მკვეხარა მხატვარი
იკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველას მობეზრდათ ზურას ყბედობა ფუჭი, და წინ დაუდეს ჩვენს მხატვარს, თეთრი ტილო და ფუნჯი. აჰა!-გვაჩვენე მკვეხარავ, თუ შეგიძლია ხატვა, ძალიან გვაინტერესებს, შენი ნაშრომის ნახვა. ფიქრობს რაღაცის დახატვას, ზღვის, მთების ანდა ქედის,~ თუ არ აჩვენა ნახატი, აწ ვეღარ დაიკვეხნის. ხელში აიღო ფუნჯი და, ასვარა საღებავები, მთა დახატა და მთის ქვემოთ, ტბაში თავდაღმა ნავები, კლდეზე,ასწლოვან მუხებსა, დაუსხამთ ატმის კვირტები, და მათ ტოტებზე გალობენ, სპილოს სიდიდის ჩიტები. წითელ ყვითელი ზებრები, მინდორში ძოვენ ტალახსა, ირმები ფეხზე რქებითა, წყლის ნაცვლად სვამენ ბალახსა. ცაზე მგელუკა დაფრინავს, თევზები ხტიან ნაპირზე, იქ ვეფხვი, ბუზის ოდენა, ცდილობს თავდასხმას ნახირზე. ბეწვის ხიდიც კი დახატა, დათვი-არქეოპტერიქსი, ეგ რაღააო?- იცინის, ზურას ძმობილი თენგიზი. უცქერენ მეგობრები და სამყარო ნახეს ახალი, მთლად დაუწუნეს ნაშრომი, ატეხეს აყალ-მაყალი. ჰკითხეს მკვეხარა ზურიკოს,- გვითხარ რა დაგიხატია?- ღრუბლებია თუ სახლები, ეგ მელაა თუ ბატია? დაიბნა ჩვენი მხატვარი, და სიტყვები აერია, მხატვრობის ნიჭი რომ არ აქვს, ეს დღესავით ნათელია. შერცხვა,გაწითლდა, დააგდო, ფუნჯი და საღებავი, ალუღლუღდა და ატირდა, მათ წინ დაჰხარა თავი. ბავშვები მიუახლოვდნენ, ზურამ სიმორცხვეს სძლია, უთხრეს, რომ აღარ შეჰპირდეს, რაც მას არ შეუძლია. მკვეხარობა და ტრაბახი, არის თვისება ცუდიო, თუ კაცი გქვია კაცური, და გხურავს თავზე ქუდიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი