ტყის სამართალი
მელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნახეს ის ხე სწრაფად, მიბაჯბაჯდა დრუნჩა დათვი, ფუტკრების არ შეეშინდა, აუქნია მსხვილი თათი. ფუღუროში შეძვრა, სულ მთლად, გამოცალა თაფლი ხელად, და სიამით ფრუტუნებდა, დაავიწყდა ნათლულ მელა. *** თაფლმა დაათრო დათუჩა, და აურია გონება, კეთილი გახდა ბურდღუნა, და გასცა სხვისი ქონება. მელიას უთხრა:მოკეთევ, აღმომჩენო და გენიავ, სოფლის ბოლოში საქათმე, სულ მიჩუქნია, შენია. - ვეფხვს ხარ-კამეჩსა ვუბოძებ, ლომს კი მივართმევ ძროხასა, ვის რას ჩუქნიდა გულუხვად, თან უყვებოდა მოძღვარსა. მთვრალი არ ვარო იძახდა, მაქვს გონებაო საღი, ციყვს ბევრი თხილი შეჰპირდა, კურდღელს კი თედოს ბაღი. ყველას რაღაცა აჩუქა, ზოგს გოჭი,-ზოგსაც ცხვარი, ნაწყენად არვინ დასტოვა, ტყის არცერთ ბინადარი. ბოლოს,ბუტბუტი მობეზრდა, ეგონა არის შინა, გონ არეულს და გალეშილს, ხის ძირში ჩაეძინა. ხვრინავდა და ხუხუნებდა, ვერ იგრძნო ფუტკართ კბენა, სანამდე გაფხიზლდებოდა, ღამე იქ გაითენა. დილით მზემ რომ დააჭყიტა, აღარა ჰქონდა ნირი, აყვირდა ტკივილისაგან, ის იყო დაკბენილი. როცა ცოტა გონს მოვიდა, ვეღარ დალანდა მელი, ბურდღუნითა და ქშენითა, ძლივს აითრია წელი. *** მაგრამ უცებ, ჰოი რას ჰხედავს? მელას მოჰყავს ცხოველთ ჯარი, შეახსენეს დათუნიას, ზოგმა ძროხა-ზოგმა ხარი, ცხოველები ღრიალებენ, დაუღიათ მათ პირები, ჰყვირიან,-ჰეეე სადღა არის, ის შენი დანაპირები? ლომი როგორ გააჩუმოს, ან ის ვეფხვი ძალზედ ავი? ფიქრობს თავი რით იმართლოს, მოიცილოს ლაქა შავი. გადახედა მეგობრებს და ვეღარ გაუსწორა თვალი, ბოლოს ძლივსღა ამოღერღა, მაპატივეთ, ვიყავ მთვრალი. ასამართლეს ტყუილისთვის, ბევრზე ბევრი ცუდიც ითქვა, დაადებინეს პირობა, აღარ გასტეხოს მან სიტყვა. სასამართლომ მიუსაჯა, არ დაიდო მისი ხათრი, არ შეჭამოს დათუნიამ, არასოდეს წვეთი თაფლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი