ფიქრები ნისლში
ემოციებისგან გაჟღენთილი ორ-ორ სიტყვასაც ვერ ვუყრი თავს, რომ გადავაბა და გრძნობა გადმოვცე. სასტუმროს ეზო ნისლშია გახვეული. მინდა - არ მინდა, სტივენ კინგი მახსენდება, შეიძლება აქვე, ჩემთვის სევდით გარემოცვილი რომელიმე მონსტრმა მშთანთქოს, აი, თუ მონსტრებს გადავურჩი, დარდი მაინც მშთანთქავს, ასე რომ ასე დიდხანს ჯდომა არ მიწერია. სახეზე მრავლისმნიშვნელი ღიმილი დამთამაშებს, თვალებს ვხუჭავ და ჩემს თავს ზემოდან ვუყურებ, ერთი მომცრო წერტილი ვარ ამ ვეებერთელა სამყაროში, მითუმეტეს ამ მთების ფონზე. ჩემს ირგვლივ უსამართლობის სურნელი ტრიალებს. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ დამიჯერეთ, ყველა გრძნობას თავისი სუნი აქვს, უბრალოდ ყველას არ შეუძლია ჩაუღრმავდეს ესოდენ უმნიშვნელო საკითხს. უსამართლობას მომწარო სუნი აქვს, ცხვირი რომ აგეწვება ისეთი. ჩილის და მჟავე კომბოსტოს სურნელი რომ გააერთიანო მსგავსი. ნისლის ცივი ჰაერი ცოტა მშველის და მაფხიზლებს. ფიქრებით სადღაც შორს დავფრინავ. ცხოვრება უსამართლობის გარეშეც არაფერია, თუ ერთხელ მაინც არ გასკდა შენს მხრებზე მისი სუნამოს ბუშტუკები სხვანაირად ვერ შეიგრძნობ სამართლის მადისაღმძვრელ არომატს. ესეთ მომენტებში, ყველა სანუკვარ ოცნებებზე ფიქრობს, მე, როდესაც ჩემს თავს კითხვას ვუსვავ, ყველაზე მეტად ახლა, რა მინდა, ბევრი ფიქრი არ მჭირდება, ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილი სურნელი აკლია ჩემს ფილტვებს, გულს და სულს. ეს სურნელი, რომელიც არაფრის მსგავსია, შეუდარებელია და იმ ადამიანივით ერთეული, ვისი თვალებიც, ჩემი სამყაროს სარკეა. მისი მუქი ბაგეების, ყველაზე საუცხოო, ტკბილი და გემრიელი არომატი, რომელსაც ძალუძს, ნისლით მოცული უსამართლო მონსტრებისგან გადამარჩინოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი