* ი ც ი


იცი?! გაქრება ეს წუთები და დავმძიმდები...
ავედევნები გადაფრენილ მერცხლებს, რომლებსაც
გაზაფხულამდე დაბრუნება არ უწერიათ!
არ უწერიათ აღდგინება ბებერ ოდებსაც!
აკივლდებიან ქარში სულნი, ვერ დავმშვიდდები...
შემოიძარცვავს ნელთბილ სხივებს მზე დაღარული,
გამეცლებიან აწ ფოთლებიც და დავფიქრდები
ახლა ვინახარ?! სიძულვილი თუ სიყვარული?!
მერე ქარებიც ჩადგებიან, სევდა აღძრული
მძაფრი ავდარი აატირებს ღრუბლებს ბოდვათა,
ცას დანებდება ნოემბერი როგორც ქალწული,
და შეიქმნება ჰარმონია ნეტარ ცოდვათა...
გაფითრდებიან მწვერვალები მეტად მაღალნი,
ჩამოიშლება თეთრი თოვლი ნაზი ამბორით,
ოჰ, ვერასოდეს დავუბრუნებ პასუხს კოცნათა,
რადგან გადნება მოვარდნილი ვნების ალმური.
დამეზოგება ალბათ კოცნა მილიონამდე...
და სათითაოდ შეგინახავ განსაკურნებლად.
ვიცი, გაივლის ყველაფერი შავ-თეთრ ფონამდე,
დროს ვერ მოვნახავ წვრილმანების დასაწუნებლად.
წელში გატეხავს სიმარტოვეს ჩემში სტრავინსკი,
აიკინძება თეთრი ღამე ფიქრის კონებად,
გავითოშები, შინ შევიხმობ მუზებს და ვისკით
გაგაფერადებ არსებობის გასაფორმებლად.
ვეღარ დაგიცდი! ავღელდები როგორც ზევსი და
კუდში გრძნობები ამურივით ამედევნება,
შემიფარებენ ბეღურები ფრთებქვეშ, მკერდში და
ზედ გამოისხამს სიმყუდროვე ქუჩებს მტევნებად.
ისევ დავიჭერ სადა ფურცელს ხელში მორჩილად,
და შემოჩენილ სადა კალამს მელნით  შევავსებ,
დავწერ! რას დავწერ?! გიპასუხებ ჩემო მოჭრილად -
რომ ეს იქნება აპოგეა შენზე მეასე! 
რომ ეს იქნება პრელუდია! დროის სონეტი!
სხვა ქარიზმათა სივრცეები გაფითრდებიან...
ავედევნები დაბრუნებულ მერცხლებს,რომლებიც 
შემოდგომაზე უსათუოდ გაფრინდებიან...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი