ საინფორმაციო ნაკადებთან (ინფოდემიასთან) ბრძოლის სამეცნიერო საფუძვლებისა და მეთოდების შემუშავება. დაავადებებთან გლობალური გავრცელების ბრძოლა ლოგიკურია, მაგრამ რატომ მართავს ეს ორგანიზაცია კონფერენციას ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ? That is the question!
ინფორმაცია არ გადაიცემა სასუნთქი გზებით, სექსუალური კონტაქტით ან თუნდაც სისხლის პირდაპირი გადასხმით. გარდა ამისა, ჯანმოს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია ისეთ საკითხებში, როგორიცაა „კლიკბეიტი" (Clickbate), „ტელეგრამის" არხები და სენსაციურ-სენსიტიური სათაურები.
უფრო მეტიც, ამ ე.წ. „მცდარ ინფორმაციას" გარდა იმისა, რომ სწორად აქვს იდენტიფიცირებული გავრცელების ისეთი არხები, როგორიცაა Facebook-ი და Whats App-ი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ინფორმაციის ან თუნდაც ინჭორვაციის წყარო.
სწორედ ჯანმო (WHO) იქცა ეპიდემიის მიმდინარეობისას კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ. თავდაპირველად ორგანიზაცია აცხადებდა, რომ პირბადეების ტარება არასაჭირო და მავნებელი იყო. მოგვიანებით, როგორც კი დაინახა, რომ მთავრობების უმეტესობამ პირბადეების ტარება ფულის საკეთებელ მანქანად და სავალდებულოდ აქცია, განაცხადა, რომ მათი გამოყენება აუცილებელი და სასარგებლო გახლდათ. თავდაპირველად WHO შვედეთისგან
და ბელარუსისგან საკარანტინო ზომების გატარებას მოითხოვდა, მოგვიანებით კი შვედეთი მაგალითად მოჰყავდა, როგორც ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს მკაცრი შეზღუდვების Lock down (ლოკდაუნის)-ის გარეშე ებრძოდა. 2020 წლის მარტში, როდესაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ყოველდღიურად 70 000 ადამიანი ინფიცირდებოდა, WHO მოითხოვდა აბსოლუტურად ყველაფრის დახურვას, რისი დახურვაც კი შეიძლებოდა.
ექვსი თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში - როდესაც კორონა ვირუსით დაინფიცირების 230 000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა
ყოველდღიურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა: - We don't need new Lock down, („ახალი ლოკდაუნი საჭირო არ არის"). შეგიძლიათ, თქვენი ქვეყნის სტატისტიკა შეამოწმოთ. დაინახავთ, რომ გაზაფხულზე, როდესაც მკაცრი ლოკდაუნი მოქმედებდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლები იყო, ვიდრე შემოდგომაზე, როდესაც ჩვეულ რეჟიმში დადიოდით სამსახურში. როგორც ყოველთვის, ყველაზე აბსურდული მაგალითი იყო უკრაინა. 2020 წლის 2 აპრილი: 125 ახალი შემთხვევა. მეტრო და სავაჭრო ცენტრები დაკეტილი იყო; ავტობუსით მგზავრობა კი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებისთვის იყო ნებადართული. 2020 წლის 12 ოქტომბერი: 4 420 ახალი შემთხვევა. კიევის მერიამ ბილეთების გაყიდვის ნება დართო
ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოს" საფეხბურთო მატჩჩე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია გასაგებია. ის დაფინანსებას წევრი ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებისგან იღებს და იძულებულია, უკუძალით გაამართლოს ყველა მთავრობის გადაწყვეტილება, რათა ეს დაფინანსება არ დაკარგოს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ტრამპმა გაბედა იმის თქმა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „უუნაროა, განახორციელოს პრაქტიკული ქმედებები კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად" და წამოიწყო აშშ-ის ამ ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი.
როგორც რუსული ანდაზა ამბობს, ქურდი ისაა, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის „მიშველეთ!" რათა ყურადღება საკუთარი თავისგან გადაიტანოს. ჯანმო „ინფოდემიაზე" იმაზე უფრო ხმამაღლა ყვირის, ვიდრე თავად მისტერ ტრამპი.
ჯანმოს პირველი On-Line კონფერენციის შემდეგ სოციალური ქსელები წალეკა და წარღვნა, წარღვნა და წალეკა ვიდეორგოლმა, რომელიც გვთავაზობდა რეკომენდაციებს როგორ დაგვეცვა თავი ინფოდემიისგან, ანუ ჩინეთიდან გამოდეზერტირებული საიდუმლო ლაბორატორიაში ხელოვნურად ინფიცირებული ღამურისგან. ჯანმოსგან (WHO) გამობრიყვებულნო,წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ათ მცნებას" (რომელთა გათვალისწინება დაეხმარება ყველას, ვისაც სწამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და კორონავირუსის არსებობის, დაიცვას თავი კორონავირუსის შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაციისგან ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook-ი, Whats App-ი, Twitter-ი და სხვა მსგავსი მავნე ქსელები):
- გაზარდეთ მიღებული ინფორმაციის მოცულობა და შეამცირეთ დეზინფორმაციის წილი.
– ამისთვის საჭიროა, მიღებულ ინფორმაციას კრიტიკულად მიუდგეთ.
– გადაამოწმეთ ინფორმაციის წყაროები და შეადარეთ ფაქტები სხვა წყაროებში არსებულ მონაცემებს.
– გააზიარეთ, მოიწონეთ ან დააკომენტარეთ მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
– მიუთითეთ შეცდომებზე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
– გადაამოწმეთ ინფორმაცია სანდო ორგანიზაციების წყაროების მეშვეობით.
– ნაკლები დრო გაატარეთ ინტერნეტში.
– ინტერნეტში ინფორმაცია დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეამოწმეთ.
– დღეში ერთხელ ივარჯიშეთ.
– დარჩენილი დრო მუსიკის მოსმენას და წიგნების კითხვას დაუთმეთ.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯანმოს10 მცნებაში საერთოდ არ არის ნახსენები მისი მთავარი მტერი - კორონავირუსი. ინფოდემიასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული პირველი კონფერენციის შემდეგ, რომელიც 19 დღეს გრძელდებოდა ჯანმო-მ შეიმუშავა უნივერსალური რეკომენდაციები ნებისმიერ „ღამურასთან" საბრძოლველად. ეს ეხებოდა ნებისმიერ სიახლეს, რომელიც სწრაფად და ფართოდ ვრცელდებოდა და რეალურ შედეგებს იწვევდა. ეს რეკომენდაციები ერთგვარი „ახალი ათი მცნება" განმარტავდა, თუ რატომ არ უნდა მივბაძოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და ზუსტად გვაჩვენებდა, რა უნდა გავაკეთოთ, რათა არ გავხდეთ ღამურის მორიგი მსხვერპლნი, ან, როგორც ამას WHO უწოდებს, არ აღმოვჩნდეთ „ინფოდემიის მსხვერპლნი".
– ნაკლები დრო გაატარეთ ინტერნეტში.
– ინტერნეტში ინფორმაცია დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეამოწმეთ.
– დღეში ერთხელ ივარჯიშეთ.
– დარჩენილი დრო მუსიკის მოსმენასა და წიგნების კითხვას დაუთმეთ....
,,კოკისპირულად გაგანია „ინფოდემიის პიკის დროს, სანამ საერთოდ გავაცნობიერებდი,რა ხდებოდა გულწრფელად მჯეროდა, რომ ეს რეალური ეპიდემია იყო. Facebook-ის სიახლეების ლენტში შემთხვევით წავაწყდი შთამბეჭდავ ანიმაციურ გრაფიკს, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობის ზრდას ასახავდა. ლურჯი სვეტები სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ გლობალურ სიკვდილიანობას უჩვენებდა: ბავშვობიდან ნაცნობ დაავადებებს, როგორიცაა მალარია, ტეტანუსი, ყივანახველა და წითელა. მათ გვერდით სიფილისსა და შიდსს (რომელთა შესახებაც მოგვიანებით შევიტყვე), ეს სვეტები თვიდან თვემდე ერთმანეთთან მიმართებაში პოზიციებს იცვლიდა.
2020 წლის იანვრიდან დიაგრამაზე მკვეთრი წითელი ზოლი გამოჩნდა, რომელიც ახალ სიტყვას -„კორონავირუსს" - აღნიშნავდა. თვიდან თვემდე, ისეთ ტერმინებს შორის გზის გაკვალვით, როგორიცაა „ეპილეფსია", „შარდკენჭოვანი დაავადება" და „დენგეს ცხელება", „კორონავირუსის" წითელი ზოლი ივნისისთვის საპატიო მესამე ადგილამდე ავიდა!
კორონავირუსის საფრთხე-საშიშროებაზე, ჯანმოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლის ნახვამდე თავს მეტ-ნაკლებად „კოვიდ-დისიდენტად" მივიჩნევდი: პირბადეს მხოლოდ მაშინ ვიკეთებდი, როცა შიმშილით სიკვდილის საფრთხე მემუქრებოდა რადგან მის გარეშე სუპერმარკეტში არ მიშვებდნენ; ხელის სადეზინფექციო საშუალებებსაც არ ვიყენებდი, ხელთათმანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ისინი უსიამოვნო და ამაზრზენ რამედ მიმაჩნდა. მოკლედ, როცა არავინ მიყურებდა და არც მისმენდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას დაცინვით ვეკიდებოდი. თუმცა, იმ გრაფიკმა ნამდვილად დამარწმუნა, რომ სიკვდილიანობის გამომწვევი მესამე უმთავრესი მიზეზი მთელ მსოფლიოში იყო კორონავირუსი"!
ვიდრე მივიღებდი გადამწყვეტ ზომებს, რომლებსაც საფრთხის წინაშე მყოფი ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიმართავდა - წიწიბურისა და ტუალეტის ქაღალდის შეძენას, ყველა კარის სახელურების დეზინფექციასა და „ელექტეროკოკის" ექსტრაქტის მიღებას, გადავწყვიტე გადამემოწმებინა ამ გრაფიკების წარმოუდგენელი ციფრების წყარო. სამწუხაროდ, ჩემი ყველაზე ცუდი ვარაუდები გამართლდა".
მიხაილ შეიტელმანი. ,,ღამურის ეფექტი".
* * *
ქრისტეანულმა რელიგიამ ორი ათასწლეული დახარჯა ცეცხლის, მახვილის და კეთილი სიტყვის გამოყენებით, მაგრამ მაინც ვერ შეძლო, მისი მიმდევრებისთვის ათი მცნების დაცვის იძულება - ჯანმომ (WHO) გადაწყვიტა, რომ რამდენიმე კვირაში შეძლებდა აეძულებინა
ადამიანები დაეცვათ მისი ათი მცნება? ნუ დავეჩმორჩილებით
ჯანმოს (WHO) და ინფოდემიასთან გამკლავება მათგან ვისწავლოთ, ვისაც ინფოდემიის გაუვრცელებლობა და გავრცელების შემთხვევაში აღმოფხვრა ნამდვილად ძალუძს. ვისწავლოთ ინფოდემიასთან ბრძოლა ჩინეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან გამოდეზერტირებული ღამურებისგან.
ღამურებიც ავადმყოფობენ და მრავალი დაავადება აწუხებთ, მათ შორის COVID-19-იც, რაც უჰანის ბაზრის ერთმა უიღბლო მოვაჭრემ საკუთარ თავზე გამოსცადა. ისინი ერთმანეთისგან ძალიან მცირე მანძილის დაშორებით ცხოვრობენ - უფრო მჭიდროდ, ვიდრე ნაირობის ღარიბულ უბნებში მცხოვრები ადამიანები. მიუხედავად ამისა, ისინი არც პირბადეებს ატარებენ და არც სოციალურ დისტანციას იცავენ, მათ განვითარებული აქვთ კოლექტიური იმუნიტეტი.
ადამიანები გაემიჯნენ მაიმუნებს ((გაემიჯნენ კი?) , როცა ხელში ჯოხი აიღეს. სწორედ ასე წარმოიშვა Homo Sapiens-ი მილიონობით წლის წინ. ხოლო ჩვენი ევოლუციური გარდასახვა ახალ ბიოლოგიურ სახეობად სულ რაღაც 25 წლის წინ, იაპონიაში დასრულდა. Homo Onlines-მა უკან ჩამოიტოვა ყველა, ვინც იმ ჯოხის გამოყენებაზე უარი თქვა - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე Homo Sapiens-მა ნათელი მომავლისკენ თან არ გაიყოლა შიმპანზეების კონსერვატიული ნაწილი, რომლებსაც ჯოხით ხილის მოკრეფა „საკუთარი ბუნებისთვის უცხო ქმედებად" მიაჩნდათ.
რა არის საჭირო კოლექტიური საინფორმაციო დაღლილობის დასაწყებად? ეს მდგომარეობა უნდა გამოსცადო. საჭიროა საკითხის ყველა შესაძლო კუთხით განხილვა, მასთან დაკავშირებული ყველა ემოციის გარეთ გამოტანა, უარყოფასა და თანხმობას შორის მერყეობა, ხანგრძლივი დაპირისპირებები, ოპონენტების დაგმობა და მომხრეების დაცინვა.
2019 წელი „დიდი ხანძრების წელი" იყო. ერთდროულად იწვოდა ამაზონის, ციმბირის და ავსტრალიის ტყეები. ავსტრალიის ხანძრებმა ისეთი მასშტაბის ინფოდემია გამოიწვია, რომ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამგზავრებულ ერთ ქალბატონს, ბებია ურეკავდა და დეტალურად უხსნიდა, როგორ უნდა შეეფარებინა თავი ცეცხლის სწრაფმავალი კედლისგან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცეცხლის წინ გაცოფებული კენგურუების ჯოგი გარბოდა.
2015 წელს, როცა მსოფლიო სირიელ დევნილ-ლტოლვილთა საკითხთან დაკავშირებულმა ინფოდემიამ მოიცვა, ევროკავშირის კომისარიატმა წევრ ქვეყნებს კვოტები განუსაზღვრა და დაუდგინა, თუ რამდენი ლტოლვილი უნდა მიეღო თითოეულ მათგანს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს კატეგორიულად მოეთხოვათ სირიელი დევნილ-ლტოლვილების მიღება ევროკავშირის დაცვის სქემის ფარგლებში. დიდ ბრიტანელებს მობეზრდათ საბერძნეთიდან, იტალიიდან და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია სლოვენიიდან (ქვეყანა, რომელსაც მუდმივად ურევენ სლოვაკეთში) ჩამოსული სხვადასხვა ჯურის პარაზიტების რჩენა. მათ გადაწყვიტეს, რომ არ სურდათ შეესრულებინათ ევროპარლამენტის მიმტაცებელი გერმანელების მითითებები და არც სირიელი დევნილ-ლტოლვილების შეშვება თავიანთ ქვეყანაში. დიდი ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქეებს უნდოდათ თოფებით მელიებზე ენადირათ როგორც ამას მათი წმიდათაწმიდა ტრადიციები მოითხოვენ, მაგრამ რასაც ევროკავშირის ჰუმანური კანონები კრძალავდნენ.
2020 წლის დასაწყისში ყირგიზი გმირი ქალები - ნამდვილი გმირები - თვითმფრინავებით, ავტომობილებით ან ფეხით მიემგზავრებოდნენ ტიან-შანის ჩრდილოეთ მთებზე მდებარე ქალაქში ურუმჩი, ჯიბეებით სავსე ნაღდი ფულით და უკან საქონლით გატენილი უზარმაზარი ტომრებით ბრუნდებოდნენ. თუმცა, შემდეგ პანდემია დაიწყო და აბრეშუმის დიდმა გზამ ფუნქციონირება შეწყვიტა. თავდაპირველად ყირგიზეთმა ჩინეთთან საზღვრები ჩაკეტა, რათა ჩინელებისგან კორონავირუსი არ გადასდებოდათ, მოგვიანებით კი თავად ჩინელებმა, მას შემდეგ, რაც ყირგიზები ვირუსით წარმატებით დააინფიცირეს, ჩაკეტეს საზღვრები, რათა ვირუსი მათგან არ გადასდებოდათ.
კორონავირუსმა კაცობრიობას ადამიანური შრომა-საათების უპრეცედენტო მარაგი აჩუქა.
ხალხი მაშინვე შეუდგა ამ დროის სასარგებლოდ გამოყენებას: ვარჯიშობდნენ, უცხო ენებს სწავლობდნენ, კლასიკურ ლიტერატურას ხელახლა კითხულობდნენ, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებს ალაგებდნენ და მუსიკას ქმნიდნენ. ოჰ, უკაცრავად, მე ხომ ჩვენზე არ ვსაუბრობ, სულ სხვაგვარ, ცივილიზებულ კაცობრიობას ვგულისხმობ... ჩვენი, ველური კავკასიური კაცობრიობა, Facebook-ზე უთანასწორო და უპრეცედენტო ბრძოლებს აწარმოებდა.
სოციალური ქსელებით & აპლიკაციებით ცივილიზირებულ-გამოცივილიზებულ გაპროგრესსირებულ-გამოპროგრესსირებული,
გაუმჯობესებულად გაუკეთესებული და ერთი სიტყვით
გ ა მ ო ბ რ ი ყ ვ ე ბ უ ლ ი
სამყაროს ერთადერთი მთავარი იარაღი, არც უფალმა, არც კაცმა და არც ქალმა, არც დიდმა და არც პატარამ არ უწყის, ვისთან და რასთან საბრძოლველად - Comment-ი, Like-ი და Share-ია!!!!
კორონაპანდემიის დროს საერთაშორისო არხებზე სპორტული სიახლეების სათაურები დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: „ინგლისის პრემიერლიგა: „მანჩესტერ იუნაიტედი" - „ტოტენჰემი" - 1:6"; აქ ციფრები იმ მოთამაშეთა რაოდენობას აღნიშნავდა, რომლებსაც თითოეული გუნდიდან კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ჩვენს თავს აღარ გვადგა მედიას „
მთავარი რედაქტორი, რომელიც გადაწყვეტდა, რომელი ამბავია მნიშვნელოვანი და რომელი მხოლოდ ჩვენი ცხელებით შეპყრობილი წარმოსახვის ნაყოფი. ამას თავად ვწყვეტთ. და სიტყვაში „თავად" ვგულისხმობ გონებას, რომელიც სოციალური ქსელების ლენტების გაუთავებელი თვალიერებითაა აღგზნებული. სწორედ ჩვენ ვუშვებთ „ღამურებს" მთელ მსოფლიოში და ვავრცელებთ იმ ამბებს, რომელთა გაზიარებაც თავად ავირჩიეთ. ისე გავერთეთ, სოფლის ორღობეებში ანუ სოციალურ ქსელ-პლატფორმებში ჭორაობით, ვინმემ ხვალ რომ კიბოს წამალი გამოიგონოს, ამას, სავარაუდოდ, ვერ შევამჩნევთ - იმდენად ვიქნებით ჩაფლულნი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის მორიგი კანდიდატის COVID-19-ზე ტესტირების შედეგების გულდასმით შესწავლით....
ექიმები როცა ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ დასრულდება, მაგრამ თავად კორონავირუსი არსად გაქრება, ისინი აბსოლუტურად მართლები არიან. ის შემორჩება მორალური ტაბუების ეროზიის სახით - იმ ტაბუების, რომლებიც მიმდინარე „ინფოდემიამ" წალეკა.
უნივერსიტეტები კვლევების გამოქვეყნებისას მონაცემებით მანიპულირებას შეძლებენ - და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ დამატებითი „Like" ან ,,Share" მიიღონ; საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ვითარების შესაბამისად 180 გრადუსით შეცვლიან თავიანთ რეკომენდაციებს; მთავრობები შეძლებენ მეტროთი მგზავრობის ბარათებისა და ზღვაში ბანაობის ნებართვების დარიგებას; ხოლო სოციალური მედიის პლატფორმები თავად გადაწყვეტენ, თუ რა სახის მოსაზრებების ქონაა ნებადართული მათი გამომწერებისთვის ინფოდემიასთან დაკავშირებით და რომელი მათგანი ჩაითვლება „ყალბ ამბებად" ან ძალადობისკენ წაქეზებად.
P.S. ამ ნაშრომში თქმულ-ნაწერის ერთადერთი ზეამოცანაა, ჯერ კიდევ ცივილზებულ ადამიანებად დარჩენილნო მკვიდრნო პლანეტა დედამიწისანო, მოგცეთ აუცილებლად აღსასრულებელი რეკომენდაცია: არ უყუროთ მავნებელ და გამომთაყვანებელ ტელევიზორს და არ უსმინოთ მავნებელ და გამომთაყვანებელ რადიოს, არ იკითხოთ მავნებელ და გამომთაყვანებელ გაზეთებ-ჟურნალებში, მავნებელ და გამომთაყვანებელ ინტერნეტში ახალი ამბები, თუ არ გსურთ გამოყველაფრება და ნაადრევი
ს ი კ ვ დ ი ლ ი!
2026.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი