ბუნების ენა
რას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყი რომ დაჩეკა, და დაზარდა,-ჩუმად ვხედავ, ალბათ,-ლაღად იფრინეთო,- ლოცავს ბარტყებს,ჩიტი-დედა. ან ნიავი რას ჩურჩულებს? რას უამბობს ვარდს არ ვიცი? ია,მოკლე ლურჯი კაბით, სირცხვილითა რაზედ იწვის? ან იმ ვაზსა რაღა უნდა?- ჩაჰხუტვია ჭიგოს მაგრად, ღაწვზე ცრემლი დაჰკიდვია, მიატეხეს ლერწი ალბათ. ან ის კრუხი რას ქოთქოთებს, წიწილებსა უხმობს მასთან? ცდილობს ხიფათს ააცილოს? ახლოს არ უშვებს კატასთან, ვის უმღერის ასე ნაზად, ტოტზე მჯდარი ის ბულბული? ან მდინარე რას მოგვითხრობს?- მესმის მშვიდი წყლის დუდუნი. ან ზღვა რაზედ აბობოქრდა, ვაწყენინე მე მას ნეტავ? ზვირთებს ისვრის გულმოსული, მიკარებას ვეღარ ვბედავ. ან ჟუჟუნა წყნარი წვიმა, რას უამბობს გამხმარ მიწას? რა ტკბილ ზღაპარს ეუბნება, ნაკადული მთას რას ჰფიცავს? შენ ტოროლავ,- სისხამ დილით, ნეტავ რაზედ, რაზედ მღერი? გემის ქიმზე ჩამომსხდრები, რაღას ბჭობენ თოლიები, მე ბუნების ენა მინდა, რომ მესმოდეს მისი ნეტავ, რომ გავიგო ტყის ნანინა, და ჩურჩული ბალახ - ხეთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი