დამნაშავე ბურთი


ბურთი აჩუქა მამიკომ,
დააჯილდოვა ელდარი,
ფეხბურთელი და სპორტსმენი,
სხარტი,ძლიერი,მედგარი,

ბიჭმა ბუცები ჩაიცვა,
შეათამაშა ბურთი,
მყისვე შეკრიბა ეზოში,
ფეხბურთელ ბავშვთა გუნდი.

გიორგი,სანდრო, დავითი,
სოსო და მარდი ბესო,
კახა,ვალერი, ნუგზარი,
და სხვა სკოლელი რეზო.

მეკარეც კი აირჩიეს,
პატარა ბიჭი სანდრო,
კარებში დგომა ელდარმა,
მხოლოდ სანდრიკოს ანდო.

გაჩაღდა ბურთის თამაში,
ვერ გაუტანეს გოლი,
დარბიან და ყიჟინებენ,
ანგარიშია- ნოლი.

ერთმა თაური დაარტყა,
და ვერ მოზომა პატარამ,
ბურთი გაფრინდა სწრაფად და,
ჩატეხა სახლის ფანჯარა.

ბებო აყვირდა,-ბაბუა,
ხელში დიდ ჯოხსა იჭერს,
გაბრაზებული ბუზღუნებს,
და ემუქრება ბიჭებს.

დასჯა არ უნდა არავის,
მხრებს იჩეჩს მთელი გუნდი,
ბოლოს ერთხმად სთქვეს:ბაბუა!-
დამნაშავეა ბურთი.

მოხუცი ძლიერ გაოცდა,
და შეიბრუნა პირი,
რომ არ შენიშნონ ბავშვებმა,
სახეზე მას ღიმილი.

ბურთი აკენკეს,გაცვივდნენ,
კვლავ გააგრძელეს თამაში,
ონავრებს გამოეცხადათ
თინიკო,წითელ კაბაში.

რა ეშველებათ მოხუცებს?-
ჰკითხულობს მკაცრად თინა,
ან ქარი რომ ამოვარდეს,
ან რომ დაიწყოს წვიმა?

ხვალ ყველას ვეტყვი სკოლაში,
რომ ხართ ბავშვები ურჩი,
ფანჯარა თქვენ ჩაამსხვრიეთ,
ტყუილად ამხილეთ ბურთი.

ჩაფიქრდნენ, გონსა მოეგნენ,
ელდარი უძღვის წინა,
რათა მოხუცებს ჩაუსვან,
ის ჩატეხილი მინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი