ოპუნცია კაქტუსი
ყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური შეკითხვა: მეგობარო მინდოდა, შენთვის ადრეც მეკითხა. ლამაზი ვარ ლურჯთვალა, ლურჯი კაბაც მაცვია, შენ ასეთი მკბენარა, ღმერთმა რაღად გაქცია? კაქტუსი კი ჩაფიქრდა, ამოუშვა სლუკუნი, ჩამოყარა ყურები, დადგა მისთვის უკუნი. უნდა მასაც რომ იყოს, იასავით ლამაზი, მასაც ჰქონდეს ყვავილნი, უეკლო და ხალასი. მაგრამ რა გაეწყობა, შეიმშრალა ცრემლები, ალუღლუღდა:-ჩემს კატოს, ვიცავ, თავზე ვევლები. ვინმემ არ აწყენინოს, არ ატკინოს გული, მტერთათვის მაქვს ეკლები, მუდამ მიმართული. იმ კაქტუსის გულში კი, ერთი ნატვრა ბუდობდა, და ღმერთს ეხვერწებოდა, ყვავილობა უნდოდა. თითქოს ღმერთმაც უსმინა, და ერთ დილით სისხამზე, გაიღვიძა, და იგრძნო, ყვავილია მის თავზე. გამოფხიზლდნენ ენძელა, შროშანი და ია. კაქტუსს ეს რა ლამაზი, კვირტი ამოსვლია? ყველა შურით აივსო, ორქიდეა, ტიტა, ლილიამ კი სიბრაზით, ტუჩი მოიკვნიტა. აი კატოც მოვიდა, შეკრა იის კონა, ოპუნციას ყვავილი, ძლიერ მოეწონა. შეაქო, მიეფერა, სხვანი გააწბილა, მიხაკებს და ვარდებს შუა, მიუჩინა ბინა. სილამაზით ამაყობს, აივანზე კატოსი, თავზე დიდი ყვავილით, ოპუნცია კაქტუსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი