აგრესიული პროვინციალიზმი
აგრესიული პროვინციალიზმი სოციალურ-კულტურული და ფსიქოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც, შეზღუდული მსოფლმხედველობა ან ყოფითი ნორმები ძალადობრივად, მტრულად და ქედმაღლურად უპირისპირდება თანამედროვე ან/და პროვინციალისთვის განსხვავებულ ღირებულებებს.
აგრესიული პროვინციალიზმის
ძირითადი მახასიათებლებია:
• სიახლის და განსხვავებულის უარყოფა:
ნებისმიერი ახალი იდეა, კულტურული ფორმა ან კრიტიკული აზრი აღიქმება როგორც საფრთხე არსებული წესრიგისთვის.
• უმეცარი სიამაყე:
გაუნათლებლობა ან ვიწროდ გაგებული „ტრადიციულობა", ხშირად არა სისუსტედ, არამედ უპირატესობად და „ჭეშმარიტ პატრიოტიზმად" საღდება.
• აგრესია და შეუწყნარებლობა: განსხვავებული აზრის, ცხოვრების წესის ან გარეგნობის ადამიანების მიმართ მტრული დამოკიდებულება, რომელიც ხშირად ვერბალურ ან ფიზიკურ ძალადობაში გადადის.
• კომპლექსები და თავდაცვითი რეაქცია:
პროვინციალიზმი არ არის გეოგრაფიული მდებარეობა (სოფელი თუ პატარა ქალაქი), ის გონების მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ცდილობს საკუთარი კომპლექსები და სიცარიელე აგრესიული თავდასხმებით დაფაროს.
საქართველოში ამ ტერმინის დამკვიდრება და გავრცელება უკავშირდება მწერლის და კინორეჟისორის რეზო თაბუკაშვილის ლექციებს, სადაც ის პროვინციალიზმის მავნებლობაზე და საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ როლზე საუბრობდა.
ვიკიპედიის განმარტება.
* * * *
... ,,თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს ყოფილა. სამწუხაროდ იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა... დღეს რუსულის არცოდნა ზოგს პატრიოტიზმის რანგში აქვს აყვანილი და იმიტომ არ იცის რუსული, რომ პატრიოტია და მტრის ენაზე არ უნდა ილაპარაკოს. აქამდე ნუ მივალთ.
ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე რეზულტატი. არის მეორე უფრო მავნე და მნიშვნელოვანი რეზულტატი, რაც თბილისის ეროვნულობამ გამოიწვია: გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი - აგრესიული პროვინციელი. - ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს.
ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავად-აზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ.
პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა. პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს. ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მიდის იქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო...
თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ ან ცაში უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში როცა ფრინავს, ან უნდა წყალში იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე ფეხი დაადგას რომ ის ხდება, რაღაც საშინელი, დაგვაჯული ბატი...
სრულიად არ არის სათაკილო,
რომ ვიღაცის ადგილია ქალაქში, ვიღაცის დაბაში ან სოფლად, ვიღაცის ცაში, ვიღაცის მიწაზე. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება უცნაური ტიპი ქართველი კაცის - აგრესიული პროვინციალი. - ის მოდის და რადგან ვერაფრით გჯობნის, შეუთავსებლობის გამო ეძებს თავშესაფარს სხვაგან. დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი, რომელიც გახდა თავშესაფარი, უამრავი აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანის. ის ამაღლებული და ქედმაღალი ტონით გელაპარაკება. ვინ არის რომ ჰკითხო - გიპასუხებს, რომ პატრიოტია. პატრიოტი პროფესსია არ არის. პროფესსიონალიზმია პატრიოტიზმი, ის პროფესსიონალიზმი,
რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ"...
რეზო თაბუკაშვილი. 1989 წელი.
https://youtu.be/PbKOQx_cIwo?si=v0PWZVOontMUbitS
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი