* სხვა ვინ დაგიწერს ლექსებს


სხვა ვინ დაგიწერს ლექსებს,
შენი პოეტი მე ვარ,
გახსოვდეს! როცა მეძებ,
ყველაზე უფრო მძლევარ.

ისე მღელვარედ გიცქერ,
თითქოს ვტივტივებ ცრემლში,
არადა გულში მიძგერ
როგორც ვულკანი ცეცხლში.

მინდა წაგლეკო ვნებით
და გაზიარო ზეცა,
ძალა შთამბერე გრძნებით!
წუხელ ქალღმერთი მეცვა...

მკერდზე მებნია კოცნა
შენი სურვილისფერით,
დრომ არჩევანი მსტყორცნა,
შემოგეხვიე მზერით;

და დამავიწყდა ყველა,
მხოლოდ შენ დამრჩი რულში,
ვგრძნობ ამ სამყაროსხელა
სიყვარულია გულში.

რადგან მზეცახარ ჩემთვის,
მთვარეც, წყაროზე წმინდავ,
და რაც სიტყვებით ვერ ვთქვი,
ლექსით გიამბო მინდა.

სულში სათუთად გიტევ,
შანდალზე სანთლად ვდნები,
ცეცხლი ალისფრად მიტევს,
შენს მაგიდაზე ვკვდები...

შენსვე ფურცელზე ვწვეთავ,
თეთრი ცრემლებით გავსებ,
და პოეზიას ვკვეთავ,
და გეფერები ასე.

მუზა ღრუბლების მესერს
სწყდება, მეცემა, მშვენის,
სხვა ვინ დაგიწერს ლექსებს,
მე ვარ პოეტი შენი.

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი