ვინ რა ჰქნა?


წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
მის წვრილ ღარში ჩაკარგული.

თოვლის ფიფქმა თეთრად , თეთრად,
გადაპენტა არე მარე,
გუნდაობენ ონავრები,
და გამორბის ყველა გარეთ.

იმ ვერაგმა, საძაგელმა,
ქარბორბალამ რა ჰქნა იცით?
დაამტვრია ტოტები და 
არ ეშვება ხარხარს, სიცილს.

ყინვამ, იცით რა ჰქნა ყინვამ?
ძვალ რბილში რომ უცებ ატანს,
საახალწლოდ ფანჯრის მინა,
ყვავილებით მოგვიხატა.

მზის სხივმა კი რა ჰქნა იცით?
დედამიწას სითბო მისცა,
გაიღიმა, ქვე დაეშვა,
და ენძელა გააღვიძა.

იმ ჩიტუნამ, რომ ჟღურტულებს,
რომ ჭიკჭიკებს, ძლიერ ანცობს,
იცით რა ჰქნა იმ მერცხალმა?
გაზაფხულის მოსვლა გვამცნო.

ხოლო სიომ მონაბერმა,
სიყვარულსა მისცა ბანი,
დაუბერა ნაზად,-ვარდსა,
ჩაახუტა ის შროშანი.

დილის ნამმა რა ჰქნა ნეტავ,
შევეკითხოთ თვითონ მასა,
სთქვა, რომ მწყურვალ ყვავილებსა,
ცის ნაჟური წყალი ასვა.

ყველა შრომობს,საქმიანობს,
რაღაცას ჰქმნის,-უკვე იცი,
ყოველ დღე რომ ვინმეს არგო,
მიეც შენს თავს ბიჭო ფიცი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი