ქურდი ბეკო
იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი, მაღალ ღობეზე მხტომარე, აბეზარი და კუნტრუშა, და ვენახებში მძრომარე. მოძრავი იყო ბეკეკა, და გასაოცრად მარდი, მაგრამ შრომა არ უყვარდა, არაფრის ჰქონდა დარდი. ბეკო უქნარა, ზარმაცი, ციცქნა რქებით და კუდით, ყველას ღობეებს უმტვრევდა, ის საძაგელი ქურდი. *** ჩვენი გმირი ერთხელ დღისით, დაიკარგა უღრან ტყეში, ეძებს ნიკა, - ვერ იპოვა, ვერც ცოცხალი - ვერცა ლეში, ბეკომ ბევრი იკუნტრუშა, მიაღწია ტყის კიდეში, და დაღლილსა ბუჩქის ძირას, ჩაეძინა სიგრილეში. ცოტა ხანმაც გაიარა, ჩამობნელდა - დადგა ღამე, ბუმ დაიწყო კივილი და ამოგორდა ცაზე მთვარე. ბეკოს ძლიერ ეშინია, ელანდება ყველგან მგელი, ამ დროს ტანის რხევა-რხევით, გამობაკუნდა ირემი. ირმის გვერდით თვალი მოჰკრა, როგორ დახტის ციცქნა შველი, და იმედი ჩაესახა, ვედრებით თქვა -ვერ მიშველი? შველი კარგად დააკვირდა, წინ ამაყად გაუარა, ეს შენა ხარ ბეკეკუნა, ბოსტნის ქურდი და უქნარა? გაიგონა ეს ხმაური, მოცუნცულდა მათთან ციყვი, ფუ, -შე ქურდო, სალახანავ, უთავაზა ბეკოს წიხლი. წავიდესო ეს თხა ტყიდან! მთლად აკივლდა ხეზე ჭოტი, უქნარები არ გვინდაო, საცემრად მოსტეხა ტოტი. ტურამ ჭოტსა ხმა აუწყო, შეიძულეს „დაკარგული“, მიხვდა ტყეში რატომ დარჩა, ყველასაგან გარიყული, ნანობს თავის უღირს ქცევებს, არის ძლიერ დაბნეული, სად წავიდეს, აღარ იცის, გამალებით უცემს გული. ფიქრობს: -იქნებ გვიან არის, აღარა მაქვს მეტი შანსი? თავს ძალა რომ დავატანო, გამოვსწორდე ცოტა ხანში?! თითქოს ფიქრი გაუგოო, ჭკუას უხმე! -ხავის ზღარბი, კურდღელმა - არ იქურდოო, ნუ იქნები ძმაო ხარბი. სად იყო და სად არაო, იქვე გაჩნდა ბრძენი მელა, შეეცოდა მტირალ ბეკო, მოაგვარა საქმე ხელად, წამო ჩემთან, - უნდა გითხრა, ქურდი ვიყავ მეცო ძველად, არ ვიპარავ წიწილებსო, გამოვსწორდი- ჰფიცავს მელა. თუმც ღამეა უკუნეთი, უღრან ტყეში ძლიერ ბნელა, გაგაცილებთ შენს სოფლამდე, მე და ის ციცინათელა. მიიყვანეს ბეკო შინ და, სთქვა მადლობა გულმხურვალე, წვერი უთრთის, სიხარულით ცრემლი სდის და იწმენდს თვალებს, *** დრო გავიდა-გამოსწორდა, შრომამ ისე გაიტაცა, ჩვენი ბეკო-თხის ამბავი, მთელ სოფელმა აიტაცა, ბეკო დინჯად დადის ყველგან, არ დახტის და არ ქოთქოთებს, არ შორდება პატრონ ნიკას, აღარ ამტვრევს არვის ღობეს, ყველამ უკვე აპატივა, გადაუსვეს თავზე ხელი, ყოველ სისხამ დილით ხვდება, საჩუქარად მწვანე ნეკერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი