ფრთები


ყველაფრის წარსულში დატოვება, მოკვდავის სხეულზე წამოზრდილ უკვდავების ფრთებს უწყის. 
კანზე პირველი ბუმბულის ამოხეთქვასავით მწარეა, პირველი მოგონების მხრიდან ჩამოგდება მაგრამ თუ ერთი მაინც წარმატებით დაეცემა ძირს, თანმიმდევრულად მიყვება ყველა.
როდესაც, პირველად, დიდი ხნის შემდეგ მხრებში გასწორდები და გამართულად შეძლებ წამოჯდომას, თავს მზეს მიარტყავ, თმას ღრუბლებზე გადაჰფენ.
შენ იქნები იმდენად დიდი, რომ სამყარო აღარ მოგერგება.
შენს ტანზე, ზღვის ტალღები ისე  აღელდება, როგორც ფრიალა კაბა ოქტომბრის ქარში.
შენს ზურგზე გადაშლილი ჭრელი ველ-მინდვრები, ყველა სახეობის ყვავილს დაიტევს.
ლავიწებზე დაგეყრება ვარსკვლავების მტვერი.
მკერდთან, ხალივით ამოგეზრდება შავი მთვარე.
შენი ფრთები, მეორე ნეკნის სათავიდან დაიწყებენ ზრდას.
როცა ყველა მოგონება დაგტოვებს, შენ იქნები ისეთი დიდი, რომ დედამიწას გაიხდი და გალაქტიკას ჩაიცვამ.
მერე კი, როცა  ათასობით მეგაპარსეკით დაშორებული სივრცეც არ გეყოფა სასეირნოდ, მიხვდები, რომ შენი შესაძლებლობების სიდიადე შენს პიროვნებასაც კი აღემატება.  
ლავიწებიდან ვარსკვლავების მტვერს გადაიყრი, გაშლილ მხრებს შეიკუმშავ, თვალებს დახუჭავ, რომ უსასრულობისკენ გადახარო კისერი.
მიხვდები, რომ ყველაფერი რაც გზღუდავდა, გაპატარავებდა და სუნთქვას გიკრავდა მოგონებები იყო.
ირმის ნახტომიდან, მზე პირდაპირ შენს სულში გადაინაცვლებს, გამოანათებს და იგრძნობ, ზე შეგრძნებას - თავისუფლებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი