რთველი
რთველი არის ჭიკაანში, გააჩაღეს მარულა, ფოთლებიდან მტევნები, გვიცქერიან მალულად. ალმურ ასდით სიმწიფით, კრეფას ვიწყებთ თავიდან, ეზოში კი თათარას, ათუხთუხებს მამიდა, რთველი უკვე დაიწყო, დილით ადრე დგებიან, ამაყად რომ გვიცქერენ, ის ყვარლისა მთებია. ყველა გადი გამოდის, მარნის კარი ჭრიალებს, და ყურძნით დატვირთული, ურემი დაჭრიალებს. მწიფე რქაწითელები, სამწნახელში ქრებიან, ჩექმებიან კაცები, მტევნებს ეფერებიან. მოდის ვაზის ნაჟური, ღვინის ნაკადულადა, ლეღვს ჩირებად აცმევენ და მოადუღეს მურაბა. ბაღში თითა ყურძნებსა, შენც ეხები ხელითა, ჭამა უკვე არ ძალგიძს, ძღები მათი ცქერითა. არომატი იფრქვევა, გემრიელი სუნები, იქ თონიდან ბებიამ, ამოყარა პურები. ჩურჩხელები წვეთავენ, ახლად დავლებულები. წალმის ცეცხლის მაყალი, შამფურებზე მწვადები, ჭიქა მაჭარიც შესვი, გაიქარვე დარდები. შემოდგომამ მდიდარმა, თვისი ხვავი დაჰყარა, მზემ თავისი სხივები, დასავლეთს გადახარა. თხელ ჭიქებში შუშხუნებს, მღერის ალადასტური, შემოდგომის ზეიმის, რთველი არის დასტური, ხალისობენ ნაშრომნი, თან ცეკვავენ, მღერიან, კახელები რთველზედა, შემოდგომით გველიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი