საოცარი ქვეყანა
ზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავიწყნიათ იქ მტრობა, სიყვარული ბატონობს, მეგობრობა და ძმობა. დახეთ ჰოი საოცრება, მამალს ახლავს მცველია, და ეს მცველი ვინ არის? კუდფუმფულა მელია. ბეღელში კი თაგვები, სიმინდს ფშვნიან,მღერიან, იხვები არხეინად, დედას ელოდებიან, ხელკავით სეირნობენ, ბაყაყი და გველი, მინდვრად კრავსა სდარაჯობს, ის მსუნაგი მგელი. მშვიდად სძინავს ხუხუნებს, დიდი ძაღლი ,,დისო’’ მის ზურგზე დასკუპულა, პაწაწინა ფისო. ფუტკრებს კი დაუწურავთ, თვისი თაფლის ფიჭა, სტუმრად დათვი მოვიდა, დინჯად მოაბიჯა. მონადირემ თურმე, გადააგდო თოფი, ჩიტი ლაღად ჟღურტულებს, ტოტზე ზის ოფოფი. მერცხალი კი ჭიკჭიკით, დაქოთქოთებს ბუდეს, მტერი არვინ არა ჰყავს, სიყვარული სუფევს. ეს ზღაპარიც დროებით, დავასრულოთ უნდა, კვლავ გეწვევათ ძილის წინ, თქვენ ზღაპრების გუდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი