დედა თბილისი
გაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები, სოფლად არსად ენახა, როგორ ხტოდა, ცმუკავდა, ერთი უნდა გენახათ. უამრავი მანქანა, უთვალავი ნათურა, გვერდით მამა მიჰყვება, და დაიკო ხათუნა. კინო თეატრები და, სასეირნო პარკები, დახლართული ქუჩები, აქ ხომ დაიკარგები? აჰა ძველი თბილისი, კლდეს დაკიდულ აივნით, არ იღლები ცქერითა, და სულ ფეხით დაივლი. აქ სამების ტაძარი, ვარსკვლავივით კიაფობს, მტკვარი წყნარად დუდუნებს, ისტორიას გვიამბობს. იქ სიონი, ქაშუეთი, ტაძრებს ვეღარ დაითვლი, მთაწმინდიდან დაჰყურებს, თბილისს მამადავითი. ზოოპარკი, სკვერები, ვაკის პარკი, „ბომბორა“, ასკინკილით დახტიან, ბიჭუნა და გოგონა. აბანო და მეტეხი, მეტრო,ავტობუსები, მრავალფრად ბრდღვიალებენ, მაღაზიის შუშები. ოპერაშიც კი იყო, მოისმინა „დაისი“ რუსთაველზე სეირნობს, ირგვლივ სუფევს ხალისი. ძლიერ, ძლიერ მოხიბლა, გაგა დედა თბილისმა, და ქალაქი იმ დღიდან, ექცა სულის თილისმად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი