მგელი და კრავი
ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვებ ბუნაგსაო, გაუტეხავს ლეკვსა ფიცი, დარდობს დედა,თავის პირმშო, სად ეძებოს აღარ იცის. ციცქნა ლეკვი,ხოხვა-ხოხვით, მიუხოხდა თურმე კრავსა, ეგონა, რომ ჩაეხუტა დედას, ან ძველ მეგობარსა. გაყინული, გათოშილი მიძუგძუგდა-უთხრა: „მშიააა!“ კრავმა მგელი რომ დალანდა- შიშით უკან დაიხია. დედისაგან კი სმენოდა არ გამოვა მათთან ძმობა, რადგან მგელი ცხვრის მტერია, და არ იცის მეგობრობა. მაგრამ ლეკვი შეებრალა, თქვა თავისთვის: - მაინც ვცდიო, იქნება მე გავამრთელო ჩატეხილი ის ხიდიო. დაუყვავა,შეიფარა, გაათბო და ჩაიხუტა, პირით ბალახიც მიართვა, მაგრამ- ლეკვი გაიბუტა. ცხვირი გვერდზე აიბზუა: -ბალახი მე რად მინდაო? ჩემს ბუნაგში დამაბრუნე, მგელი დედა მომინდაო. როს გათენდა, წაუყვანა კრავმა ლეკვი თავის დედას. ფეხაკრეფით დადის ტყეში, მგელთან მისვლას ძლივსღა ბედავს. დედამ შვილი დაინახა, სიხარულით დაიყმუვლა, კრავი შიშით ცახცახებს და ბაგაბუგი უწყო გულმა. -შენ ხარ ლეკვის გადამრჩენი? -ეკითხება მგელი კრავსა. კრავმა ძლივს დაიპეტელა: „ხომ არ მიზამ მგელო ავსა?“ მგელი ცოტა ჩაფიქრდა და ტუჩი გვერდზე მოებრიცა: -გინდა სიკეთის სანაცვლოდ, არ შეგჭამო და დაგიცვა? რა კარგი ხარ, პუტკუნიავ, ხუჭუჭა, მთლად ჩასაკვრეხი, უზმოზე რამ მოგიყვანა? შენ დაგეცეს თავსა მეხი. წადი, ჩქარა გამეცალე, გქონდეს მუდამ ჩემი შიში, ხედავ, ენას ვაწკლაპუნებ?- მომეძალა ნერწყვი პირში. ჩქარა, თორემ არ დაგიწყებ, ლაპარაკს და დიდ ხანს ლოდინს, შენგან, მადის აღმძვრელი და საამური სუნი მომდის. შეწრიალდა, აიბუზა კრავი, მგელმა ეს რომ უთხრა, გაიძურწა პაკა პუკით, და მინდვრისკენ თავი დურთა. გზაში ფიქრობს კრავუნია, არ სცოდნიათ მგლებსა ძმობა, უმადური ყოფილან და, არ არსებობს მათი ნდობა. არ დაგიდევთ სიკეთეს და არც სიყვარულს, მეგობრობას, მგელი, მაინც მგელია და ვერ მოიშლის მგელი მგლობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი