* შენც გაიზრდები


შენც გაიზრდები დიდი,
ცა კვლავ დარჩება შორი,
დაიკეცება ხიდი,
დიდს და პატარას შორის.

სიცელქის ხშირი დრამა
გადმოინაცვლებს ქალში,
და ხელს ჩაგკიდებს მამა
შეგიყვანს უფლის სახლში.

გეცმება კაბა გრძელი,
ოღონდ დედოფლის, თეთრი,
სვეტიცხოველის ძელი,
გამობრწყინდება მკვეთრი.

შეგეგებება სანდოდ,
წინ საქმრო ოქრომკერდით,
და მამა შენს ხელს ანდობს,
ეტყვის: - დაურჩი გვერდით!

გაწყვეტ ცრემლების ასხმას,
როგორც უცნაურ ზღუდეს,
გირჩევს გრძნობების თავსხმა,
მშობლის დატოვო ბუდე.

მოდის ვნებების ჯარი,
დაგრჩა ნაბიჯი ერთი;
მორჩა, დაგწერეს ჯვარი!
გვირგვინს გიკურთხებს ღმერთი.

შენ აღარ გქვია ბავშვი!
- ყურში ჩაგძახებს დედა,
და უკვე ქმარის სახლში,
ღამის გათევას ბედავ.

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი