* სილამაზის ზვარაკი


ამბობდნენ, რომ ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. პატრონი და მომკითხავი არავინ ჰყავსო, რომც ჰყავდეს მიატოვებდა ასეთი ყოფა-ცხოვრების გამოო. გარიჟრაჟიდან შუღამემდე ჩანთაგადაკიდებული ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა ფერად-ფერადი ფრიალა კაბებით და ტანში ვნების ცეცხლს უჩაღებდა მამრებს. მოხდენილად სავსეს, თმა შავი, გრძელი და ხვეული ჰქონდა, მუდმივად პატარა წითელი ვარდით სანახევროდ ჩაბნეული. ამიტომაც შეარქვეს ზედმეტსახელად ,,ვარდხუჭუჭა". მთელს დუნიაზე მასავით ლამაზი ქალი ალბათ არც მოიძებნებოდა. ქუჩაში რომ გაივლიდა, ქალებიც კი ჩერდებოდნენ და აღფრთოვანების, გაოცების, შურის, ცინიზმის, ზიზღის, სიძულვილის, ერთდოულად ყველაფრის თვალს გააყოლებდნენ; ზოგიერთი მიაწყევლიდა კიდეც. განსაკუთრებულად, ერთი დღე შემომრჩა მეხსიერებაში აგვისტოს გაუსაძლისად გვალვიანი თვისგან. ისე ცხელოდა, ყველა ერიდებოდა ქუჩაში ყოფნას და სახლის ჩრდილებში აფარებდნენ თავს. ერთი სიტყვით, რაღაც გადაუდებლად აუცილებელ საქმეზე თუ გაბედავდა ადამიანი გარეთ გამოსვლას. მატარებლის სადგურზე ვიდექი და მამის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდი. ორი წელიწადი არ მენახა. საშინლად მწყუროდა და ბოლოს სიცხისგან გამომშრალი და ღონემიხდილი შიშველ მიწაზე დავვარდი. სწორედ ამ დროს ჩამოიარა ,,მან". კოჭებამდე დაშვებული გრძელი, ,,შიფონის" წითელი კაბითა და თმების წელამდე ღელვით. ქოლგაც კი წითელი დაეჭირა მზის დასაბურად. მარტო იყო. შემნიშნა თუ არა, მომეჭრა. ჩანთიდან პატარა გაბანტული მათარა ამოიღო და წყლით მომასულიერა. სიცოცხლე დაბრუნებულმა მადლიერად ავხედე და მის ღრმა თვალებში ჩავრჩი - იმოდენა დარდი ეღვრებოდა მზერის მოშორება ღალატის ტოლფასად მივიჩნიე. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ლამაზად ჩაცმა და გარეგნულად უბადლო მონაცემები სრულებით არ ნიშნავს შინაგან კარგათყოფნას. რომ ღიმილი ზოგჯერ ტკივილს მალავს, საჭირო ნიღაბია და ბედნიერება სულაც არ არის ზედაპირული. ის ყველაზე უფრო სიღრმისეულია იმათ შორის რაც კი ოდესმე უფსკრულიდან მზის სინათლეზე აღმოცენებულა.  ვგრძნობდი სხეულში სული ეწვოდა და გული ორგანულად ტკიოდა...ძლივს მოვიკრიბე გამბედაობა ამ მოხდენილად სევდიანი ქალისთვის სიტყვა ,,მადლობა" მეთქვა. კიდევ ვაპირებდი სხვა სამადლობელი სიტყვებიც მიმეყოლებინა, მაგრამ ტუჩებზე ნაზი, ვარდისსურნელოვანი თითების მოტანით გამაჩუმა და თითქმის ჩურჩულით აღსარებასავით მითხრა - შევცდი! თავს გაუფრთხილდი!დედამიწაზე მხოლოდ სიყვარული ეძებე! 
სიტყვები კი არა, სრულიად ნაღველი ამოაყოლა ცრემლს რომელიც მაშინვე ნიაღვარივით წასკდა. ადგა და წავიდა. მას შემდეგ წავიდა და წავიდა. აღარავის უნახავს. ზოგნი ამბობდნენ ერთ-ერთმა საყვარელმა მოკლა და დამარხაო. ზოგნიც ჭკუიდან შეიშალა და მდინარეში თავი დაიხრჩოო. მრავალი ვერსია შეითხზა. გვამს კი ვერსად პოულობდნენ. სიმართლეც არავინ იცოდა. ზოგიერთნი იმაზეც ალაპარაკდნენ - დავისვენეთ, ოჯახებს გვიოხრებდაო. 
მე... მე კი კარგახანს სიზმრად ვხედავდი. კვლავინდებურად წითელი კაბით, წითელივე ქოლგით ხელში მიახლოვდებოდა ისეთივე მოხდენილი და სავსე, ისეთივე თმახუჭუჭა და ვარდჩაბნეული. მოვიდოდა, მომასულიერებდა, იტირებდა უსიყვარულობაზე გულდაწყვეტილი და შემდეგ წავიდოდა...
მართლაც და ფუტკარივით დახვეული მამაკაცებიდან, ერთიც კი არ მოიძებნებოდა ისეთი ვისაც ამ ქალის სიყვარულის ტარება შეეძლო, არადა ყველანი ქედს იხრიდნენ მისი სილამაზის წინაშე...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი