* არადა


მზე სულ ერთია! სულერთია ვინ რასაც ამბობს,
სულს გავაშიშვლებ, დამირწიე გულის აკვანი,
პოეტად მოველ! დავწერ იმას დრო რასაც მანდობს,
შემოვიმსხვრიე ჩაკეტილის ბნელი საკანი.

გრძნობებს ვაშიშვლებ, თამამი ვარ როცა ვნებდები,
როცა მნებდება მუზა - კალმის მრუში მელანი,
გგონია, მარტივ ცხოვრებას ვდევ?! ნუ შეეცდები!
გაფანტო ჩემში ქარიზმები და კაეშანი.

ვივიწყებ თავსაც, არ იფიქრო განდეგვა შემშლის,
რა ვქნა, მჩვევია უჩინარი მე მარტვილობა.
ეს მიწა მიყვარს! ყველაფერი - რაც ქვეყნად შენც გშლის,
მაგრამ უფრორე მირჩევნია ცის მარტივობა.

ფრთები დაგაფრთხობს?! ვერ მომკვეცავ! დროდადრო ვაჩენ,
იდუმალებით მოცული ვარ, როგორც მისტიკა,
ნეტავ, რას ფიქრობ?! თვალებში რომ სიმშვიდეს მამჩნევ,
გგონია, მხოლოდ მზერაშია ჩემი ლირიკა?!

ცდები! იცოდე, ყველაფერი ჩემშია თითქმის,
ღმერთიც, დემონიც, ერთდროულად ყველა უფლება,
პოეტად მოველ! ეს რატომღაც იოლად ითქმის,
არადა, ლექსით მოვიპოვე თავისუფლება!

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი