დალი და მანანა


ძილის წინ ციცქნა მანანამ,
ჰკითხა უფროს დას დალის,
სულმოუთქმელად ტიტინებს,
ის ფუშფუშელა ქალი.

ნელ ნელა რომ დაზოზინებს,
კუს სახლში არ ეჩქარება?
ნუთუ შვილები არა ჰყავს,
მათთან არ მიეხარება?

ზურგზე რომ ადგას ფარია?
საბრძოლოდ მიდის ნეტავ?
მაშ ჯოხით როცა შევეხე,
ფარში რად ჩაიკეტა?

ვარდი წითელი რად არის?
მწვანეა ბალახ ხეცა,
რაიმე დააშავა და
ასე ძალიან შერცხვა?

ვირი რაღაზედ ყროყინებს,
რად აქვს ყურები გრძელი?
მითხარი გოჭებს რას ერჩის,
ის ღორმუცელა მგელი?

ზღარბებს ეკალი რად ჰცმიათ,
არა აქვთ რბილი სამოსი?
თუ ფული გამოელიათ,
მივცეთ პერანგი თამროსი.

გუშინ, ზღვიდან რომ დაბრუნდა,
ზანგი რად გახდა გუჯა?
მართლა იმ მზისა ბრალია,
ასე რომ გაირუჯა?

მთვარე რად დადის ცაზე და
რად დასდევს ვარსკვლავთ ჯარი?
წვიმის დროს ზემოთ ვინ სტირის,
და რას გვიამბობს ქარი?

ღამით ტყეში რომ ბუ ჰკივის,
რა მოუვიდა მითხარ?
მანანა კვლავაც ტიტინებს,
აქვს უამრავი კითხვა.

მითხარი ჩემო დალიკო,
მიწაში რად დევს ქვევრი?
დალი კი დას ეუბნება,-
უნდა ისწავლო ბევრი,

ეხლა რომ მრავალ ნაირი,
შენ შეკითხვები გაწუხებს,
ყველა კითხვაზე წიგნები,
გაგცემენ მართალ პასუხებს.

-დას დააფარა საბანი,
ნანას უმღერის დალი,
ცნობისმოყვარემ მილულა,
დასაძინებლად თვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი