მომჩივანი დათვი (ზღაპარი)


თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:
-პატრულო! კი მაქვს ბატონო,
მე თქვენი დიდი ხათრი,

მაგრამ რაღა ვქნა არ ვიცი,
უსამართლობით დავდნი,
ფუტკარი მჩაგრავს, მაწამებს,
ნერვიულობით გავქრი.

ბზუილა, ცხვირზე დამაჯდა,
ნესტარით მიწყებს ღიტინს,
ცხვირს მაცემინებს, მაცრემლებს,
არ წყვეტს ზუზუნს და ღიღინს.

მის სკაში დრუნჩი ჩავყავი,
რა ვქნა თუ მიყვარს თაფლი?
ტყუილად კი არ მინდოდა,
ვაგროვე მისთვის წაბლი.

ბოროტი, ცხვირში შემიძვრა,
ნესტარს შიგ მასობს ხიჭვად,
ძუნწ ფუტკარს რად ენანება,
ჩემთვის თავისი ფიჭა?

უნდა ვუჩივლო, მიშველე,
გაასამართლე ჩქარა,
ის გესლიანი არსება,
ბზუილა, მეტიჩარა.

დაკიდა დათვმა ყურმილი,
გაჩნდა ბზიკი პატრულად,
გაასამართლა ორთავე,
სიტყვა თქვა მან მხატვრულად:

-თუკი, ფუტკარო დათუჩამ
მოგართვა გოდრით წაბლი,
შენც, ადექი და მიეცი
ეკუთვნის ერთი სათლი.

რა ძალა ქონდა ბზუილას,
დაწურა ფიჭა თაფლი,
ენას უყოფს და თვალს უკრავს,
გამართლებული დათვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი