* ფსიქოლოგიური კონფლიქტი


სამყაროში, სადაც ერთდროულად არსებობს სიკეთე და ბოროტება, დადებითი და უარყოფითი, სიყვარული და სიძულვილი, რთულია, საკუთარი თავი ყოველთვის გადაწონო კარგისკენ. ამიტომ მუდმივად მიმდინარეობს შინაგანი მეს კონფლიქტი, შემდეგ კი დანარჩენი სამყაროსი. არადა, სინამდვილეში ადამიანის გულს სწორედ სიკეთე და სიყვარული სწყურია. ერთი შეხედვით, რა უფერულია წყალი, რომელიც ბუნების სხვა ფერებს ახასხასებს. მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თუ იქნები მუდმივად კეთილი, სულს აუცილებლად დაგიზიანებს უარყოფითი გარემო, სოციუმი, რომელიც დღითი-დღე აგრესიულ ფაზაში გადადის მომეტებული მგრძნობელობის, ჰიპერაქტიულობის გამო. ამას ემატება მანკიერი მოცემულობა იმისა, რომ სიმშვიდეს, სიკეთესა და კონსენსუსის უნარს რატომღაც სიშტერედ გითვლიან ხოლმე და არა ადამიანური ჰუმანიზმის უმაღლეს გამოვლინებად. ამის გამო, ეიოლებათ კიდეც გადაბიჯება. უდაოა, ბოროტება მეტად ჭარბობს მსოფლიოში, ვიდრე სიკეთე, მაგრამ თუნდაც მსუბუქი კოლაბორაციისთვის, მნიშვნელოვანია თავდაცვა მსგავსი დესტრუქციისგან. თავდაცვა - ოქროს შუალედის პოვნაა, როგორც გვირაბის ბოლოს სინათლისა; თუმცა, რთულად ხელმისაწვდომი. მეტადრე, იგი რატომღაც ჯერ კიდევ გარეულ თეორიად რჩება, რომელსაც მოშინაურება სჭირდება და სამწუხაროდ, ,,ოქროს კვეთის" პრინციპით, მხოლოდ ალგებრული განტოლების ამოხსნამდე დაიყვანება. ოქროს შუალედის პრაქტიკული ამოქმედება, საკუთარი თავის აბსოლუტურ განკარგვას მოითხოვს, რაც თითოეული ემოციის გაკონტროლებას ეფუძნება. განა, ასე მარტივია, ყოველთვის დოგმებში მოვაქციოთ გრძნობები და იმპერატიულად გავემიჯნოთ აფექტის მდგომარეობას?! ბოლოსდაბოლოს ცოცხალი არსებები ვართ!!! უფრო მეტიც, ოქროს შუალედი, ფსიქოლოგის დონალდ ჰამაჩეკის - ჯანმრთელ პერფექციონიზმამდე დადის.  რაც, ალეგორიულად რომ ავსახოთ - მდინარის სწრაფი დინებაა, რომელსაც თევზები ვერ ეწევიან!!! მიზეზი, აღნიშნულისა უსიყვარულობაა - კაცთა მოდგმაში ფეხმოკიდებული ვანდალიზმი. ერთეულებს თუ ძალუძს თავი დააღწიოს სიძულვილით აღელვებულ ზღვას. გამოსავალი იყო, არის და იქნება ის, რომ პრინციპულად დავრჩეთ გულწრფელები! ვიყოთ ისინი ვინც სინამდვილეში ვართ და ვაკეთოთ ის, რაც ეგოისტურად არამხოლოდ ჩვენ მოგვიტანს სიკეთეს, არამედ სხვასაც!

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი