ბადი ბელი
გალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა როცა მთა და ბარი, უხვად, თეთრად გადაპენტა, დედა მოკლეს და დათუჩა, დარჩა უღრან ტყეში კენტად. ბევრი, ბევრი იზლუქუნა, ცრემლი ჰყარა დიდი ხანი, განშორების სევდამ სძლია, გულს მოაწვა კაეშანი, იძუნძულა აქეთ იქეთ, და ფუღურო ნახა ხეში, ლადო პაპამ იქ იპოვა, აიყვანა ბელი ხელში. მთელს ზოოპარკს ცრემლები სდის, ოხრავს მგელი, - ტირის სპილო, ავაზაც კი აკრუსუნდა, ლომი ბღავის, - „ვაი შვილო!“ ვეფხვები და აქლემები ყველამ, ვინც კი ბელს შეჰხედა, ამშვიდებენ: „გენაცვალე, ჩვენ ვიქნებით შენი დედა.“ უგზავნიან საჭმელებსა, ზებრები და ბაჭიები, ბანანებს არ იშურებენ, მაკაკები - პრანჭიები. სიყვარული სუფევს ირგვლივ, მზრუნველობა მისბაძი, სახელიც კი მოუძებნეს, და დაარქვეს იმ ბელს „ბადი.“ ბავშვებმაც კი შეიყვარეს, ბადუნია მურა დათვი, და ყოველ დღე მიაქვთ მასთან, ორცხობილა, შოკოლადი. და მიირთმევს ჩვენი ბელი, გამოგზავნილ ყველა ნობათს, არ ცუღლუტობს და არ ცელქობს, იმსახურებს ცხოველთ ნდობას. ყირამალა კოტრიალებს, აღმოაჩნდა ცირკის ნიჭი, თუთუყუში იმეორებს, ბადიაო კარგი ბიჭი, რამდენია ქვეყნად ბავშვი, ისე,როგორც ბადი ბელი, მოვალე ვართ დავეხმაროთ, გავუწოდოთ ობლებს ხელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი