სუფთა ღრუტუნია


ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,
სურვილი აქვს ღრუტუნიას,
არა ბევრი, ორად ორი.

რომ ეს ჭუჭყი მოიშოროს,
დაიბანოს მელე ტანი,
და მოძებნოს მარტოხელამ,
გულერთგული მეგობარი.

ყველა ვისაც ის მიადგა,
გვერდზე გადგა უცებ მისგან,
რას გევხარო, არ დაგვსვარო,
სულ შავი ხარ ტალახისგან.

გზაზე გუბე დაინახა,
ნაწვიმარი სუფთა წყალი,
სიღრმეში კი იმ ორმოში,
მთლად მისნაირს მოჰკრა თვალი.

აი, ვნახე მეგობარიც,
სიხარულით ყველას ამცნობს,
ესალმება მის ორეულს,
ახლობელს და ძლიერ ნაცნობს.

მოდი ძმაო ვიმეგობროთ,
კეთილი ვარ, არ ვარ ავი,
გუბის ღორიც ესალმება,
დაუქნია მანაც თავი.

მაშინ წამო ვისეირნოთ,
ჩლიქს უწვდის და მასთან იწვევს,
ის თავისთან იპატიჟებს,
ორმოშიო ერთად ვიწვეთ.

ღრუტუნია არც დაფიქრდა,
შეაბოტა შუა წყალში,
ეჭვი აღარ შეჰპარვია,
მის ანარეკლ მეგობარში.

და გუბეში რომ განერთხა,
აამღვრია სუფთა წყალი,
თვალს აცეცებს,ვერ პოულობს,
სადღაც გაჰქრა მეგობარი.

ცხელ ამინდში,ეამა და,
ინებივრა დიდი ხანი,
და ანაზდად დაებანა,
ღორს ის ჭუჭყიანი ტანი.

გაბრიყვებული და ნაწყენი,
ქშენა-ქშენით ადგა ზეზე,
მშრალ ბალახზე წამოგორდა,
და გაიშრო კანი მზეზე,

ბინძურ ღორსა ვეღარ სცნობენ,
ღრუტუნია სუფთა ხარო,
თხამ კი უთხრა: ასე ლამაზს,
შემიძლია მოგეკარო.

მეგობრობას სთავაზობენ,
ცხვარი, ცხენი, ძროხა, ვირი,
გული უძგერს სიხარულით,
არა ვარო დაწყევლილი,

მასთან თამაშს ესწრაფვიან,
და ადებენ თავზე თავებს,
აი, თურმე რა ძალა აქვს,
სიწმინდეს და სისუფთავეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი