* სიყვარულის დეჰიდრატაცია


- ეჰ, ჩემო ძვირფასო, მთელი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი ადამიანებს შევყვარებოდი. საამისოდ მრავალი სირთულე გადამილახავს. ხშირად პირადი საქმე სხვისი საქმით ჩამინაცვლებია.

- დაგრჩა ვინმე მადლიერი?

- ალბათ კი. ყოველშემთხვევაში გულის სიღრმეში მინდა ასე მჯეროდეს. მაგრამ უფალი ხომ მაინც დამრჩებოდა კმაყოფილი?! ჩემთვის ის არის მიღწევა დავრჩე ადამიანად. 
კარგი საქმის კეთებას ერთი უცნაურობა ახასიათებს - პირველ რიგში მადლიერებით აქეთ გევსება გული. ეს კი იმოდენა სიხარულია, როგორც მაგალითად, ლოცვის დროს წარმოშობილი ცრემლები, როცა იცი რომ გულწრფელია... ვცდილობდი, ყოველთვის ვცდილობდი არავის გავწყრომოდი და არავისთვის მეპასუხა საპირწონედ, თუნდაც სამართლიანად. რადგან მიმაჩნია, რომ ზოგადად სამართლიანობა გამორიცხავს ყოველგვარ უხეშ ჩარევას. ჩემში მუდმივად ვზღუდავდი უარყოფითი დამოკიდებულების ოდნავ მცდელობასაც კი. სამაგიეროდ არასოდეს მომიზომავს სითბო ღიმილში, საუბარში, საკეთილო საქმეში. ყოველთვის უხვად ვარიგებდი და ვარიგებ მას შეუძლებლობის ზღვრამდე. ვერ წარმომიდგენია ადამიანები გიყვარდეს და პარალელურად მათთვის არამც თუ საწინააღმდეგო ქმედება, უბრალოდ ტკივილის მისაყენებლი ფიქრიც კი გაიელვო თავში.

- ამასობაში იქეთ გვაყენებენ დარტყმას და კარგაგვარიანად გვაწყენინებენ კიდეც... ხანდახან აზრზე მოსვლა სიზმრიდან გამოფხიზლების ტოლფასი უნდა იყოს...

- ან მეტეორის დაცემის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცნობიერებ, რომ ,,ის" სინამდვილეში ,,ის" არ ყოფილა ვინც პროლოგში წარმოიდგინე, ან ,,ის" არ იყო მაგრამ სამაგიეროდ ,,ის" იყო, ან კიდევ უფრო უარესი, იმაზე უფრო ,,ის" აღმოჩნდა ვიდრე ,,ის" არის. 

- ვერ გაიგებ ვინ ვინარის...

- არც გირჩევ და არც გჭირდება. ყველას თავისი ნიღაბი აქვს მორგებული. ნეტავ, ამ ნიღაბით ზიანს არ აყენებდნენ ერთმანეთს, თორემ დანარჩენის ატანა შეიძლება.... ცხოვრება სხვადასხვა შინაარსის ადამიანებს გვახვედრებს გზადაგზა და ასევე სხვადასხვანაირი სიმძიმისაა თითოეულის მიერ მოყენებული პირდაპირი თუ ირიბი დარტყმა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ვალდებულება არ გვეკისრება ინდივიდუალურადვე თანაბარი სიმძიმით გადავიხადოთ საპასუხო და მივაგოთ კეისარს კეისრისა. 

- თუმცა საჭიროა. ყველა კარს თავისი გასაღები აქვსო ხომ გსმენია?! თუ მგელი შეჭმას გიპირებს ტყვიით უნდა განგმირო, სხვანაირად მსხვერპლი შენ იქნები. სხვა შემთხვევაში უნდა გიღირდეს მაშინ, მარცხი გმირობის სასწორი უნდა იყოს.

-  გასაღების შემთხვევა შეიძლება გამოვიყენოთ ისევე როგორც სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების წარმომადგენელს მაგალითად ერთ ენაზე ვერ გავესაუბრებით, თუმცა ამჟამად ესეც მიღწევადია. აი, მგელის მოცემულობას კი რადიკალურად განსხვავებულად ვხედავ. მგელი მგელია და მის გენს ,,თავდასხმა" ჰქვია. ადამიანთან, რომელსაც საკუთარი ქცევის გაკონტროლება შეუძლია სახელმძღვანელოდ არ გამოდგება. ჩვენ მგლური კიარა, ადამიანური ურთიერთობის გზა უნდა მოვნახოთ. ისმის კითხვა: რატომ მიიწევს ზოგიერთი ადამიანის გული  ბოროტებისკენ?!

- ძალიან მარტივად - ბოროტია და ამიტომ.

- არა! თავდაპირველად ბოროტი არავინაა. ყოველი ჩვენთაგანი ოდესღაც ბავშვები ვიყავით და შენც ხომ იცი რომ ყველა ბავშვი უცოდველი და უმანკო იბადება; უფრო მეტიც ისინი დედამიწის უფრთო ანგელოზები არიან! შემდეგში ზრდასთან ერთად ვიძენთ სხვადასხვა თვისებებს. ხოლო იმას ვისაც სითბო და სიყვარული დააკლდება გული უცივდება და მისდაუნებურად იწყებს არაჯანსაღ ურთიერთობებს, რასაც თანამგზავრივით მოჰყვება გარშემომყოფებისთვის ზიანის მიყენების სურვილიც. ჩვენ კი ამ ყველაფერს ბ ო რ ო ტ ე ბ ი ს სახელს ვარქმევთ. ამასობაში გვავიწყდება რომ სითბოს გამოხატვა ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი სიამოვნებას გვრის.

- ვითომ?! საეჭვოდ ჟღერს. ბოროტებაც არის და ბოროტებაც. როდესაც ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობამდე და მსხვერპლამდე დადის საკითხი, აქ სულერთია უკვე მკვლელის პოტენციურობის ხარისხი, ორივეგან კაცი სულით მკვლელია და მას სითბო ვეღარ უშველის, გახრწნილი გვამია თავადაც, რომელიც სხვასაც ახრჩოლებს...

- ყველაფერი ბოროტებაა რაც არაჰუმანურია. რადგან ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა ყოველთვის ტოლერანტული უნდა იყოს მაგრამ არა უზნეო! მაგრამ არა ყველაფრისადმი შემწყნარებელი!
ვისაც სიყვარული აქვს გულში ჩათვალე
ყველაზე ნოყიერი საზრდო გააჩნია სულისთვის და ბოროტება უბრალოდ აღარ ესაჭიროება.

- ჩვენ კი უნდა ვეცადოთ ბოროტებას სიყვარული დავახვედროთ, არა?! გამაცინე... რა აზრი აქვს, ვერ გაიგებს მაინც. ბოროტებით თვალდაბრმავებულს არაფერი ეშველება!

- არც უმაგისობაა, მაგრამ თუ დიდ ზრუნვასა და შრომას ჩავდებთ უწყლობით ჩამომჭკნარი მცენარეც შეგვიძლია გამოვაცოცხლოთ, მთავარია ფესვი არ ჰქონდეს გაფუჭებული. ადამიანებზეც ასეა. ბოროტებას ბოროტებითვე რომ ვუპასუხოთ ეს იგივე იქნება ჩამომჭკნარ მცენარეს დავასხათ ადუღებული წყალი და ჯანსაღად შერჩენილი ფესვიც გახმობის გზას გავუყენოთ. შეიძლება ვინმემ ჩვენს საწინააღმდეგოდ გულისტკივილის, დამცირების, წყენის და სხვადასხვა სიძულვილის ცეცხლი დაანთოს მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცეცხლს ცეცხლითვე ვერ ჩავაქრობთ. პირიქით უფრო გავაძლიერებთ მას და შეიძლება ყველაფერი ნაცრად გვექცეს.
საჭიროა მოთმინება, ადამიანური მიდგომა და მეტი სიყვარულის გაცემა.

- არ იქნება ქმედითი, არ იმუშავებს, რადგან აღნიშნული გონებაში უკვე შეხორცებული მსოფლმხედველობის ცვლილებისკენ გვიბიძგებს რაც ხანგრძლივ დროსა და ენერგიას საჭიროებს. განა ყველას აღმოაჩნდება საამისო ნერვები. ან თუ ამწუთიერ ცხოვრებას სხვების გამოსასწორებლად გავხარჯავთ პირადი ცხოვრებით როდისღა დავტკბეთ? შეიძლება დამჭკნარ მცენარეს ფესვიც გამხმარი აქვს და აზრი?! ასე იოლი როდია გიყვარდეს უკეთური ადამიანი... პირიქით, მისდამი სიძულვილს თავისუფლად შეიძლება გამართლებაც მოეძებნოს...

- არა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. თუ ერთმა, ორმა ან სამჯერადმა მცდელობამ არ გასჭრა ჩვენთვისვე აჯობებს დავტოვოთ ისინი იქ სადაც არიან, რათა ბოლოსდაბოლოს შეიძლება თავადაც გაგვიტყდეს მოთმინების ფიალა და გადავვარდეთ უკეთურებაში. ეს კი არ უნდა დავუშვათ! სიძულვილი არ უნდა დავუშვათ გესმის?! თუ ვინმე შეგძულდა გამოდის რომ მოგრევია ბოროტება და ჩაუთრევიხარ თავის მორევში. არასოდეს დაეცე ასე თორემ შეიძლება ვეღარასდროს ამოყვინთო...
შენი თავი უნდა შეიყვარო უპირველესად, დარჩე ადამიანად, რომელიც ღამეს არ გაყვება და სიბნელიდან გამობრწყინდება თავისი სულიერი სინათლით! სიყვარული ხომ უზენაესი უფლისტოლა გრძნობაა გრძნობათა შორის, თავად უფალია, რომლის წინაშე სრულიად სამყარო დუმს და თუ რომელიმე სულიერთაგანს სიყვარული ვერ აკეთილშობილებს მაშინ იმ სულიერის საქმე წასულია... აჯობებს გავუშვათ ასეთი ადამიანები თავიანთ გზაზე და საგზლად სიბრალული გავატანოთ...

- სამწუხაროდ ასეც ხდება ჩვეულებრივ - ზოგი ერთგული გვრჩება, ზოგიც სამუდამოდ მიდის ჩვენგან. თითოეული მათგანი კი რაღაც ახალს გვასწავლის სიყვარულიდან დაწყებული სიძულვილით დამთავრებული. ჩვენი გულები საშრობებივითაა - მაქსიმალურად ისრუტავს ყველაფერს რასაც გვთავაზობს მრავალფეროვანი ურთიერთობები და ამ ურთიერთობებით გამოწვეული გარემოებები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში  სულის დაბინძურებით გვემუქრებიან.

-  ასეთები ვართ ადამიანები: ბევრჯერ ვღალატობთ, ვლანძღავთ, ვტკენთ ერთმანეთს გულს... იშვიათად თუ ვიყვარებთ ერთიმეორეს. სამაგიეროდ, ეს იშვიათი მოვლენა აბათილებს შემდეგ ყველაფერს ერთადაღებულს. იმოდენა ძალა აქვს სიყვარულს, მისი ერთი თესლიც კი საკმარისია მინდორი მხოლოდ სარეველა ბალახების აღარ იყოს!!! 
არავისზე არ უნდა დაგვწყდეს გული! წამსვლელი უნდა წავიდეს, მომსვლელი უნდა მოვიდეს. ნაძალადევი არაფერია ნამდვილი! ამ დროთა მსვლელობაში კი უნდა ვეცადოთ ერთგული დავრჩეთ უპირველესად საკუთარი თავისა და დავავალდებულოთ ის მყარად შეხვდეს ნებისმიერ ცვლილებას. ხანდახან სხვებისგან ჩვენთვის გამომეტებული ტკივილის ასაცილებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია, გული გავყინოთ იქამდე მაინც ვიდრე ვინმე მართლა ღვთისნიერი მზესავით არ გაგვილღობს მას... მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო! მართალია ყინულმა ყვავილი პირვანდელი ფორმით შემოინახა, მაგრამ სასიცოცხლო ღირებულება დაუკარგა მას - ხელმეორედ ვეღარ აყვავდა. ისეც ნუ ვიზამთ გაყინული გული ბოლოს გული აღარ იყოს...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი