აარე
ცივა, ფრჩხილის გარშემო თითები მიწითლდება. ყოველი ღრმა ჩასუნთქვისას სუფთა ჰაერი ცხვირს მიწვავს. მხრებზე და გულ-მკერდზე ხალებს ვითვლი. მგონი, ახლა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე წინა კვირას მქონდა... ბერნში სანახავი და დასათვალიერებელი არც ისე ცოტაა, მაგრამ წამოსვლის წინა დღეს, რატომღაც მაინდამაინც ალბერტ აინშტაინის სახელობის მუზეუმს მივადექი. ეს კაცი ბავშვობიდან მიზიდავს მისი გენიალურობით, და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, მუზეუმში ხელოვნების სრულად დამაკნინებელი უგემოვნო ექსპონატებიც რომ მენახა, მომენტალურად მაინც აღვფრთოვანდებოდი თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ალბერტთან იყო ასოცირებული მაგრამ, როგორც ველოდი და ვვარაუდობდი, საოცრებები დამხვდა... ადამიანი შინაგანად მუზეუმს უნდა გავდე, თუმცა გარეგნულად ისე უნდა გამოიყურებოდე როგორც ყველაზე თვალსაჩინო ექსპონატი, რომლის გამოც მუზეუმში მოინდომებენ შესვლას... ალბათ ვერ მოვყვები იქ რამდენი საინტერესო რამ ვნახე მაგრამ ხომ იცით, როგორც მილიარდი ადამიანიდან გამოვარჩევთ ხოლმე ერთს და მას ბოლომდე ვეკრობით და ვეკედლებით, ისე მივაჩერდი და მივეკარი ერთ-ერთ მინის ყუთს, როდესაც ალბერტის ხელნაწერი დავინახე. მხარზე ხელი ვიგრძენი, შევკრთი და როდესაც მივიხედე, ირლანდიელმა გრძელთმიანმა და პუტკუნა სადღაც ორმოც წლამდე მამაკაცმა წარბები აწია, თვალები გააფართოვა და ლმობიერი მაგრამ საყვედურნარევი ტონით მითხრა ,,please, do not touch" საფეთქლებთან ნერვის ძაფები ვიგრძენი მაგრამ მშვიდად მივუგე ,,excuse me, I am sorry" სადღაც მართლაც ვწუხდი, რომ დაუფიქრებლად მოვიქეცი მაგრამ ახლა გულის სიღრმეში ის უფრო მაღელვებდა, რომ კაცობრიობისთვის ესოდენ ამოუცნობი კაცის თითებით შემოხაზულ სიტყვებს ვკითხულობდი, ვიდრე ის, რომ ვიღაც ირლანდიელს ფურცელზე მუქი შრიფტით ამობეჭდილი შეთანხმება დავურევიე ჩემდა უნებურად. ექსპონატზე რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ პირველი რაც ვიფიქრე ის იყო, რომ ვიზუალი არ განსაზღვრავს აბსტრაქციულ შესაძლებლობას, რადგან შესაძლოა, ნაგლეჯზე ძველი კალმით გრძნობათა შედევრი დაიწეროს, ხოლო საუკეთესო ფორმატის ფურცელზე არაფრისმომცემ სიტყვათა ხროვას ქონდეს თავი მოყრილი. და მაინც, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? რა ურჩევნიათ ადამიანებს?! ის, რასაც რეალურად ხედავენ, თუ აბსტრაქცია, რომლის დანახვასა და შეგრძნებასაც ლოდინი ჭირდება?! ხალხი არჩევანს ძირითადად ვიზუალურ მხარეზე აკეთებს. მაგალითად, ჩვენ მივყვებით მეგობარს ტექნიკის მაღაზიაში მაცივრის საყიდლად. გარშემო უამრავი ფორმის და ზომის მაცივარია, მეგობარს ბევრი ფული აქვს. გაივლის, გამოივლის და მიადგება ყველაზე დიდსა და ლამაზს, ამ დროს მაღაზიის კონსულტანტი უხსნის, რომ ეს ახალი მოდელია, თუმცა ტექნიკურად ძველი მოდელი უფრო ჯობია... იფიქრებს, ჩვენი მეგობარი იფიქრებს და 99% პროცენტით დარწმუნებული გეტყვით, რომ მაინც ახალ მოდელს აირჩევს, იმიტომ რადგან ლამაზია და უფრო მოუხდება მისი სახლის ინტერიერს... ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის კიარა, არაფრის ფასი არ ვიცით... ხო, ახლა გრძნობებიც ყველაზე იაფფასიან აქტად ითვლება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი