* მ ო გ ი ს წ რ ე ბ ე ნ


- გამარჯობა მანონი დეიდა, როგორ ბრძანდებით?
- ღმერთმა გაგიმარჯოს. რომელი ხარ შვილო? ბოდიში ვერ შეგიცანი.
- ერმილეს გოგო ვარ, ერმილესი.
- უი, შენ გენაცვალე. როგორ გამხდარხარ. ჩამოხვედი სოფელში? მამაშენი ხო კარგადაა? ბავშვები? 
- კი, კი მანონი დეიდა კარგად არიან ყველანი. გაიხარე. ახალი მაცივარი ჩამოვუტანე მამაჩემს და ტუჩებს თავს ვეღარ უყრის სიხარულით. ღვინოს ჩავაციებო...
- უიმეე, არ ეშვება სმას ხო?! უთხარი მანონიმ შემოგითვალა სიბერეში მაინც უღალატე მაგ ოხერტიალსთქო, ამოდენა ერთგულება სადღა შეგიძლია კაცო დაისვენეთქო.
- ჰაჰ, ვეტყვი დედო ვეტყვი... ისა და ჯანმრთელობა როგორ გაქვს?
- სადღაა ჯანმრთელობა შვილო. მაღალი წნევები შემომეჩვია. ფეხები მაწუხებს,  მიბუჟდება. მარილებმა ძვლები გამიმწარა, ოთხად მომკეცა. ცოტახანში ამ მიწასაც მოვწყინდები ეს კუზიანი დედაბერი და გადამეყრება გულზე... 
- კარგი რა დედო, ნუ იცი ხოლმე მიწამდე ჩაყოლა. შენ ის მითხარი ნუნუა რაშვება?
- ნუნუა თვეზე მეტია უკვე გერმანიაში გავაცილე მეუღლესთან. ბავშვებიც თან წაიყვანა. ალბათ რამოდენიმე წელი იქ დარჩებიან. კარგად აეწყო მალხაზი. გამიმართლა, ყოჩაღი სიძე მყავს. ენაცვალოს ჩემი თავი. მაგათზე რომ ვფიქრობ გულზე ჯავრი აღარ მეკიდება.
- ღმერთმა ხელი მოუმართოთ. გამიხარდა. კარგი გოგოც გყავს და მიხედავენ კიდეც ერთმანეთს. დავითი ხომ კარგად მყავს, არ ენატრება აქაურობა? შემოდგომაზე სკოლის დამთავრების 20 წლისთავის აღნიშვნას ვაპირებთ კლასელები, ჰოდა, უმაგისობა არ იქნება რომ იცოდე! ზაფხულზე ჩამოსვლას ხომ არ აპირებს?
- არვიცი. ალბათ წელსაც ვერ მოახერხებს ჩამოსვლას. ისეთი სამსახური აქვს შვილო, რომ ერთი წუთით მოცლა არა აქვს. ღამეებს ათენებს თურმე. ადვილი საქმე კიარაა, ჯანმრთელობას ანგრევს უძილობა. ჯერ ახალგაზრდაა და უძლებს, მაგრამ მერე რა იქნება?! მაგას ენაცვალოს დედა.
- იქნება, იქნება სიკეთე, არ იჯავრო. ფულს ხომ გიგზავნის?
- ეჰ, ფული ხომ არ არის ყველაფერი. 10 წელია ფეხი არ დაუდგამს კერაზე. გაცივდა სახლი...მეც აღარ შემიძლია უკვე, ჯანი გამიტყდა. სიმარტოვე ავი სენი ყოფილა...ზოგჯერ მეშინია კიდეც მარტო სიკვდილის...
- კარგი რა, მანონი დეიდა რა დროს სიკვდილია; ყველანი აქა ვართ. გადმოვალ ხოლმე შენთან, ზაფხული მოდის და აქეთ ვიქნები. მამაჩემს უნდა ვუმკურნალო. ვერაააქვს ღვიძლის საქმე რიგზე...
- მიხედე, მიხედე. გოგოც შენ ხარ მისი და ბიჭიც. კაი შვილი ხარ, კაი! მაგრამ დავითი მეჯავრება ძან. ჩემს თავს აღარ დავეძებ, მეშინია უშვილძიროდ არ დამირჩეს ამოდენა ვაჟკაცი. ძნელია მარტოკაცის ცხოვრება. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და სახლსაც ხომ უნდა პატრონი?!
- ნუ ღელავ. დავითი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც წესი და რიგია. ჩამოვა ამერიკიდან, ცოლიც ეყოლება და შვილიც. შენც მოესწრები ამას და სიცოცხლე შეგემატება.
- ვითომ?! ზოგჯერ მგონია აღარ ჩამოვა. იმდენად დიდი დრო გავიდა უკვე, სიზმარშიც ვეღარ ვხედავ... ვერც კი ვიგონებ გარკვევით მის სახეს, ჭაობისფერ თვალებს... გულისტკივილამდე მენატრება ჩემი ბიჭი...
- გაუძელ დედო! გაუძლო უნდა... შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ამ დარდით. ახლა სხვა დროა სხვა! ყველა მიდის. მაგრამ მერე მოდიან ისევ! ასე არაა ახალგაზრდების ამბავი?!
- რავიცი... მოვლენ კი ოდესმე? მომისწრებეენ?
- მოგისწრებენ, უსიკვდილოდ მოგისწრებენ! მთავარია, ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ და სულერთია სად იქნებიან. დედამიწა პატარაა რომ იცოდე! ეს დედის გულია დიდი, სადაც დედაშვილობის განუზომელი სიყვარული ეტევა...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი