ფისო და ლისია
შარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყანა მისია, ლამბაქსა რომ ლოკავდა, თავს წაადგა ლისია, ლისია კუდის ქიცინით, ჩვენი პატარა ლეკვუნა, თეთრი,ფუმფულა, მყეფარა, ცუგრუმელა და ცელქუნა. მიუახლოვდა, დაყნოსა, გაგორდა ბალახ-ბულახში, მიაუუუუ!-ფისო შეშინდა, აუკანკალდა ულვაში. ვინ მოგიყვანა ჩემს სახლში, აქ რას აკეთებ კატაო? ამ ჩემს ლამბაქთან რა გინდა, მჭამელი მომემატაო? არა ბატონო ფინიავ, ეს ჩემი თეფში-სინია, შენი კი,- აი ის არის, შუაზე გატეხილია. აბა შეხედეთ!-თავხედი, ეგ როგორ გამიბედაო?- ძლიერ გაბრაზდა ლისიკო,- ფისოს მოაწვა სევდაო. ატირდა ჩვენი ციმპალი, ცრემლით დანამა ბაღი, უკან იხევდა კრუტუნით, როცა უღრენდა ძაღლი. ლეკვუნას კნუტის ცრემლებმა, უცებ მოულბეს გული, და შეებრალა ფისუნა, აუწრიალდა სული, დაუყვავა და დაყნოსა, თათზე დაადო თათი, მას შემდეგ არ გამიგია, ღრენა-კრუტუნი მათი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი