კონფუციუსის ფილოსოფიური კატა
კონფუცი, ვით ღმერთს, დაეძებს მხატვარს, სიბრძნეს სთავაზობს, ვარლამ, შენს ბიჭებს. შენ კი პოეტებს, ვით თაგვებს იჭერ, და კონფუციუსს იჭერ, ვით კატას. შენ სერვანტს არჩევ, ვიცი, სერვანტესს, და თვითონ ვოლტერს - ვალტერის ტყვიას. შენს ყოფნას ქვეყნად არყოფნა ჰქვია, შენ დანტეს პატივს მიაგებ დანტესს. ღვთის ნაცვლად ფუშე იწამე ხატად, ვერ არჩევ შაჰს და ცოტნე დადიანს. ... საწუთრო შენთვის მასკარადია, დრო შენ სისხლით და მუშამბით გხატავს. კატის ლანდს ეძებ, თავს ძალას ატან. შენს გაწვრთნილ ძაღლებს იმ ლანდს მიუსევ. შენ რას გახდები, - ვით თქვა მიუსემ, - ბნელ სახლში ბრძენი კონფუციუსიც ვერ იჭერს იქ არ არსებულ კატას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი