სულის დაცემა ფიზიკური დაცემის ზღვართან
გინახავთ როგორ ეცემიან ადამიანები? ვიცი რომ გინახავთ, ბავშვობაში ხშირადაც ხომ იცინოდით, წაქცეული მეგობრის დანახვისას... ან იქნებ ტიროდით... როდესაც ეცემოდით, ზოგიერთი თქვენგანი სწრაფად დგებოდით, რომ დედას არ დაენახეთ. ზოგიერთი კი, პირიქით, შესამჩნევად ხმამაღლა იწყებდით ტირილს, რომ დედისთვის გეხმოთ. ახლა, როცა უკვე გაიზარდეთ, დაცემაზე ისევ იგივე რეაქცია გაქვთ. ზოგი, მტკიცედ უმალავთ საყვარელ ადამიანებს ცხოვრებისგან მიღებულ დარტყმებს და ისე ცდილობთ წამოდგომას, რომ წელში მოხრილიც კი არ შეგნიშნოთ არავინ. ზოგი კი, მაშინაც კი, თუ ოდნავ ფეხი გადაგიბრუნდებათ მთელი სხეულით ეყრდნობით სხვებს. ბავშვობაში როდესაც ვეცემოდი, მახსოვს გააზრებასაც კი ვერ ვასწრებდი ისე სწრაფად წამოვხტებოდი ხოლმე. გადატყავებული მუხლები და იდაყვები გულს მიწუხებდა მაგრამ არ ვწუწუნებდი, ვცდილობდი არც კი მეფიქრა მათ არსებობაზე. არც მეგობრების მარცხზე ვიცინოდი ბევრს. თუ დავინახავდი ძირს ვარდებოდა ვინმე, მისკენ გავრბოდი. ჩვევად მქონდა საკუთარ თავზე სხვისი ტკივილის წარმოდგენა. ადამიანები არ ვიცვლებით. დღემდე, როდესაც ვეცემი, მხოლოდ ჩემს თავს ვუმხელ. ისე მალე ვდგები ფეხზე, ისე მშვიდად ვუმკლავდები საკუთარ ჭრილობებს, თითქოს არც არსებობენ. სხვის დაცემაზე, კი არ მეცინება, გული მეკუმშება სიმწრით. თუ ახლოსაა ადამიანი, უფრო კარგად ვხედავ მის ჭრილობასაც და ტკივილიც უფრო მიმწვავდება. გინახავთ როგორ ეცემიან ადამიანები? ყველას გვინახავს... დაცემა ისეთივე მოვლენაა, როგორიც მზის ჩასვლა. დღის ბოლოს მზე აუცილებლად უნდა ჩავიდეს, რომ სიბნელის შემდეგ გამონათებულ სხივებს ფასი ქონდეთ. ადამიანი?! ადამიანი კი, აუცილებლად უნდა დაეცეს, რომ წამოდგომის შემდეგ, გამართულად შეძლოს გზის გავლა და თანამგზავრების სწორად შერჩევა. პირველი ნაბიჯების გადადგმა დაცემით იწყება, პირველი მზის სხივები კი, მხოლოდ სიბნელეში ხდება შესამჩნევი. გინახავთ როგორ ეცემიან ადამიანები? ყველას გვინახავს... ისინი ეცემიან და ისევ დგებიან, ისევე როგორც, მზე ჩადის და ისევ ამოდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი