შენ და ვარსკვლავები
ამ ბოლო დროს უხარისხო ღაამეები დაჩემდა დედამიწას. მთვარის ნათება აღარაა ისეთი კაშკაშა. წვიმის წვეთები აღარ უკრავენ ნაცნობ მელოდიებს სახურავებზე. ვარსკვლავები აღარ ასრულებენ სურვილებს... ჩემი და შენი გზები ისე გაიყარა, უკვე მერამდენედ... ვწევარ ცოცხალ-მკვდარი, გულ-აღმა და ვფიქრობ, საბოლოოდ განვცალკევდით თუ არა. შენ ისეთივე ახლო ხარ, როგორიც ჩემი საკუთარი ეგო და ისეთივე შორეული, როგორიც სამყაროს დასალიერი. მიდი, წამართვი ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შენი წილი სიყვარული და ისე წადი ჩემგან. გამომაყოლე მზერა, როდესაც დამშვიდობებისას თვალების ბრიალს და ქვედა ტუჩის ამობრუნებას დავიწყებ. გამიქრე ყველა იმედი და უკან ნუღა მოიხედავ. ნუ დაიწყებ ნერვიულად თამბაქოს მოკიდებას და შენს წინ მდგარი სხეულისთვის თვალის არიდებას. მიდი, წადი და არაფერი დამიტოვო, ან კი აქვს აზრი რამეს ამ სამყაროში?! დედამიწამ ღამეების ხარისხს უკლო. წუწუნებს, მეტისმეტად ბევრი სევდიანი სული აწუხებს მარტოსულ ღამესო. ვარსკვლავები განაწყენდნენ ურწმუნო ხალხზე, გამიღიმე, დავანახოთ, რომ ოდესღაც მაინც გვჯეროდა მათი. ნუ დაანახებ დედამიწას, რომ გეშინია. შიშია სიყვარულიც, ვნებაც და ყველაზე ხშირად მოსმენადი საუნდთრექიც ჩვენს ჰორიზონტზე... მოდი, გამომგლიჯე ჩემი ხელებიდან შენი წილი სიყვარული, ჩემით არ გაგატან ვარსკვლავებს ვფიცავარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი