იისფერი შუქი
შუაღამეა. სველ ქვაფენილს ლამპიონის ყვითელი შუქი ანათებს. ქუჩაში სიმშვიდეა გამეფებული, აქა-იქ თუ ჩაიქროლებენ ჭრელი ავტომობილები ან ვინმე სწრაფად მოსიარულე გამვლელი თუ გამოჩნდება იშვიათად... ვიცი, აქვე, რამდენიმე ასეულობით ნაბიჯში ისე მიცდის ქალი, როგორც კლაუსტროფობიით დაავადებული ადამიანი უცდის სართულზე გაჭედილი ლიფტიდან გამოსვლას, როგორც დამშეული ობოლი უცდის ქველმოქმედისგან გაწვდილ ფუნთუშას. ისე მელის, ისე გამალებით უცემს გული, როგორც ემიგრანტ დედას, რომელსაც რამდენიმე წელი იქნება შვილი არ უნახავს და იცის რამდენიმე წამი დარჩა საყვარელი სხეულის გულში ჩაკვრამდე. ისე მელის, ისე სურს ჩემი მოსმენა, როგორც სმენადაქვეითებული ნატრობს მოისმინოს ჩიტების ჭიკჭიკი. ასეთი სუსხიანი ნოემბერი არ ვიცი კიდევ როდის იქნება, ან თუ იქნება არამგონია კიდევ მოვესწრო. სადღაც ას-ასორმოცდაათ მეტრში ისე მელოდებიან, როგორც ღმერთს ელიან ხოლმე გასაჭირში მუხლმოდრეკილი ადამიანები. ორი-სამი საათია ჩაბნელებულ საბავშვო სკვერში ვზივარ და თითქმის აუღელვებლად ვეწევი მეორე კოლოფ თამბაქოს. ცივა. ალბათ წინა წლებშიც ძალიან ციოდა და ტემპერატურას დიდად არ განვიცდიდი. შესაძლოა, ნოემბერმაც კი იგრძნო ჩემი სულის შფოთვა. ვფიქრობ, როგორ არ უნდა შემეძლოს ახლა, უბრალოდ ავდგე თითისწვერებზე ავიწიო და ჰაერის ფენებს ავყვე ზეცაში. აღარ მინდა რამეს ვგრძნობდე, აღარ მინდა ნერვიულად ვიღიმოდე და ვისწორებდე წვერს, ყოველ წამს, ისე თითქოს ვიღაც უხილავ არსებას ვაწონებ თავს. ვზივარ და ათასი სულელური აზრი მომდის თავში. ხომ შეიძლება, ავდგე და წავიდე იქ სადაც სუნთქვას უკვრავთ ჩემი დანახვა?! მაგრამ კაცები ხომ ყოველთვის უფრო მარტივად ვტკენთ... ვღიზიანდები, როცა ვხვდები, რომ სხვებს დავემსგავსე... ცხოვრებაში ყველაფერი სწორედ ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს. ფიქრებში გართული თითქმის, გაუცნობიერებლად დავადექი მისი სახლის გზას და მაშინ გამოვფხიზლდი, როცა უკვე ნაცნობი ფანჯრის წინ ვიდექი. ფანჯარა ჩაბნელებული იყო, თუმცა აივნიდან იისფერი შუქი ბჟუტავდა. რათქმაუნდა მელოდებოდა. ავნერვიულდი, კორპუსისკენ ნაბიჯი გადავდგი თუარა, ტალახის გუბეში ჩავაჭყაპუნე ფეხი. შარვალი გამეწუწა და დავფიქრდი, ღირდა თუ არა, მოუწესრიგებელი დავენახე მაგრამ სანამ, საკუთარმა ეგომ მწარე სილა გამაწნა აზრზე მოვედი. თითქმის სირბილით ავიარე სადარბაზოს კიბეები, პირველი... მესამე... მეხუთე... დერეფანში ვუხვევ და შიშის გრძნობა მეუფლება, ვფიქრობ ყველა საშინელებას, ვუშვებ ყველა ცუდ ვარიანტს გონებაში, ერთიანად მიპყრობს ეჭვი, ბრაზი და იმედგაცრუება. კართან ვდგავარ, სახლიდან ბეთჰოვენის მთვარის სონატის ბგერები იღვრება, წარმოვიდგინე როგორ ეხვევა სხვის მკლავებში მუსიკის ფონზე, წარმოვიდგინე წითელი ღვინო, რომელიც ერთად ვიყიდეთ როგორ ასხია ორ ჭიქაში და წინ ინტიმური სცენა იშლება... მინდა რომ დავაკაკუნო მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ. ღრმად ჩავისუნთქე, უცებ ფანტაზიამ რაკურსი იცვალა და თვალწინ აბაზანაში სისხლის გუბეებში უსულოდ დაგდებული სხეული დავინახე, სინდისის ქენჯნამ ამიტანა, როდესაც მივხვდი, რომ ის სიტყვები, რაც მას ვუთხარი თავისუფლად შეიძლება მისი სუიციდის მიზეზიც კი გამხდარიყო. ნერვებმა ამიტანა, თვალის გუგები გამიფართოვდა, ძარღვებში სისხლი მომაწვა და კარზე ისეთი ძალით დავიწყე ხელის რტყმა, რომ მხოლოდ გულში კიარა თითებშიც ვიგრძენი მწარე ტკივილი. რამდენიმე წამი სიჩუმეა, ისე იწელება დრო, როგორც რომელიმე სერვისცენტრში დარეკვისას, ავტომოპასუხის საუბარი. საკეტმა დაიჩხაკუნა, ვხვდები როგორ გავქვავდი, ვგრძნობ მის სიახლოვეს. კარს ჟოლოსფერი თხელი ხალათით აღებს. თმები ჩვეულად გაშლილი აქვს, თვალები ჩაცვენილი, ტუჩები გავარდისფერებული. მიყურებს. მხრები უკანკალებს... ვერ მოვითბინე და ისე მოვეხვიე, ისე ჩავიკარი გულში ლამის გავსრისე. ახლა, როცა მკლავებში მყავს, სამყაროც რომ მაგლიჯავდეს მის თავს არ დავთმობ. ვფიცავ, ყველაზე ძლიერ არსებად ვიქცევი მაშინ, როცა მისი კანის სურნელს ვიგრძნობ და არასდროს, არასდროს აღარ მოვინდომებ თითის წვერებზე აწევას და ჰაერში გაფრენას მარტო. ცხოვრება ირონიულია. შეიძლება სუფთა გზაზე სეირნობდე, ნეტარებისგან თვალები დახუჭო და ღრმად ისუნთქო თუმცა, როგორც კი, სრულად მოწყდები გზაზე ფიქრს ტალახის გუბეში აღმოჩნდე. თვალებს ბოლომდე ნუ დახუჭავთ, ღრმად ნურასდროს ჩაისუნთქავთ თუ ჰაერის სისუფთავეში არ ხართ დარწმუნებული, ხოლო თუ არც ერთს გაითვალისწინებთ და არც მეორეს მაშინ შეეგუეთ იმ აზრსაც, რომ ბოლომდე სუფთა ვერასდროს ივლით, სადღაც მაინც დაისვრებით, მთავარია ეს დასვრა გიღირდეთ. რამდენიმე წუთით, უძრავად ვეკვროდი ყველაზე საყვარელ არსებას სამყაროში. ვყნოსავდი კანზე, თმაზე... ვკოცნიდი ყველგან და ხელს წამითაც არ ვუშვებდი, იმის შიშით, რომ კიდევ დიდხანს არ დავრჩენილიყავი მის გარეშე, ანდაც საერთოდ არ დამეკარგა... გამთენიისას ჩაიდანის წრიპინმა გამაღვიძა, თვალები არ გავახილე, ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით არ იწვა და ცუდი შეგრძნება დამეუფლა. ცოტახანში, საწოლზე ჩამოჯდა, მხარზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ საუზმე უკვე მზად ქონდა. გვერდით ვიხედები და თეფშზე ლამაზად გაწყობილ ფუნთუშებს, ომლეტს და ხილს ვხედავ... მეღიმება, საბანს ვწევ და მადლობის ვნებიანად გადახდას ვცდილობ. ნიკაპს მკერდზე მადებს, თითებს წვერში მიყოფს და თვალს არ მაშორებს, მერე კი მეუბნება ჯერ ჭამეო... საწოლიდან დგება, ლანგარს მაწვდის, პენუარს ისწორებს და სიყვარულით სავსე თვალებს მიბრიალებს. გვერდით ოთახში აპირებს გასვლას, მე კი უნებურად ვეძახი; ,,მიყვარხარ” პასუხი იგივეა. ოთახიდან ბეთჰოვენის ,,Love story” ისმის... ყველაზე ბედნიერი ვარ მსოფლიოში... ტალახში გასვრა ნამდვილად ღირდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი