სამურაბე ბალი


ბაღში ბალი დამწიფდა,
ღურღუმელა შავუნა,
ფოთლებს მიღმა უცქერენ,
კუნწულები, მალულად,

ჩასაკვრეხად უხმობენ,
დამსკდარი ნაყოფები,
ზოგან კურკებიც უჩანთ,
ჩიტთა დანაკორტნები.

ბაჩომ კიბე მიადგა,
დაიკოც მიეხმარა,
მოკრეფილი ბლები კი,
ვარცლზე გადმოიყარა.

მიესივნენ ბავშვები,
და გამართეს ყიჟინა,
ნიტაც ფეხზე წამოხტა,
უკვე გამოიძინა.

და იცმევენ ყურებზე ,
ყურსაკიდა კუნწულებს,
პაწაწინა რუსკაც კი,
სარკის წინ დაცუნცულებს,

მოეთხუპნათ ტუჩები,
გაეტკბილათ თითები,
მწერები ესევიან,
დაეზარდათ ღიპები.

ბოლოს ერთურთს შეხედეს,
აღარ დარჩა ბალი,
გონს მოეგნენ გვიანღა,
ბაჩო, ნიტა,ლალი.

თავდახრილი, მორცხვები,
კუთხეს ეწურებიან,
სამურაბედ მინდაო,
სთქვა იმ ბალზე ბებიამ.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი