მუქთა მჭამელები
ბატმა ცომი მოზილა, თეთრი, თეთრი, ფითქინა, მეც მაჭამე პურიო, თხამ წამოიკიკინა. რაო, პური ცხვებაო?- ცუგომ ყურები ცქვიტა, არ დამტოვო მშიერი, იხვმა დაივიტვიტა. სუნი მცემსო პურისა, ფისომ ჩაიღიღინა, მეც ეხლავე მოვალო, ცხენმა ჩაიხვიხვინა. კლო, კლო,კლო,კლო, პურიო?- ინდაურმა ყრანტალამ, პური ცხვება ბატებთან, ჭუკებს ჩაუყრანტალა. ძროხა მყისვე აბღავლდა, ხმა გამოსცა გუგუნა, ღორმა თერთმეტი გოჭი, წუთში მოაღრუტუნა, კრუხიც მოდის ბატისკენ, მოჰყავს ოცი წიწილა, ბატმა სტუმრებს შეხედა და იცინა და იცინა. ოჰ, თქვე მუქთახორებო, ყველას დაუტატანა, თქვენ გგონიათ რომ მე მაქვს, პურის დიდი ქარხანა? იღვაწეთ და იშრომეთ, თქვენც დააცხვეთ პურიო, ჩემს ჭუკებსა მე ვკვებავ, და დამიგდეთ ყურიო, შვილებს ნუ მოაშივებთ, დედა ხართ თუ მამაო, არ არისო ლამაზი, მუქთად საჭმლის ჭამაო. პურიც უკვე გამოცხვა, გააბრუნა სტუმრები, და მიუსხდნენ სუფრასა, ის და მისი ჭუკები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი