ოქროსფერიდან შავ-თეთრამდე
გარეთ საშინელი ქარბუქია. ფანჯრის მინების ზანზარი, სათითაოდ წყვიტავს ყველა ნერვის ძაფს. სუსხმა ჯერ ბიჭის ძონძებს შეაფარა თავი, შემდეგ კი კანზე გაუღვიძა ბუსუსები. ცხრამეტი წლისაა თითქმის, მხარ-ბეჭი განიერი აქვს, ხელები-მუშა, ჯერ ძალა ერჩის, მუშაობა წყურია. თავს პატიოსანი ხელებით ირჩენს, თავისი სამყოფი ლუკმა-პური აქვს რაც მთავარია, თუ რამე მორჩება სხვებსაც უყოფს, განა ეგრე. ბავშვობა მძიმე ჰქონდა. დედა მის დაბადებას გადაყვა. ბებია ზრდიდა, ის იყო მისთვის დედაც, მამაც და მთელი ოჯახიც. შეიძლება ზოგჯერ, მშივრებიც იძინებდნენ, მაგრამ სიყვარულით სავსე იყო მათი კერა. დასხდებოდნენ ხოლმე, საღამოობით ტკაცუნა ფეჩთან და ყვებოდნენ მთისას და ბარისას, იქამდე სანამ რომელიმე მათგანს არ ჩასთვლემდა. ხშირად ნატრობდა ხოლმე ბებია, ნეტავ შენს ცოლ-შვილს მომასწრო და მერე დამატოვინა წუთისოფელიო, თუმცა ამაო აღმოჩნდა მისი ნატვრა.. 12 წლის იყო ბიჭი სულ მარტო რომ დარჩა ცასა და მიწას შორის. დანარჩენი ამაგი სოფლის ქალებს ჰქონდათ მასზე, იმ ქალებს, შებინდებისას ერთი ქოთანი ლობიო და შოთის პურის ყუა რომ ქმრისგან და დედამთილებისგან მალულად მიჰქონდათ მის ჭერ-ჩამოქცეულ სახლში და თან შიშით აქეთ-იქით იყურებოდნენ, რომ არავის დაენახათ. დაობლებულმა და განადგურებულმა ბიჭმა ქალაქს შეაფარა თავი. თვითონ იყო საკუთარი თავის ერთადერთი მომკითხავიც და პატრონიც. რა აღარ აუტანია, შიმშილი, ქუჩა-ქუჩა ხეტიალი ღამის გასათენებელის ძიებაში, ათას შარშიც გახვეულა, ერთი თავი ყველის ქურდობაც დაუბრალებიათ და მილიციაშიც კი ყოფილა, მაგრამ კიდევ კარგი, დროზე ადრე იპოვეს ქურდი და ისიც გამოუშვეს სამშვიდობოს. ვინ იცის, კიდევ რა გადახდა, რა ტვირთი აზიდინა ცხოვრებამ ზურგით, მაგრამ იმედი? იმედი არასდროს დაუკარგავს, იცოდა, საკუთარ თავს თვითონ თუარ მოუვლიდა, ამ ქვეყანას სულ არ ქონდა მისი დარდი. ცივი საღამოა მართალია, მაგრამ რა უჭირს?! განა უარესები არ აუტანია ? აბა შეეკითხეთ, როგორ გრძნობ თავს ხომ არ გცივაო, მაშინვე სიმწრით გაიღიმებს, ხელს უდარდელად ჩაიქნევს და განუგეშებთ, იტყვის რას ამბობ, აბა ამას სიცივეს ეძახიო?!... ტანში ერთიანად აჟრჟოლებს, მაგრამ გული ახლა ისე აქვს გამთბარი, რომ სულ, რომ ყინული შემოვაკრათ გარშემო, წამში გაალღობს. დღეს მეტად ბედნიერი დღე გაუთენდა. ექვსი თვის უნახავი სიყვარული, ავლაბრის აღმართზე სულ შემთხვევით შემოეფეთა. განა ბედისწერა არ არისო, ფიქრობს ბიჭი, თვალებიდან არ ამოსდის ოქროსფერი, მხრებზე გადმოყრილი კულულები, რომ იხსენებს ისეთივე დაბნეულია, როგორიც იმ წამს იყო, როცა თებემ გვერდით ჩაუარა, ჩაუარა კიარა, თითქოს, ბიჭს ტუჩის კუთხიდან წამოსული მორცხვი ღიმილით, სხეულიდან სული ამოაცალა და თან გაიყოლა. თებე სოფელში ორი სახლის მოშორებით ცხოვრობდა, ყოველ საღამოს, მზე სანამ გადავიდოდა, გამოვიდოდა სახლიდან ჩითის კაბით, ხელში კალათით და მიდიოდა მამის საგზლით მინდვრებისკენ. შარაზე რომ ჩაივლიდა, ფანჯრის კუთხეებს მიაწყდებოდნენ ხოლმე უბნის ქალები, ბიჭები ღობესთან მიიტუზებოდნენ და სულ ძალით უმატებდნენ სიცილ-ხარხარს, იქნებ აქეთაც გამოიხედოსო, თებე არ იხედებოდა, მიდიოდა თავჩახრილი და კეფაზე ქონდა მიკრული ასი წყვილი თვალი. ბიჭმა ზუსტად იცოდა როდის გაივლიდა მინდვრისკენ, წამში გაჩნდებოდა ხოლმე გზაზე გადებულ თივის ზვინთან, ხან მალულად, ხან გამოსაჩენად, ზოგჯერ ხელში ჭრელ კონად შეკრულ ყვავილებსაც კი დაიჭერდა ხოლმე, არა, განა მიცემას გაბედავდა, იქვე უტოვებდა ხოლმე სადაც იდგა. ქალაქში წამოსულს, ერთი თუ რამეზე გული დაწყდა, თებე იყო. აიღებდა ხოლმე ნახშირს და ხან ასფალტზე, ხან ნაგლეჯ ფურცელზე ხატავდა თებეს კულულებს, მხატვარი არ იყო მაგრამ მთელი გრძნობით ხატავდა სანატრელ თმის ღერებს... ორ-სამ თვეში ერთხელ, თითო კვირით ბრუნდებოდა სოფელში, ხან ერთ სკამს იყიდიდა ხოლმე დურგალისგან, ხან ბაზარში გამოფენილი ჭურჭლიდან წააყოლებდა ხოლმე რამეს ხელს სახლისთვის. მის ოცნებებში ყოველთვის არსებობდა, მწვანე ბალახით და ყვავილებით მოფენილი ეზო, სადაც ასკილის ჩაის სურნელი იდგებოდა გვიან გაზაფხულზე. სახლში მომლოდინე ოქროსფერთმიანი და თეთრსახიანი ცოლი თებე, რომელიც ფრთხილად მოხდიდა სამუშაოდან დაბრუნებულ ბიჭს ქუდს და შუბლზე აკოცებდა. სოფელში ბოლო ორ ჩასვლაზე თებე აღარ დაენახა, კითხვითაც ვერავისთან გაბედავდა, მოეკითხა მისი დარდი. ზის ახლა, გულაჩქარებული, გახარებული და იხსენებს მათი შეხვედრის კადრებს, კბილები უკაწკაწებს უკვე სიცივისგან, მაგრამ ფიქრით სხვაგანაა, მის გულში სითბოა მოდებული ყველა კუნჭულს, მწვანე ეზოში ზის ასკილის ჩაის შეექცევა და ტყემლის კვირტებს უშტერებს თვალებს. ბრახუნის ხმა იყო. საწყობის მინები ისე დაზანზარდა, ცოტაც და დაბლა დაიფშვნებოდა მისხალ-მისხალ. ბიჭი გამოფხიზლდა, თვალები გაახილა და გაახსენდა სად იყო. ოთახში მისი ძმა და მეგობარი, გედია შემოსულა, ბიჭმა გაუღიმა და თვალებით ანიშნა ფეჩთან დაჯექიო. აქეთ-იქით აცეცებს თვალებს გედია, დაჯდომაც ვერ გაბედა, მივიდა და არეული ფიცრების დალაგება დაიწყო, ხმას არ იღებდა. - დღეს იცი ვინა ვნახე?-გულმა აღარ მოუთბინა ჩვენს ბიჭს ერეკლეს, ჯოხი ხელში აიღო და ფეჩის კარი გამოაღო, ნაღვერდლებს დაუწყო თამაში. - ვინა? - ძლივს ამოილუღლუღა გედიამ, ისეთი ხმა ქონდა, თითქოს უკვე მოსული, კარს მომდგარი განსაცდელი უწყისო. - თებე. სიჩუმე ჩამოვარდა საწყობის ოთახში. მერე დაიწყო ერეკლემ მოყოლა, რა და როგორ იყო. ვერ უგდებდა ყურს გედია, ფიქრებით სხვაგან იყო, გვიანღა შეამჩნია გახარებულმა ძმობილმა მისი დარდი, მივიდა მხარზე ხელი დაადო და კითხა; - რასაა რომ არ ამბობ, რა გიჭირს გედი? თვალები დაბლა წაიღო ბიჭმა, რამდენიმე წამიც და წაილუღლუღა -გათხოვდა -ვინა ბიჭო? მარიტა?- თვალები აემღვრა ერეკლეს, იფიქრა ვაითუ ჩემს ძმას ბავშვობის სიყვარული გაუფრინდაო. -თებე- ჩაიჩურჩულა გედიამ და თავზარი დაეცა იქაურობას ამ ოთხი ბგერით... -ქალაქელ კნიაზს გააყოლეს, სამზითვოდ ავლაბრის ბაზარში დაატარებდა დედამისი, გათხოვდა ძმაო ჩემო, გათხოვდა... - თქვა და გაჩუმდა. ისხდნენ ასე გათენებამდე, თავი ჩარგული ქონდა ერეკლეს ხელებში, იშვიათად თუ ამოწევდა სახეს, ჰაერი რომ ღრმად ჩაეშვა ფილტვებში. მივიდა მერე ახლოს გედია, ხელში ჭაჭის ბოთლი მიაწოდა, ცოტა კი უშველა მძიმე ფიქრებს.. მერე გათენდა, წამოდგა ბიჭი, დასიებულ თვალებზე წყალი შეისხა, გავიდა გარეთ, ჩაიცვა ფქვილიანი მოსასხამი და ტომარების ზიდვა დაიწყო. ტომარა მძიმე იყო მაგრამ, ის ცრემლი უფრო ემძიმებოდა თვალსა და წამწამს შორის რომ გაჭედილიყო და გადმოსვლას აღარ ლამობდა. ოქროსფერი სამყარო გაშავთეთრდა, სიცივემ ისევ შემოუარა ჯერ ძონძებს და მერე მის ძვლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი