არაჩვეულებრივი კონცერტი


შეიკრიბა ერთ მუშტად,
მომღერალთა დასი,
უნდათ ყველას აჩვენონ,
მათ სიმღერის კლასი.

ყვანჩალა და ჭრიჭინა,
კრაზანა და ფუტკარი,
სცენაც კი შეარჩია,
იმ დასმა საკუთარი.

მოიწვიეს მსმენელად,
გუგული და მწყერი,
პეპელა და კოღო,
ის სისხლისა მსმელი.

გამნათლებლად სცენისა,
არის ციცინათელა,
მიკროფონს ამონტაჟებს,
პატარა ჭიანჭველა.

დოლებთან ზის კოდალა,
ბასგიტარად ჩხიკვი,
მონდომებით ხერხავს,
ვიოლინოს იხვი,

საქსაფონზე უკრავს,
მამალ ინდაური,
მან თავისი გამებით,
გააყრუა ყური,

ვირტუოზმა კალიამ,
ახსნა ფორტეპიანო,
დახტის კლავიშებზე და,
დაავიწყდა პიანო,

ანშლაგია ნამდვილი,
და გათავდა ბილეთი,
ყველას დასწრება უნდა,
გახდა იქ საგიჟეთი,

ძლივს ლოჟაში მოეწყო,
ჭრელი ჭიამაიკო,
პალმის ფარდა გაიხსნა
და კონცერტიც დაიწყო,

არენაზე გამოდის,
ყელზე ბაბთით, მამალი,
მსმენელებს ეკითხება,
მსგავსი დასი სად არი?

ორკესტრის ხმა გაისმა,
აჭრიჭინდა ჭრიჭინა,
ყვანჩალამ ტემბრს უმატა,
სულ მთლად გადაჭიჭინდა.

ისმის ბანი ფუტკრისა,
საშინელი ბზუილი,
კრაზანამ კი ვერ შეძლო,
მისცა ბგერა ტყუილი,

თან ცეკვავენ,-თავები,
მომღერლები ჰგონიათ,
ხოლო სინამდვილეში,
არის კაკაფონია.

ტაში ისმის მქუხარე,
სცვივა ფერხთით ყვავილი,
კოღომ მწყერსა უკბინა,
აუტეხა ქავილი.

პეპელამ კი ვარდებსა,
ამოსწოვა ნექტარი,
ფუტკარი კი ყვავს ეცა,
და ჩაასო ნესტარი.

გუგულს ესხმის კალია,
წამოუგდო თვალია,
ბუზიც ცუდად მოიქცა,
სცემა ჭიამაია.

გრძელნისკარტა კოდალამ,
ჩხიკვს გაუპო თავი,
საცოდავს დაუყენა,
განკითხვის დღე ავი.

ის სცენა გადაიქცა,
საჭიდაო ტატამად,
მტყუანი არვინ არ არის,
ყველა თავს გრძნობს მართალად.

მტრედი სახლში გაიქცა,
მშვიდობისა ნატრული,
ტელეფონი აიღო,
მოიძია პატრული,

პოლიციაც მოვიდა,
ფრინველთ რისხვა ქორი,
აბრიალებს თვალებს და
ყვირის: „შეწყდეს ომი!“

ყველა სახლში გაიქცა,
დაიშალა დასი,
არვის აღარ უნახავს,
ამ კონცერტის მსგავსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი