დინარა
დილის შვიდი საათია. თბილისში თავსხმა წვიმაა. ვაჟა ფშაველას გამზირი მიაქვს წვიმის თქეშს. ნარინჯისფერი ფორმის ქვეშ სქელი ჯემპრი ჩაუცვამს დინარას, თმაზე ვერცხლისფერი სამაგრი უკეთია, სხვათაშორის, წინა კვირას თმაც შეიღება და სალონში მომუშავე მისმა დაქალმა, მანიკურიც სულ უფასოდ გაუკეთა... მახსოვს, კარზე მომიკაკუნა სახეგაბრწყინებულმა და მისი მშრომელი ხელები გამომიწოდა, მიხდება? მეკითხება აღტაცებული მეც კომპლიმენტებს ვაყრი და მიყვება თავის ძველ დაქალზე, ლოცავს და აქებს. ვიცი, შეიძლება გაგიკვირდეთ ჩვენ დროში ასე უბრალო რამეზე, ვინ ვის ლოცავსო მაგრამ ჩემი დინარა კეთილია... სველ, მწვანე ფოთლებს ყრის ტროტუარიდან, დროდადრო წელში სწორდება, სუნთქვა უჭირს, ჯანმრთელობის საქმე კარგად არ აქვს. ორი წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, ავთვისებიანი სიმსივნი ქონდა ფარისებრზე. მისთვის არც მტვერი და არც დაღლა არ შეიძლება... ღარიბ ოჯახში გაიზარდა დინარა. ეროვნებით აზერბაიჯანელია, ორი და ყავს და ერთი ძმა. დედას არასდროს უმუშავია ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზუსტად რა, არ ვიცი. ოჯახის უფროსი სანტექნიკოსი ყავდა, გაჭირვებით მიქონდა სახლში პური და საჭმელი ოთხი შვილისთვის მაგრამ ტკბილად ახსოვს დინარას მამა, ყოველთვის როცა იხსენებს თვალზე ცრემლი ადგება. ქართული სკოლა წარმატებით დაამთავრა. მშობლებს უნდოდათ, სამედიცინოზე ესწავლა მაგრამ ფინანსების არ ქონის გამო ტექნიკურ ფაკულტეტზეც ძლივს მოეწყო, ამბობს კომპიუტერული ტექნოლოგიები ჩემი სფერო არ იყოო... ცეკვა და სიმღერა უყვარს ბავშვობიდან, ათას დარდს მუსიკა უქარვებს. მთელი ბავშვობა პიანინოზე ოცნებობდა, თურმე, სადაც საყვარელ ინსტრუმენტს თვალს მოკრავდა შორიდან უყურებდა და ნატრობდა ზუსტად ისეთი ქონოდა სახლშიც... ოცი წლის იყო, როცა გადაწყვიტა, რომ სწავლაზე უფრო ხელსაყრელი მისთვის და მისი ოჯახისთვის მისი მუშაობა იყო. ვარკეთილში ერთ-ერთ მარკეტში დაიწყო მუშაობა დასთან ერთად. მისი მომავალი ქმარიც იქ გაიცნო, პურის დისტრიბუტორი. ბავშვობის სიყვარული არ ყოლია, მე თუ მკითხავთ, შეყვარებული არც არასდროს ყოფილა... უსიყვარულოდ გათხოვდა დინარა, მოტყუებით წაიყვანა მომავალმა ქმარმა თავის ოჯახში ახალი წლის ღამეს და იქიდან უბრალოდ აღარ გამოუშვეს, მერე როგორც ხდება ხოლმე, მალევე გაჩაღდა ქორწილი და ქეიფი. ქმარსაც დიდი ოჯახი ყავდა. ბევრი რომ არ მოვყვე მოკლედ გეტყვით, იმის გამო, რომ დინარა ღარიბი ოჯახიდან იყო და დიდად მზითებითაც ვერ დაიკვეხნიდა ხშირად ამცირებდნენ, აღარაფერს ვამბობ მის ცივსისხლიან ქმარზე, რომელიც პირველივე კვირიდან ცემდა და აგინებდა. თამაშობდა, სვავდა, სახლიდან ნივთებს ყიდდა და ამ ყველაფერს ისევ მის ცოლს აბრალებდა. მისი ერთადერთი შვილი სექტემბრის ბოლოს, ერთ წვიმიან დღეს დაიბადა, მშობიარობაც ისეთივე მძიმე ქონდა, როგორც ცხოვრება. გაჭირვებით მაგრამ დიდი სიყვარულით გაზარდა მისი მზესავით ბიჭი. ამბობს, ვერც კი მივხვდი ისე გახდა 13 წლისო. ქმართან ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეეზოვის ხელფასით მან შეძლო და იმდენი თანხა მოაგროვა, რომ მშენებარე კორპუსში აიღო ბინა და წინასწარი შესატანიც მთლიანად დაფარა. ცხოვრობს ახლა მარტო, შვილმა მასთან გადმოსვლა არ ისურვა, არა განა არ უყვარს დედა, უბრალოდ კომპიუტერი და WiFi უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ამ ეტაპზე. ცხოვრობს დინარა ერთ ოთახიან, ნახევრად გარემონტებულ სახლში და ამაყობს, რომ ყოველგვარი ბედუკუღმართობის მიუხედავად, დღეს, საკუთარი ოფლით ნაშოვნ ლუკმა-პურს ჭამს. დილის თერთმეტი საათია. მეეზოვეები ისვენებენ. განცალკევებით ზის დინარა ხის სკამზე, დაღლილია, სუნთქვით ისევ მძიმედ სუნთქავს, თვალებს სივრცეს უშტერებს, ფიქრობს მისმა შვილმა რა ჭამა.. სამსახურის შემდეგ დაურეკავს. რამდენიმე წუთში დგება, ცოცხს იღებს და მომდევნო სამუშაოსთვის იწყებს მზადებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი